კატეგორიები

დონალდ ტრამპის თქმით, ჰორმუზის სრუტის დასაცავად საერთაშორისო კოალიციას ქმნის

დონალდ ტრამპის თქმით, ჰორმუზის სრუტის დასაცავად საერთაშორისო კოალიციას ქმნის
Copyright AP
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მან შვიდამდე სახელმწიფოსგან მოითხოვა საერთაშორისო კოალიციაში გაწევრება, რომლის მიზანი იქნება ჰორმუზის სრუტის დაცვა ირანული თავდასხმებისგან.

მისი ვერსიით, კონკრეტულმა სახელმწიფოებმა, რომელთა ჩამონათვალზე ტრამპს არ უსაუბრია, სრუტეში უნდა გაგზავნონ სამხედრო ხომალდები ნავთობით დატვირთული კომერციული გემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

„ჩვენ ვესაუბრებით ქვეყნებს ჰორმუზის სრუტის კონტროლის შესახებ. მოგეხსენებათ, ამ მარშრუტიდან ჩვენ ვიღებთ, ნავთობის ძალიან მცირე, 1 ან 2%-ს. მაგალითად, ჩინეთი თავისი ნავთობის დაახლოებით 90%-ს ჰორმუზის სრუტიდან იღებს.

კარგი იქნება, თუ სხვა ქვეყნებიც ჩვენთან ერთად გააკონტროლებენ მას, ჩვენ კი მათ სამხედრო თვალსაზრისით დავეხმარებით. ჩვენ, ფაქტობრივად, დავამარცხეთ ირანი. ვფიქრობ, მათ შეუძლიათ მცირედი წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ არა განსაკუთრებულის...

ზოგიერთ სახელმწიფოს აქვს გარკვეული სახის ხომალდები, რომლებიც შეძლებდნენ ჩვენ დახმარებას. გახსოვდეთ, ორი ადამიანიც კი საკმარისია ჰორმუზის სრუტისთვის ზიანის მისაყენებლად - ორიოდე ტერორისტი. სულაც არ არის საჭირო მათი მთელი არმია, არამედ მხოლოდ რამდენიმე ადამიანი, რომელიც აქა-იქ ჩამოაგდებს ნაღმებს.

ამიტომ, ჩვენ მოვითხოვთ, ეს ქვეყნები მოვიდნენ და დაიცვან საკუთარი ტერიტორია, რადგან ის მათია. ეს არის ადგილი, საიდანაც ისინი იღებენ ენერგიას, სწორედ ამიტომ უნდა მოვიდნენ და დაგვეხმარონ მის დაცვაში“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ს, სავაჭრო თვალსაზრისით, „დიდად არ აღელვებს“ ჰორმუზის სრუტეში არსებული მდგომარეობა, რადგან ნავთობს ამ მარშრუტით არ იღებს:

„შეიძლება ითქვას კიდეც, რომ ჩვენი იქ ყოფნა საერთოდ არ არის აუცილებელი, რადგან ეს არც გვჭირდება. ბევრი ნავთობი გვაქვს. სულ მცირე, ორჯერ მეტ ნედლეულს ვაწარმოებთ, თუმცა მაინც ვცდილობთ სრუტის დაცვას. ამას ვაკეთებთ ჩვენი ძალიან კარგი მოკავშირეებისთვის...“ - თქვა დონალდ ტრამპმა.

მან დასძინა, რომ არ დაავიწყდება ზოგიერთი მოკავშირის დაგვიანებული გადაწყვეტილება სამხედრო მოქმედებებში დახმარების თაობაზე.

„და მაინც - წლების განმავლობაში მხარს ვუჭერდით და ბრწყინვალედ ვუმკლავდებოდით ჩვენს გასაკეთებელ სამუშაოს, ახლა კი, როცა ომი დასრულდა და მოწინააღმდეგის სამხედრო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შემცირდა, ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ სხვა სახელმწიფოებიც ჩაერთვებიან.

