ახლო აღმოსავლეთში წარმოებულმა სამხედრო მოქმედებებმა ბაზარზე მნიშვნელოვანი რყევები გამოიწვია.
ბრენტის ტიპის ნავთობის ფასმა მხოლოდ 3-დღიან ჭრილში, საშუალოდ, 30%-ით იმატა, ბარელზე 100 აშშ დოლარს გადააჭარბა და ბოლო 14 წლის განმავლობაში დაფიქსირებულ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.
ექსპერტების თქმით, მსგავსი შოკი კრიტიკულად აუცილებელი ნედლეულის სექტორს 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში მოსკოვის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც არ განუცდია.
ამჟამად განსხვავებული ვითარების მიზეზი მეტწილად არის ირანის ქმედებები - მიიტანოს იერიშები სპარსეთის ყურის სახელმწიფოებში მდებარე რაც შეიძლება მეტ ნავთობგადამამუშავებელ ობიექტსა თუ საცავზე. ერთ-ერთი ასეთი თავდასხმა თეირანმა განახორციელა ბაჰრეინზე.
შექმნილი მდგომარეობის გამო, 9 მარტს სამეფო ქვეყნის ნავთობკომპანიამ ტვირთების გადაზიდვაზე ფორსმაჟორული მდგომარეობა გამოაცხადა.
ექსპერტები შიშობენ, რომ თეირანი ამ ფორმით ცდილობს, სათავისოდ გამოიყენოს მდგომარეობა და ნავთობსექტორზე არსებული ვითარება ომში შანტაჟის მექანიზმად აქციოს.
ფასების მკვეთრი მატება დაკავშირებულია ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვასთანაც - ეს საზღვაო მარშრუტი სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან მსოფლიო ნავთობის 20%-ზე მეტის, ანუ დაახლოებით 15 მილიონი ბარელის, ასევე გათხევადებული გაზის (LPG) ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.
მსოფლიო ლიდერები და კონკრეტული სახელმწიფოები ახლა ფიქრობენ, როგორ გაუმკლავდნენ არსებულ მდგომარეობას და რა ფორმით მოაქციონ ომისგან გამოწვეული ეკონომიკური შოკი სტაბილურ პარამეტრებში, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ უცნობია, რამდენხანს გასტანს ახლო აღმოსავლეთში სამხედრო დაპირისპირება და რამდენად გამწვავდება ის.
დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ ეს არის მოკლევადიანი რყევები:
„ნავთობის მოკლევადიანი ფასები, რომლებიც სწრაფად დაეცემა ირანის ბირთვული საფრთხის განადგურების შემდეგ, ძალიან მცირე ფასია აშშ-სთვის, მსოფლიოსთვის, უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის. მხოლოდ სულელები თუ იფიქრებდნენ სხვაგვარად!“ - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა Truth Social-ზე.
პარალელურად, „დიდი შვიდეულის“ (G7) ქვეყნების ფინანსთა მინისტრები ნავთობის სტრატეგიული რეზერვებიდან ერთობლივი გამოშვების საკითხებზე სამსჯელოდ საგანგებო შეხვედრას გეგმავენ.
ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს ბაზრის მდგომარეობის დასტაბილურებას და ფასების ზრდის შემცირებას. მსგავსი პოლიტიკა „დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოებს წარსულშიც, მსგავსი კრიზისული მდგომარეობის დროს არაერთხელ გამოუყენებიათ.
ნავთობის ფასებზე ამჟამინდელმა ზრდამ კი მსოფლიოს მრავალ, განსაკუთრებით კი იმპორტდამოკიდებულ სახელმწიფოებში საწვავის ფასების მატება გამოიწვია, რის გამოც გასამართ სადგურებთან მძღოლები ავტომობილების ავზების ავსებას ცდილობენ.
ადგილობრივი ხელისუფლებებიც და ექსპერტებიც მოუწოდებენ მოქალაქეებს, მეტად გონივრულად გამოიყენონ ქვეყნებს შიგნით არსებული რესურსი, რათა ხელოვნურად არ შეიქმნას დეფიციტი, რამაც, შესაძლოა, ჯაჭვისებრი ეფექტი გამოიწვიოს და სხვა პროდუქციაც გახადოს ძვირადღირებული.
ფასები იზრდება ბუნებრივ აირზეც. მას შემდეგ, რაც კატარმა ოფიციალურად შეაჩერა გათხევადებული ბუნებრივი აირის წარმოება, ევროპაში 45%-იან ზრდა დაფიქსირდა, რაც მეგავატსაათზე 46 ევროს შეადგენს.
