27 ივნისს თბილისში თავს დაესხნენ ტელეკომპანია „ფორმულის” ერთ-ერთ დამფუძნებელსა და ტელეწამყვანს მიშა მშვილდაძეს. შსს-მ საქმეზე გამოძიება დაიწყო ძალადობის მუხლით.
მიშა მშვილდაძეზე თავდასხმას ეხმაურება საქართველოს ჟურნალისტიკური ეთიკის ქარტია. ქარტია მოუწოდებს, საგამოძიებო უწყებებს რომ დროულად გამოიძიონ დანაშაული, ამასთან ორგანიზაციაში ხაზს უსვამენ, რომ ბოლო პერიოდში მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული თავდასხმების ფაქტორი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არსებული აგრესიული რიტორიკაა.
“ქარტია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები ხელისუფლების მხრიდან მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესიული რიტორიკა და დანაშაულების გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია”, – აღნიშნავენ ქარტიაში.
ასევე განცხადება გააკეთა მედიაკოალიცამ ფეისბუკგვერდზე. “მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს ტელეკომპანია “ფორმულას” თანადამფუძნებელსა და წამყვანზე, მიშა მშვილდაძეზე ფიზიკური თავდასხმის ფაქტს. ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება. ხელისუფლების მხრიდან მედიის მიმართ დანაშაულებზე უმოქმედობა, კრიტიკული აზრის მიმართ ანტაგონისტური რიტორიკა თუ მიზანმიმართული დისკრედიტაცია მსგავსი სახის დანაშაულებს კიდევ უფრო ახალისებს.
„მშვილდაძის განცხადებით, მას სახეში მუშტი დაარტყეს, შემდეგ წაიქცა და სანამ წამოდგებოდა, თავდამსხმელი ფიზიკურ ანგარიშსწორებას აგრძელებდა”, – წერია განაცხადებაში.
მომხდარზე განცხადებას ავრცელებს საქართველოს სახალხო დამცველიც. ომბუდსმენი მოუწოდებს პროკურატურას, საქმე საგამოძიებო სამსახურს გადასცეს, რათა დადგინდეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი ფიზიკური ძალადობით განხორციელებულ დევნას, აზრის გამოხატვის გამო.
მშვილდაძაზე თავდასხმას ეხმაურებიან ასევე ოპოზიონერები. პარტია “გირჩი მეტი თავისუფლება”. “მიშა მშვილდაძეზე თავდასხმა არის გაგრძელება იმ ძალადობრივი ქმედებებისა, რომლებიც ორგანიზებულია ხელისუფლებაში მყოფი ივანიშვილის “ხელის ბიჭების” მიერ და რომლის მიზანია – ქვეყანაში შიშის ატმოსფეროს შექმნა და კრიტიკული აზრის ჩახშობა”.
ალექსანდრე ელისაშვილი: “აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ამ ვითომ “შემთხვევითი” თავდასხმების ორგანიზატორი ოცნება და სუსია. ჰოდა ოცნებაც და სუსიც ამის ჩამდენები ხართ სამარცხვინოები! ასეთი რამეების ჩამდენი ხელისუფლება არის სამარცხვინო და რეალურად გამწირული წასასვლელად”.
პოსტს აქვეყნებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც”. პარტიის ცნობით, გუშინ მიშა მშვილდაძის გარდა თავს დაესხნენ პარტიის სამეურნეო სამსახურის თანამშრომელს დავით ოსიყმიშვილს.
ხელისუფლების მხრიდან მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა თბილისის მერმა კახა კალაძემ. მან დაგმო ძალადობის ფაქტი და აღნიშნა რომ ძალადობა მიუღებელია, თუმცა მისი თქმით, ძალადობა არ არის მხოლოდ ფიზიკური და ტელევიზიების მხრიდან მოდის ძალადობა სიტყვიერი და ასევე ხდება ძალადობრივი ქმედებების წახალისება მედიის მიერ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.