მთავარიბრიუსელის ბიუროურსულა ფონ დერ ლაიენი: "ვაქცინაცია დელტა ვარიანტისგან გვიცავს“

ურსულა ფონ დერ ლაიენი: “ვაქცინაცია დელტა ვარიანტისგან გვიცავს“

ევროკავშირის ქვეყნებში წარმატებული ვაქცინაციის შედეგად პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები ნელ-ნელა იხსნება.

თუმცა, ევროპის ქვეყნებში დელტა ვარიანტის შემთხვევები იზრდება. გერმანიაში 15 პროცენტი სწორედ დელტა ვარიანტით არის დაინფიცირებული. როგორც გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აღნიშნავს, დელტა შტამის გავრცელების ფონზე, პანდემიის დასასრულზე საუბარი რთულია.

„დელტა ვარიანტი ბევრ წევრ ქვეყანაში სწრაფი ტემპით ვრცელდება. ეს შტამი გაძლიერდა გერმანიაშიც. სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით, რომ პანდემიის დასასრულს ვუახლოვდებით. ევროპის ბევრ ქვეყანაში ვაქცინაციით დიდ პროგრესს მივაღწიეთ, თუმცა, ამავდროულად, ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ინფიცირდება დელტა ვარიანტით“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

 

ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის სამიტზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მოსახლეობის 40 პროცენტი ვაქცინირებულია.

„ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. ყველაზე მეტად ახლა ჩვენ დელტა ვარიანტი გვაღელვებს. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში დელტა ვარიანტი სწრაფად ვრცელდება. 90 პროცენტი სწორედ ამ ვარიანტით არის ინფიცირებული. ჩვენ ვხედავთ, რომ ვაქცინაცია, განსაკუთრებით კი ორი დოზის გაკეთება, დელტა ვარიანტისგან გვიცავს“, – ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

დელტა ვარიანტის გავრცელების მიუხედავად, დიდ ბრიტანეთში პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს შემსუბუქებას მათთვის გეგმავენ, ვისაც ვაქცინის ორი დოზა აქვს მიღებული. ცვლილება სრულად ვაქცინირებულ იმ მოქალაქეებს შეეხებათ, რომლებიც მწვანე სიაში შემავალ ქვეყნებში მოგზაურობენ.

„საერთაშორისო მოგზაურობა რომ უსაფრთხო იყოს, მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ. წარმატებული ვაქცინაციის პროგრამის მეშვეობით, ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ ფიქრი, რომ სავალდებულო კარანტინი გავაუქმოთ მათთვის, ვინც სრულიად ვაქცნირებულია და მწვანე სიის ქვეყნებში მოგზაურობს“, – ამბობს დიდი ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრი
გრანტ შაფსი.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ მწვანე ქვეყნების სიას კიდევ 17 ქვეყანა დაუმატა, მათ შორისაა ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend