კატეგორიები

ახალმა აიათოლამ რევანში დააანონსა, ირანის სულიერი ლიდერის პირველი მიმართვა

ახალმა აიათოლამ რევანში დააანონსა, ირანის სულიერი ლიდერის პირველი მიმართვა
Copyright AP
ახლად არჩეული აიათოლას მიმართვა ირანელმა ხალხმა პირველად მოისმინა, თუმცა არა პირადად მისგან. მოჯთაბა ხამენეი ჯერჯერობით სხვისი ხმით ლაპარაკობს — მისი გზავნილი ირანის სამთავრობო მედიის წამყვანმა ამოიკითხა.

მთავარი კი, რაც ირანის ახალი სულიერი ლიდერის გზავნილებში იკითხებოდა, რევანშის სურვილი იყო — ისრაელისა და აშშ-ის სახელმწიფოების წინააღმდეგ. ჩანს, რომ აიათოლა ალი ხამენეის შვილს მხოლოდ მამის მკვლელობა არ ალაპარაკებს. ახალ და ჯერ უჩინარ ლიდერს საომარი მოქმედებების გაგრძელება იმგვარად სურს მოახერხოს, რომ მეზობლები არ გაანაწყენოს, რაც რთული მისიაა იმის გათვალისწინებით, რომ ირანულმა დრონებმა ამ დროისთვის მთელი სპარსეთის ყურე მოიარეს.

„ეს არ არის მეზობელ ქვეყნებზე აგრესია — ჩვენ ვუტევთ მხოლოდ მტრის ბაზებს მათ ტერიტორიაზე. ჩვენ არ გვაქვს სხვა არჩევანი. გვჯერა მეზობლებთან მეგობრული ურთიერთობების აუცილებლობის. მოვუწოდებთ მათ, დახურონ ბაზები რაც შეიძლება სწრაფად, რადგან უნდა ხვდებოდნენ, რომ აშშ-ის მტკიცება უსაფრთხოებისა და მშვიდობის მოტანაზე რეგიონში არაფერია ტყუილის გარდა. ხალხის მოთხოვნაა, გაგრძელდეს ეს ეფექტური თავდაცვა, რომლითაც მტერს საკუთარ ნაბიჯებს ვანანებთ. ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის სახით ჩვენს ხელთ არსებული ბერკეტის გამოყენება უნდა განვაგრძოთ. ასევე უნდა ვიმუშაოთ სხვა ფრონტის გახსნაზე, სადაც მტერს ნაკლები გამოცდილება აქვს და მეტად მოწყვლადია. მიზანშეწონილობის ფარგლებში ამ ბერკეტსაც გავააქტიურებთ, თუ საომარი სიტუაცია გაგრძელდება. რევანში, რომელიც თავში გვაქვს, არ ეხება მხოლოდ ჩვენს დიდ ლიდერს, არამედ თითოეულ ირანელს, რომელიც მტერმა მოკლა. განსაკუთრებით მგრძნობიარე ვიქნებით ჩვენი შვილების სისხლზე პასუხში, რომლებიც მტერმა მინაბის სკოლაში მოკლა. ამ და სხვა შემთხვევებს კონკრეტული ადგილი აქვს ამ პროცესში“, — აღნიშნულია ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა მოჯთაბა ხამენეის განცხადებაში.

ირანი იმუქრება, რომ მტრებმა ჯერ პასუხის მხოლოდ ერთი ნაწილი იხილეს და ყველაფერი წინ არის. ახალი აიათოლას მუქარის შემცველი ტონი არ აშინებთ თელ-ავივში, სადაც ძველი აიათოლას ლიკვიდაციას იხსენებენ და მიანიშნებენ, რომ მოქმედი სულიერი ლიდერი ამგვარი განცხადებებისთვის საკმაოდ შესუსტებულ პოზიციაშია. მეტიც, ბენიამინ ნეთანიაჰუს არ სჯერა, რომ მოჯთაბა ხამენეი დამოუკიდებლად, ლიდერის პოზიციიდან მოქმედებს და დარწმუნებულია, რომ ამის უკან ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გავლენიანი ფიგურები დგანან. ყველაფერთან ერთად, ისრაელის ლიდერმა ბოლო მიმართვაში საზოგადოებას ისიც ამცნო, რომ ცახალმა კიდევ რამდენიმე მეცნიერის მოკვლა მოახერხა, რომლებიც ირანის ბირთვულ პროგრამაზე მუშაობდნენ.

