რუსეთიდან მიგრანტთა დიდი რაოდენობით შემოსვლის გამო ფინეთი დახურავს მეზობელ ქვეყანასთან არსებულ უკანასკნელ სახმელეთო საზღვარსაც. ამის შესახებ განაცხადა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ. მისი თქმით, რუსეთი თავისი ქმედებით საფრთხეს უქმნის ფინეთს.
ფინეთს ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან მიგრანტების დიდი რაოდენობით ჩამოსვლის გამო რუსეთის საზღვრის გასწვრივ 8 გამშვები პუნქტიდან 7 უკვე ჩაკეტილი ჰქონდა. ფინეთის მთავრობის აზრით, სწორედ მოსკოვი უწყობს ხელს მიგრანტებს, გადაკვეთონ ფინეთის საზღვარი.
ფინეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ მიმდინარე თვეს რუსეთიდან ფინეთში 900 მიგრანტი გადავიდა, რაც ნორმაზე გაცილებით მეტია. რუსეთს კვლავინდებურად ადანაშაულებენ მიგრანტების კრიზისის განზრახ შექმნაში, რასაც მიმდინარე წელს ფინეთის ნატოში გაწევრებას უკავშირებენ.