თურქეთი აცხადებს, რომ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში განლაგებული ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა შეძლეს ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტების განეიტრალება.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 13 მარტის გამთენიისას, ადანის პროვინციის მცხოვრებლებმა ძლიერი აფეთქებისა და სამხედრო ბაზა „ინჯირლიკიდან“ საჰაერო განგაშის ხმები გაიგეს - ამ ბაზას ამერიკელი სამხედროები იყენებენ.
12 მარტს თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ინჯირლიკის სამხედრო ბაზა თურქეთის საკუთრებაა და მასზე უცხო ქვეყნის შეირაღებული ძალების ყოფნა არ ცვლის ბაზის სტატუსს, რითაც ანკარამ თეირანი გააფრთხილა, რომ მსგავსი იერიშები არის მიუღებელი და განიხილება როგორც თავდასხმა თურქეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ.
ირანში ომის დაწყების შემდეგ ეს არის მესამე შემთხვევა, როდესაც თეირანიდან გაშვებული საბრძოლო აპარატი თურქეთის საჰაერო სივრცეში ხვდება.
9 მარტს განეიტრალებული ბალისტიკური რაკეტის ნაწილი ქვეყნის სამხრეთით, გაზიანთეპის პროვინციაში, სირიის საზღვართან ახლოს ჩამოვარდა.
ყველა ეს შემთხვევა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მკაცრად დაგმო და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი ემსახურება ვითარების ესკალაციას.
