მთავარიევროპაუკრაინაზელენსკი აცხადებს, რომ სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობა აქტიურ ფაზაშია

ზელენსკი აცხადებს, რომ სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობა აქტიურ ფაზაშია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების მოლაპარაკებებში ამერიკულ მხარესთან „კონსტრუქციული ჩართულობა“ იყო.

თავის მიმართვაში ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციები ომის დასრულების შესახებ დოკუმენტების „ყველა პუნქტს“ განიხილავენ. მან ასევე თქვა, რომ „კონკრეტული გადაწყვეტილებების“ ვადებიც კი განიხილეს.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც დაპირისპირებულ მხარეებს მშვიდობისკენ მოუწოდებს, თუმცა პუტინმა ცოტა ხნის წინ მიანიშნა, რომ ის უკრაინის მიმართ თავის მაქსიმალისტური მოთხოვნების შეწყვეტას არ აპირებს, რადგან მოსკოვის ჯარები უზარმაზარი დანაკარგების მიუხედავად, ბრძოლის ველზე წინ მიიწევენ.

პარალელურად, ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას მომდევნო ორი წლის განმავლობაში სამხედრო და ეკონომიკური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად 90 მილიარდ ევროს გამოუყოფენ. ამ ფაქტს ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დეკემბრის მთავარი მიღწევა უწოდა.

„გასული კვირა უკრაინისთვის ნამდვილად ისტორიული კვირა იყო. მთავარი შედეგი ის არის, რომ ჩვენ უზრუნველვყავით 90 მილიარდი ევრო უკრაინისთვის ორი წლის განმავლობაში. ეს არის დეკემბრის მთავარი მიღწევა და, მრავალი თვალსაზრისით, მთელი წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი. ევროპამ მიიღო დადებითი გადაწყვეტილება. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დაგვეხმარა. მნიშვნელოვანია, რომ რუსული აქტივები დარჩეს ევროპაში და რაც მთავარია დარჩეს გაყინული. უკრაინა მიიღებს ყოველწლიურად მინიმუმ 45 მილიარდ ევროს მომდევნო ორი წლის განმავლობაში. ეს თანხები შეიძლება დაბრუნდეს მხოლოდ რუსული სახსრებიდან – რუსეთმა ამ ომისთვის პასუხი უნდა აგოს.

უკრაინის მოლაპარაკების ჯგუფი ამჟამად ფლორიდაში მუშაობს – დღეს კიდევ იქნება შეხვედრები ამერიკულ დელეგაციასთან, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან.

მიმდინარეობს მუშაობა ომის დასრულების, უსაფრთხოების გარანტიებისა და რეკონსტრუქციის შესახებ დოკუმენტებზე – ისინი დეტალურად განიხილავენ თითოეულ პუნქტს და არსებობს კონსტრუქციული ჩართულობა ამერიკულ მხარესთან. ისინი ასევე განიხილავენ ვადებს – კონკრეტული გადაწყვეტილებების შესაძლო ვადებს.“-განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend