დამშრალი ტორფნარების მიერ გამოყოფილი მავნე გამონაბოლქვი ცენტრალური ირლანდიის მთავარი პრობლემაა. პროექტი, სახელწოდებით „ტორფნარები კეთილდღეობის სამსახურში“, სათავეში უდგას ე.წ. პალუდიკულტურას, რომელიც ნახშირბადის გამონაბოლქვის მქონე ნიადაგს მდგრადი ეკონომიკის პერსპექტივას უქმნის.
ირლანდიის ცენტრალური საგრაფოები ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი რეგიონია და ზრდის ტემპს ფეხი ფერმერებმაც უნდა აუწყონ.
„ხალხი ფერმერობისა და სურსათის წარმოების განსხვავებულ გზებს ეძებს. ჩემი აზრით, რაკი კლიმატი იცვლება, ფერმერული მეთოდებიც უნდა შეიცვალოს. ჩვენ ფერმერული საქმიანობისადმი განსხვავებული მიდგომა უნდა ვისწავლოთ“, – ამბობს ფერმერი ადრიან ეგანი
ირლანდიის ცენტრალურ საგრაფოებში, რომლის სახელწოდებაც მიუთითებს, რომ ის ქვეყნის შუაგულს წარმოადგენს, ეკონომიკის ხერხემალი ტორფნარია. ტორფნარები ირლანდიის მიწის მასის მეხუთედს შეადგენს, მაგრამ მათი გამოყენების წესის გამო გარემოს პრობლემა ექმნება.
„ტორფის ბრიკეტი მთლიანად ნახშირბადია და ჯანსაღი ტორფნარის 98% წყალია,“ – განმარტავს დუგლას მაკმილანი, Green Restoration Ireland-ის გენერალური მენეჯერი. „ამიტომ თუ აქ რამის გაკეთება გინდა, ტორფნარი ისე უნდა გამოაშრო, რომ ტენიანობა 80-85%-ზე დავიდეს. თუმცა, რა თქმა უნდა, დრენაჟის დროს ტორფი ჟანგბადთან შედის რეაქციაში და ჰაერში დიდი რაოდენობით გამონაბოლქვი იფრქვევა. შესაძლოა, წელიწადში ჰექტარზე 30 ტონა ცე-ო-ორი CO2 გამოიყოს. ამიტომ დამშრალი ტორფნარი პრობლემას წარმოადგენს, მისი ისევ დატენიანება კი ყველაფერს აგვარებს“.
ერთი უნიკალური ევროპული პროექტი ხელს უწყობს ადგილობრივ ფერმერებს, რომ განახორციელონ ცვლილება, რომელიც გარდამავალი პერიოდის სოციალურ და ეკონომიკურ შედეგზე დადებითად აისახება. ამ პროექტის სახელწოდებაა „ტორფნარები კეთილდღეობის სამსახურში“ (Peatlands for Prosperity). პროექტის ფარგლებში დამშრალ ტორფნარ ნიადაგს ისევ სოფლის მეურნეობისთვის ვარგის ტენიან ნიადაგად გარდაქმნიან – ამ ტექნოლოგიას პალუდიკულტურას უწოდებენ.
„პროექტით „ტორფნარები კეთილდღეობის სამსახურში“ (Peatlands for Prosperity) ხალხი იგებს, რომ ტორფნარზე მოსავლის მოყვანის უამრავი გზა არსებობს,“ – ამბობს ადრიან ეგანი. „აი, ეს არის მისი მიზანი. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში ასწავლიან, თუ როგორ შეინარჩუნონ ბიომრავალფეროვნება ეკონომიკური საქმიანობის დროს“.
„სემინარის შემდეგ დავფიქრდი, ხომ არ ღირს ზოგიერთი სახეობის ლერწმის მოყვანა, რომელიც შენობის გადასახურად ივარგებდა, აი, ამან დამაინტერესა,“ – ამბობს კიდევ ერთი ფერმერი პედარ ო’ლოკლინი. „დიახ, ეს ერთი მცენარეა. აუცილებლად წავიკითხავ იმ სახელმძღვანელოებს, რომლებიც დღეს დაგვირიგეს და სხვა მცენარეების მოყვანაზეც დავფიქრდები“.
პროექტი „ტორფნარები კეთილდღეობის სამსახურში“ (‘Peatlands for Prosperity’) იმ უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ირლანდიის ცენტრალური საგრაფოების ეკონომიკურ წინსვლას ემსახურება. პროექტის ბიუჯეტი 300 ათასი ევროა, რომელიც ერთობლივად დააფინანსეს ევროკავშირმა და ირლანდიის მთავრობამ, ევროკავშირის „გარდამავალი პერიოდის ფონდის პროგრამის“ მეშვეობით – ეს ინსტრუმენტი ევროპის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ნაწილია და ის ცენტრალურ საგრაფოებში უკვე 170 პროექტს დაეხმარა.
„უამრავი პროექტი მიმდინარეობს ამ პროექტის პარალელურად,“ – განმარტავს კლერ ბანონი, აღმოსავლეთი და ცენტრალური საგრაფოების რეგიონული ასამბლეის დირექტორი. „ჩვენ ვცდილობთ, რომ როგორმე შევქმნათ საფუძველი იმისა, რომ ამ თემებში მდგრადი მიდგომა განვითარდეს და რომ ცენტრალურ საგრაფოებს კარგი მომავალი ჰქონდეთ“.
ახლა მთავარი პრობლემა ის არის, რომ გარდამავალი პერიოდი რეალობად იქცეს, რაც ხელს შეუწყობს, რომ კლიმატის გამოწვევები ეკონომიკის ზრდისა და კეთილდღეობის წინაპირობა გახდეს.
ავტორი: სელენე ვერი