„მოკლე დროში ჩვენ გავანადგურეთ ტირანი ხამენეი და ასევე ამ ტერორისტული რეჟიმის სხვა ოფიციალური პირები. ჩვენ მოვსპეთ ძველი დიქტატორი. ახალი დიქტატორი მოჯთაბა, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მარიონეტი, საჯაროდ ვერც კი ჩნდება. ჩვენ ვმუშაობთ კიდევ ერთ მიზანზე — რომ ირანელ ხალხს შეეძლოს მავნე ტირანული რეჟიმის შეცვლა, რომელიც მას ნახევარი საუკუნეა ჩაგრავს. მინდა ვუთხრა ირანელ ხალხს, რომ ეს მომენტი ახლოვდება. ჩვენ გეხმარებით, თქვენს მხარეს ვართ, თუმცა ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. ამგვარი პირობების შექმნა ირანელი ხალხისთვის არ არის გარანტია, რომ ყველაფერი მართლაც ასე მოხდება. თუმცა ჩვენ შევქმნით ოპტიმალურ პირობებს, შორის ჰაერიდან იერიშების სახით, როგორც ეს გუშინ და ბოლო დღეებში გავაკეთეთ, რათა მათ ქუჩაში გასვლის სივრცე მივცეთ“, — თქვა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ირანის რეჟიმის წარმომადგენლების მკვლელობა აშშ-ის პრეზიდენტისთვის დიდი პატივია — ყოველ შემთხვევაში ასე წერს თავის სოციალური მედიის გვერდზე. დონალდ ტრამპი წინამორბედებსაც ახსენებს, რომ ნახევარი საუკუნის განმავლობაში ირანის სათავეში მყოფი რეჟიმის განეიტრალების საშუალება არაერთ მათგანს ჰქონდა, თუმცა არავინ გამოიყენა. ტრამპი საქმის ბოლომდე მიყვანას გეგმავს.

„სიტუაცია ირანში ძალიან სწრაფად ვითარდება, ყველაფერი კარგად მიდის. ჩვენი სამხედრო ძალები უბადლოდ მუშაობენ. ასეთი რამ არავის უნახავს. და ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც უნდა გაკეთებულიყო ბოლო 47 წლის განმავლობაში ბევრი სხვადასხვა ადამიანის მხრიდან. მათ არჩიეს ეს არ გაეკეთებინათ, მაგრამ რეალურად ჩვენ ვსაუბრობთ ტერორისა და სიძულვილის სახელმწიფოზე. და ახლა ამის გამო ისინი უდიდეს ფასს იხდიან“, — აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

ირანისა და მისი სატელიტების წინააღმდეგ ისრაელისა და აშშ-ის ერთობლივი ოპერაციის დაწყებიდან უკვე მეორე კვირა იწურება. დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ ისრაელმა მეგობარი ვაშინგტონის დახმარებით არაერთი პოზიცია გაიმყარა ახლო აღმოსავლეთში. სწორედ ამიტომ ქვეყანა მის მიმართ მადლიერებას არ მალავს — ეს ისრაელის ქუჩებშიც საგრძნობია.

Related news
ახალმა აიათოლამ რევანში დააანონსა, ირანის სულიერი ლიდერის პირველი მიმართვა ჟურნალისტებს თეირანში იერიშების შედეგად დაზიანებული უბნები და შენობები დაათვალიერებინეს