პატარა ზურგჩანთები და დიდი ჩანთები – რა ზომის ბარგის ატანაა ნებადართული თვითმფრინავში? ავიახაზები წესებს ხშირად ცვლიან, ზოგადი სტანდარტი კი არ არსებობს, რის გამოც ხშირად მგზავრებს მოულოდნელი დამატებითი ხარჯის გაწევა უწევთ.
მოქალაქეებისთვის რთულია იმის გაგება, თუ რა ზომის უნდა იყოს მათი პირადი ნივთები, რომ ბორტზე დაუშვან. სწორედ ამიტომ ევროკომისია მოუწოდებს ავიაკომპანიებს, შეიმუშაონ ერთიანი სტანდარტი.
ევროპარლამენტმა რამდენიმე თვის წინ მოითხოვა, რომ ავიაკომპანიებმა ხელბარგის ზომის ერთიანი სტანდარტი შეიმუშაონ. ხელბარგის ზომაზე და წონაზე თავად კომპანიები უნდა შეთანხმდნენ. ევროკომისარი ტრანსპორტის საკითხებში ამბობს, რომ თუ ისინი დროზე ვერ შეთანხმებიან, მაშინ საქმეში ევროკომისია ჩაერევა.
„როცა ბილეთს ყიდულობენ, მგზავრებმა ზუსტად უნდა იცოდნენ, რას ყიდულობენ რეალურად. რა სახის ბარგი შეუძლიათ აიტანონ ბორტზე მგზავრობისას. თუ ავიაკომპანიები გონივრულ ვადაში ვერ შეთანხმდებიან, უფლებას ვიტოვებთ, რომ ჩავერიოთ“, -აცხადებს ადინა ვალეანი.
ევროკომისიამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ რიგ ღონისძიებებს გაატარებს, რათა გააუმჯობესოს მგზავრთა უფლებების შესახებ კანონმდებლობა. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს დაგვიანებული ან გაუქმებული მოგზაურობის ანაზღაურებას, რადგან ამ მიმართულებით ბევრი ხარვეზი აღმოჩნდა.
უწყება ახლა ცდილობს დანერგოს სტანდარტული ანაზღაურება. მგზავრობის გადადების ან გაუქმების დროს ყველა ავიაკომპანიამ მგზავრს თანაბარი კომპენსაცია უნდა გადაუხადოს. კომისია ასევე გეგმავს საინფორმაციო კამპანიასაც, რათა მოგზაურებმა უკეთ გაიგონ მათი უფლებების შესახებ.