2014-იდან 2022 წლამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობა გაიზარდა. ის ევროპაში ყველაზე დიდი და ძლიერია. ჯარისკაცთა საერთო რაოდენობა 2.2 მილიონია, აქედან დაახლოებით 900,000 აქტიური პერსონალია, 1.3 მილიონი კი – რეზერვისტი. „ჯეიმსთაუნის“ მიერ მომზადებული ანგარიში დეტალურად აღწერს უკრაინის სამხედრო შტოების შემადგენლობასა და შესაძლებლობებს.
ამჟამად უკრაინულ ძალებში შედის 131 სხვადასხვა ტიპის მანევრული ბრიგადა, რომლებსაც მხარს უჭერს 15 საარტილერიო ბრიგადა, ასევე ოთხი საარმიო საავიაციო ბრიგადა, 14 საზენიტო ბრიგადა ან დანაყოფი. ყველა საბრძოლო ფორმირება აქტიურად იყენებს ელექტრონული ბრძოლის სისტემებსა და უპილოტო პლატფორმებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალებში ცხრა შტოა: სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო, საჰაერო-სადესანტო ძალები, საზღვაო ქვეითთა კორპუსი, სპეციალური ოპერაციების ძალები, ეროვნული გვარდია და ასე შემდეგ.
შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალია პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. თავდაცვის მინისტრია დენის შმიჰალი. შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი კი – გენერალი ოლექსანდრ სირსკი.
უკრაინის სახმელეთო ჯარები მოიცავს ოთხ რეგიონულ ოპერატიულ სარდლობას – აღმოსავლეთის, დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთისა.
უკრაინის სახმელეთო ძალების საბრძოლო წყობაში სამი სატანკო ბრიგადაა.
ამასთან ერთად მისტრუქტურაშია 41 მექანიზებული ქვეითთა ბრიგადა, შვიდი მოტორიზებული ქვეითთა ბრიგადა, შვიდი სპეციალიზებული მოიერიშე და 12 საარტილერიო ბრიგადა.
სახმელეთო ძალებს მხარს უჭერენ მბრუნავფრთიანი საარმიო ავიაციის ბრიგადები, რომლებიც აღჭურვილი არიან Mi-2, Mi-8 და Mi-24 ვერტმფრენებით. არსებობს ოთხი საარმიო ავიაციის ბრიგადა.
სახმელეთო ძალებში შედის ოთხი საჰაერო თავდაცვის პოლკი, რომლებიც უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი სამიზნეების, მაგალითად, სამეთაურო პუნქტების, დაცვას.
საჰაერო ძალების მთავარი სარდლობა დაყოფილია ოთხ საჰაერო სარდლობად. ესენია დასავლეთის, ცენტრალური, სამხრეთისა და აღმოსავლეთის სარდლობები. მოიერიშე/ბომბდამშენი თვითმფრინავები ორგანიზებულია ავიაციის შვიდ ტაქტიკურ ბრიგადაში.
საჰაერო ძალები ასევე მოიცავს 14 საზენიტო ბრიგადასა და დანაყოფს.
უკრაინის საზღვაო ფლოტის ყველა ძირითადი ზედაპირული საბრძოლო ხომალდი განადგურდა ან ჩაიძირა 2014 წელს, როდესაც კრემლმა ყირიმი დაიკავა. ქვეყანას დარჩა მხოლოდ საპატრულო ხომალდები და მცირე ზომის გემები. თუმცა, უკრაინის საზღვაო ძალებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს გემსაწინააღმდეგო რაკეტებითა და უპილოტო საზღვაო ხომალდებით ან დრონებით. ასევე უკრაინას ჰყავს ოთხი საზღვაო ქვეითთა ბრიგადა (მეხუთე იგეგმება), რომლებსაც მხარს უჭერს ორი სანაპირო თავდაცვის ბრიგადა, ორი საარტილერიო ბრიგადა და ერთი დრონების ბრიგადა.
კიევის სამხედრო ძალაა საჰაერო-სადესანტო ძალაც, იგი მოიცავს ათ საბრძოლო და ერთ დამხმარე საარტილერიო ბრიგადას.
ტერიტორიული თავდაცვის დანაყოფები შეიარაღებული ძალების ცალკე შტოს წარმოადგენს – ამჟამად 30 ასეთი ბრიგადაა.
ამასთან ერთად არსებობს ეროვნული გვარდიის 17 ქვეითი და ერთი საარტილერიო ბრიგადა. სასაზღვრო პოლიციის ოთხი და ეროვნული პოლიციის ორი ბრიგადა.
2024 წელს უკრაინამ შექმნა უპილოტო სისტემების ძალები, ის შეიარაღებული ძალების ცალკე შტოა, რომელიც ექვემდებარება მთავარსარდალს. ეს სახეობა სამ ბრიგადას გულისხმობს, ისინი აქტიურ ოპერაციებში არიან ჩართული.
საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს მონაცემებით, უკრაინის სამხედრო ძალები დამოკიდებული არიან დასავლელი მოკავშირეების მხარდაჭერაზე. შეერთებული შტატები ლიდერობდა უკრაინისთვის შეიარაღებისა და აღჭურვის მიწოდების პროცესს, უზრუნველყოფდა თანამედროვე იარაღისა და სადაზვერვო მონაცემების, დიდი ფინანსური რესურსის მიწოდებას. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა უსაფრთხოების თვალსაზრისით ყველაზე მეტი დახმარება გამოყო, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ, მთლიანობაში მაინც ევროპა ლიდერობს. ის უკრაინისთვის გაწეული ყველა ფინანსური და სამხედრო დახმარების დაახლოებით 60 პროცენტს უზრუნველყოფს.