ორი კვირის წინ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს არ სურდა საფრთხე შეექმნა მათი ორი ავიამზიდისთვის. როგორც კი ჩვენ, ფაქტობრივად, გავანადგურეთ ირანის შესაძლებლობები, და ჯერ არც დაგვიმთავრებია, მან თქვა: „გვსურს ჩვენი ავიამზიდების გაგზავნა“.

ვუთხარი, რომ ისინი მჭირდებოდა ომში გამარჯვების შემდეგ და არა, ომის დაწყებამდე. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, მივიღებთ თუ არა მხარდაჭერას, თუმცა, შემიძლია, ერთი რამ ვთქვა და ეს აქამდეც მითქვამს: ამას დავიმახსოვრებთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მანამდე ამერიკულ მედიასთან საუბრისას, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ თეირანს „ზოგიერთი სახელმწიფოს წარმომადგენელმა მიმართა“ ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გადაადგილების მიზნით. დიპლომატის თქმით, სრუტე ღიაა ყველასთვის გარდა „აშშ-ისა და მისი მოკავშირეებისა“ - ამ საზღვაო მარშრუტით მოსარგებლეთა უმეტესობა კი სწორედ ვაშინგტონის მოკავშირეა.

ჯერჯერობით, დონალდ ტრამპის ინიციატივას განსაკუთრებული გამოხმაურება არ მოჰყოლია. აშშ-ის ენერგეტიკის მდივნის თქმით, შესაძლოა, ჰორმუზის სრუტის დაცვის გეგმაში ვაშინგტონის „კონსტრუქციულ პარტნიორად“ ჩინეთი იქცეს.

პეკინი დაინტერესებულია ენერგომომარაგების უწყვეტობის უზრუნველყოფით, რადგან ნავთობის 90%-ს სწორედ ამ გზით იღებს.

„მსოფლიოს უბრალოდ არ შეუძლია შეეგუოს ბირთვული იარაღით აღჭურვილ ირანს. ამიტომ ვამაყობ ამ ქმედებებით, მაგრამ, დიახ, ეს არის ენერგიის ნაკადის ხანმოკლე დარღვევა.

ამერიკელები ამას ახლა გრძნობენ და კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში იგრძნობენ. თუმცა, საბოლოოდ, ჩვენ აღმოვფხვრით უდიდეს საფრთხეს გლობალური ენერგომომარაგებისთვის.

ჩვენ ვიცხოვრებთ ენერგიით უფრო უხვ, ფასით უფრო ხელმისაწვდომ სამყაროში და ამერიკელი ჯარისკაცებისა თუ ახლო აღმოსავლეთში ვაჭრობისთვის ნაკლებად სარისკო პირობებში“, - განაცხადა აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა, კრის რაიტმა.

დონალდ ტრამპის მსგავსი ინიციატივა ჰქონდა ემანუელ მაკრონსაც, რომელიც ამბობდა, რომ საფრანგეთი აქტიურად თანამშრომლობს ევროპელ, აზიელ და ინდოელ მოკავშირეებთან.

ჰორმუზის სრუტე, რომელიც გლობალური ნავთობის 20%-ზე მეტის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს, უკვე სამ კვირაზე მეტია, მსოფლიო რუკაზე კიდევ ერთ ცხელ წერტილად არის მონიშნული.

არსებულმა მდგომარეობამ, ნედლეულის ბაზარზე ძვრები და საწვავსა თუ დიზელზე ფასების მკვეთრი მატება გამოიწვია, განსაკუთრებით იმპორტდამოკიდებულ სახელმწიფოებში.

ეს ვითარება სასარგებლო აღმოჩნდა მოსკოვისთვის, რომელმაც ახლო აღმოსავლეთში ომის მხოლოდ 2 კვირაში ნავთობის გაყიდვით 7 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.

Related news
დონალდ ტრამპის თქმით, ჰორმუზის სრუტის დასაცავად საერთაშორისო კოალიციას ქმნის თურქეთი აცხადებს, რომ NATO-ს თავდაცვის სისტემამ ირანიდან გაშვებული მორიგი რაკეტა გაანეიტრალა