თეირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს, რომ სახმელეთო ოპერაციის დაწყება ირანის ტერიტორიაზე ვაშინგტონს „ჭაობში ჩაითრევს.“
Sky News-თან საუბარში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, საიდ ხათიბზადემ განაცხადა, რომ ამაზე საუბარიც კი „ძალიან არასწორი, უგუნური და უკანონოა.“
„იმის თქმაც კი, რომ უცხო ქვეყანამ შეიძლება სამხედროები შეიყვანოს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, სხვა ქვეყანაში შეიჭრას, სხვა ქვეყნის მიწა დაიკავოს — სრულიად არასწორი, უგუნური, უკანონო და საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო ქმედებაა. ამერიკელებს ამისთვის არანაირი მანდატი არ აქვთ. ისინი ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ძალაუფლებით არიან მთვრალი და ჰგონიათ, რომ შეუძლიათ, რაც უნდათ, ის მოიმოქმედონ“, — განაცხადა მან.
როგორც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, ირანი ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს არ განიხილავს და სრულად თავდაცვაზეა ორიენტირებული.
„ახლა ჩვენ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული სუვერენიტეტის დაცვაზე ვართ კონცენტრირებული. ნებისმიერი რამ, რაც ამ გმირული თავდაცვისგან ყურადღებას გადაგვატანინებს, ამ ეტაპზე არ განიხილება. ვინც ეს აგრესია დაიწყო, ვინც ეს ომი აირჩია, ვინც ირანში შეიჭრა — მათვე უნდა გადაწყვიტონ ამ უკანონო, დაუფიქრებელი, მავნე ქმედების შეწყვეტა“, — თქვა საიდ ხათიბზადემ.
მას ჰკითხეს ირანის ახალი უზენაესი ლიდერის, მოჯთაბა ხამენეის შესახებაც, რომელიც თანამდებობის დაკავების შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა და რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც მედიაში აქტიურად განიხილება. როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ამტკიცებს, იგი ჯანმრთელადაა, პროცესებს მართავს და საკუთარ მოვალეობას ასრულებს.
რაც შეეხება გზავნილს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისადმი — ირანელი დიპლომატი ვაშინგტონს მოუწოდებს, როცა საქმე ირანს ეხება, საკუთარ გადაწყვეტილებებზე უკეთ დაფიქრდეს.
„არ უნდა მოუსმინონ მათ, ვინც ირანს არ იცნობს და ათწლეულებია ცდილობს მის წინააღმდეგ ომის მოგებას ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისა და ჯარისკაცების ხარჯზე. ნეთანიაჰუს და ისრაელის რეჟიმს საკუთარი დღის წესრიგი აქვთ, და ეს ამ ომის მოგებაა — საკუთარი ინტერესებისთვის, ყველა დანარჩენის ხარჯზე“, — თქვა საიდ ხათიბზადემ.
