კატეგორიები

ისრაელის ავიაიერიშის შედეგად ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში შვიდი ადამიანი დაიღუპა

ისრაელის ავიაიერიშის შედეგად ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში შვიდი ადამიანი დაიღუპა
Copyright Euronews
ისრაელის ავიაიერიშის შედეგად ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში შვიდი ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ზღვისპირა რაიონ რამლეთ ალ-ბაიდაში, გამთენიისას იმ ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ათეულობით იძულებით გადაადგილებული ოჯახი დროებით გაშლილ კარვებს აფარებდა თავს.

შემთხვევის ადგილზე მივიდნენ მაშველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები, რომლებიც დაშავებულებს დახმარებას უწევდნენ. ამ დროისთვის უცნობია, ვინ იყო თავდასხმის სამიზნე.

ამავდროულად, ისრაელის მხარე აცხადებს, რომ ლიბანი ,,ჰეზბოლას“ მხარდამჭერია, რომელიც ირანთან ერთად ისრაელზე უფრო მასშტაბურ თავდასხმას გეგმავს.

,,ბოლო დღეებში საკმაოდ ინტენსიურად ისვრიან „ჰეზბოლაც“ და ირანიც, თუმცა ჩვენ მათ ვიგერიებთ. ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემები  მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და ამ ტერიტორიებიდან გაშვებული რაკეტების უდიდეს ნაწილს წარმატებით ანეიტრალებს.

როდესაც ლიბანს ვარტყამთ, ირანსაც ვასუსტებთ. მხოლოდ გასულ წელს, 2025-ში, ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ირანმა „ჰეზბოლას“ დაახლოებით ერთი მილიარდი აშშ დოლარი გადასცა.

„დღეს „ჰეზბოლა“ სუსტი ორგანიზაციაა, განსაკუთრებით იმასთან შედარებით, რაც ომის დაწყებამდე იყო. ჩვენ მის ლიდერობას მძიმე დარტყმები მივაყენეთ და მუდმივად ვუტევთ. ბოლო თვეებშიც არ შეგვიწყვეტია მისი გაძლიერებისა და ძალების აღდგენის მცდელობებზე შეტევა. ის ირანის ინტერესებს ემსახურება, ლიბანის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. ის ლიბანს კი არ იცავს, არამედ აზიანებს“ - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა ეფი დეფრინმა.

ადგილი,  სადაც ისრაელმა იერიში მიიტანა, საკმაოდ შორს მდებარეობს ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებიდან, სადაც სამხედრო ინფრასტრუქტურაა განლაგებული. სწორედ ამ სამხრეთ რაიონებში ისრაელის სამხედროებმა ბოლო დღეებში მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდეს და განაცხადეს, რომ ღამის განმავლობაში „ჰეზბოლას“ პოზიციებს უტევდნენ.

ახლო აღმოსავლეთში ომი უკვე მე-13 დღეა მიმდინარეობს. ისრაელის პრემიერის თქმით, ომი იქამდე გაგრძელდება, სანამ ისრაელისთვის საფრთხის შემცველი ორგანიზაციები და მხარდამჭერები სრულად არ განადგურდებიან.

Related news
ისრაელის ავიაიერიშის შედეგად ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში შვიდი ადამიანი დაიღუპა ისრაელს იერიშები მიაქვს „ჰეზბოლას“ სამიზნეებზე ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში