აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ ღაზისთვის შექმნილი ე.წ. „მშვიდობის საბჭოს“ იდეას დიდი მხარდაჭერა აქვს მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მოკავშირე, მათ შორის საფრანგეთი, ამ ინიციატივაში ჩართვისგან თავს იკავებს.
მისივე განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა სურს. ამ პლატფორმას კი მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანი ფუნქცია ექნება.
დავოსში შეკრებილი მსოფლიო ლიდერების დღის წესრიგში ტრამპის ცეცხლის შეწყვეტის გეგმა ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება, რადგან პრეზიდენტი გეგმავს, შექმნას „მშვიდობის საბჭო“, რომელიც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას გაუწევს ორგანიზებას.
„ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა. ყველას სჯერა, რომ ეს არის გზა ადამიანების გასაერთიანებლად და გადაწყვეტილებების სამართლიანად მისაღებად. პრეზიდენტ ტრამპს ხალხის გადარჩენა სურს. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა იქნება”, – განაცხადა აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა.
კითხვაზე ჩავა თუ არა ზელენსკი დავოსში და გეგმავს თუ არა დონალდ ტრამპის წარმომადგენელი ვლადიმერ პუტინის წარმომადგენელ კირილ დმიტრიევთან შეხვედრას – სტივ უიტკოფმა უპასუხა:
„ზელენსკისთვის მოგზაურობა რთულია, მაგრამ იმედი მაქვს, აქ ჩამოვა და ხუთშაბათს პრეზიდენტ ტრამპთან ერთად შევხვდებით მას“.

