დონალდ ტრამპი ემზადება სასამართლო სხდომისთვის, რომელიც ვაშინგტონში გაიმართება. მას ოფიციალურად წაუყენებენ ბრალს 2020 წლის არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის გამო.
სასამართლოს გარშემო უკვე ძლიერდება უსაფრთხოების ზომები, თუმცა დონალდ ტრამპს აქვს არჩევანი, სხდომას დისტანციურად დაესწროს.
ეს ისტორიული შემთხვევაა, რადგან ქვეყანაში პრეზიდენტს პირველად წაუყენეს ბრალი სიცრუის გავრცელებისთვის. თუმცა ეს მხოლოდ ერთ-ერთია იმ სამი საქმიდან, რომლებიც მის წინააღმდეგაა აღძრული.
დონალდ ტრამპს უკვე წარდგენილი აქვს ორი ბრალდება. ერთია საიდუმლო დოკუმენტების უკანონო შენახვა, ბიზნესდოკუმენტაციის გაყალბება და წინა საარჩევნო პერიოდში დუმილის სანაცვლოდ პორნოვარსკვლავისთვის თანხის გადახდა.
თუმცა ახლა ჯორჯიის შტატის პროკურორებმა ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ შესაძლოა აღძრან მეოთხე საქმეც, რომელიც ასევე 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება.
სასამართლო პროცესი იმ დროს მიმდინარეობს, როცა ტრამპი თეთრ სახლში დასაბრუნებლად კამპანიას აწარმოებს. იგი ამჟამად მოწინავე ადგილზეა რესპუბლიკურ პარტიაში და, სავარაუდოდ, მას პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელებენ. წინასწარი გამოკითხვებით, მას და მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ხმების თანაბარი რაოდენობა – 43 პროცენტი აქვთ.