რამდენიმეკვირიანი საპროტესტო აქციების ფონზე, ბულგარეთის მთავრობა გადადგა.
გადაწყვეტილების შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, როსენ ჟელიაზკოვმა ტელეეთერით გამოაცხადა.
საზოგადოებრივი უკმაყოფილების მიზეზი გახდა ბულგარეთის ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა და, ადგილობრივი მოსახლეობის შეფასებით, მასშტაბურ კორუფციასთან მისი წარუმატებელი ბრძოლა. ამან ათი ათასობით მოქალაქე ქუჩებში გამოიყვანა როგორც დედაქალაქ სოფიაში, ისე ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში.
მასშტაბური პროტესტის ფონზე, ბულგარეთის ხელისუფლებას მოუწია 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გაწვევა. ადგილობრივი ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ითვალისწინებდა მოსახლეობისთვის გადასახადების ზრდას.
თუმცა, ბიუჯეტის პროექტის გაწვევამდე, საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შეტაკებები მოხდა. ნიღბიანმა პირებმა ბულგარეთის მმართველი კოალიციის ოფისსა და პოლიციელებს სხვადასხვა ნივთი და საგანი დაუშინეს, დააზიანეს ზოგიერთი ადმინისტრაციული შენობა და ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ავტომანქანები. დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ბულგარეთის სახელმწიფო ბიუჯეტი განსაკუთრებული განხილვის საგანია იმ ფონზე, როდესაც 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ქვეყანა ევროზონის ერთიანი ვალუტის ნაწილი ხდება. ამავდროულად, ბულგარეთი არის ევროკავშირის ეკონომიკურად ყველაზე სუსტი სახელმწიფო, სადაც კორუფცია რჩება ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად.


