კიევი მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა აცხადებს, რომ ამ მხრივ შემდეგ ნაბიჯებს ვაშინგტონისგან და მოსკოვისგან ელოდება — კერძოდ, სად და როდის შედგება გადადებული შეხვედრა. უკრაინელი ლიდერის განცხადებით, თეთრი სახლის ბოლო შემოთავაზება მომდევნო კვირა იყო, თუმცა თარიღი მოსკოვმა მიიღო უარყოფითად და ამ დროს დელეგაციის გაგზავნას არ ისურვა.
ყველაფრის ფონზე დასავლური მედია გადადებული მოლაპარაკებების სხვა ვერსიაზე აქტიურად წერს — კერძოდ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მიმართ ინტერესი დაკარგა და ეს პროცესი ირანში მიმდინარე ომის გამო ჩაიწია. კრემლის ბოლო განცხადებები ამ ვერსიას აძლიერებს. იქ მიაჩნიათ, რომ არ იციან, როდის შეძლებს ამერიკის დელეგაცია შეხვედრას, და ადასტურებენ, რომ მოლაპარაკებებში პაუზა ამერიკელების შეცვლილ პრიორიტეტებს უკავშირდება, რითაც რუსეთი სარგებლობს.
„პუტინს არასოდეს სურდა ომის დასრულება უკრაინის წინააღმდეგ; მას პრეზიდენტი ტრამპისა და აშშ-ის წნეხი ეშინოდა. ამიტომაც თამაშობდა ამ თამაშებს, თავს აჩვენებდა, თითქოს მოლაპარაკებები სურდა. მე მჯერა, რომ აშშ-მა პუტინზე ზეწოლა უნდა გაზარდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მოლაპარაკებებზე არ წავა. მას მხოლოდ ულტიმატუმების წაყენება სურს უკრაინისთვის, რათა ჩვენსავე ტერიტორიიდან გავიდეთ, მაგრამ ეს არ დააკმაყოფილებს მის მადას. ირანში შექმნილმა სიტუაციამ მას მეტი ფული მოუტანა. სანქციების შერბილებამაც დაეხმარა რუსეთს. ჩვენი დაზვერვის ინფორმაციით, აშშ-სა და ევროკავშირის სანქციების და ჩვენი იერიშების გამო რუსულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთი მხოლოდ 2026 წელს 100 მილიარდ დოლარიან დეფიციტს წააწყდა. ახლა კი ვხედავთ, რომ ახლო აღმოსავლეთის ომის ფონზე უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში 10 მილიარდის მოგება ნახა. ეს ძალიან საშიშია — ეს პუტინს მეტ თავდაჯერებას აძლევს, რომ შეძლებს ომის გაგრძელებას“, — აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ამის შესახებ ზელენსკიმ CNN-ს განუცხადა; პარალელურად NBC-სთან ინტერვიუ მისცა თავად დონალდ ტრამპმაც და აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკება რთულია, რადგან, მისი თქმით, ზელენსკი მოლაპარაკებებს არ ისურვებს.
უკრაინასა და რუსეთს შორის აშშ-ის მედიატორობით გაგრძელებული სამშვიდობო მოლაპარაკებები წლის დასაწყისში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაიწყო და მოგვიანებით ჟენევაშიც გაგრძელდა, თუმცა მხოლოდ ჰუმანიტარული მიღწევებით და პოლიტიკური გარღვევების გარეშე. ახლო აღმოსავლეთში განახლებულმა ომმა პროცესის გაგრძელება დააყოვნა. უკრაინის პრეზიდენტი შიშობს, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ესკალაციამ შესაძლოა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის მიმართ ყურადღება მოჰპაროს.
რუსეთი ამ დროს უკრაინაზე ყოველდღიურ იერიშებს აგრძელებს. პრეზიდენტის თქმით, უკანასკნელი კვირის განმავლობაში მოსკოვმა უკრაინას შეუტია 1 700 დრონით, 1 500 საავიაციო ბომბითა და დაახლოებით 100 რაკეტით.
კიევის რეგიონში რუსეთის ბოლო თავდასხმების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა; მათგან 3 კრიტიკულად არიან და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სხვადასხვა ტიპის 430 დრონითა და 63 რაკეტით განხორციელებული იერიშების მთავარი სამიზნე იყო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, რომელიც კიევის რეგიონს ამარაგებს.
