მას შემდეგ, რაც „თბილისი პრაიდმა“ განაცხადა, რომ პრაიდის კვირეული 1-5 ივლისს ჩატარდებოდა, სოციალურ ქსელში სიძულვილის ჯგუფების მხრიდან ჰომოფობიური, ძალადობრივი და ანტიდასავლური კამპანია მოჰყვა.
მედიის განვითარების ფონდის ლაბორატორია „მითების დეტექტორი“ „თბილისი პრაიდის“ კვირეულის განმავლობაში აკვირდებოდა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსებს. მათ აღმოაჩინეს 28 ფეისბუკგვერდი და 23 ფეისბუკჯგუფი, რომელთა საშუალებითაც, ულტრანაციონალისტური, კონსერვატიული, კრემლთან დაკავშირებული და რელიგიური ჯგუფები სოციალურ მედიაში სიძულვილის ენის შემცველ გზავნილებს ავრცელებდნენ და მოქალაქეებს პრაიდის საწინააღმდეგო აქციისკენ მოუწოდებდნენ.
ძალადობისაკენ აქტიურად მოუწოდებდა „ალტინფოს“ რამდენიმე ვებგვერდი, რომლებიც არაერთხელ წაიშალა ფეისბუკიდან სიძულვილის ენის გავრცელების გამო.
იყო ბევრი დეზინფორმაცია და მანიპულაციურად ინფორმაციის გავრცელების რამდენიმე შემთხვევა. ასევე ვრცელდებოდა აქტივისტებისა და პოლიტიკოსების გაყალბებული ციტატები. ევრონიუს ჯორჯიასთან საუბარში, „მითების დეტექტორის“ რედაქტორის მოადგილე ქეთი ხუციშვილი აღნიშნავს, რომ განსაკუთრებულად ებრძოდნენ აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს.