მთავარიაზიაღაზაორთვიანი პაუზის შემდეგ ისრაელმა ზიკიმის სასაზღვრო გამშვები პუნქტი გახსნა

ორთვიანი პაუზის შემდეგ ისრაელმა ზიკიმის სასაზღვრო გამშვები პუნქტი გახსნა

COGAT-მა, ისრაელის სამხედრო ძალების ქვედანაყოფმა, რომელიც ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანას ზედამხედველობს, ორი თვის შემდეგ პირველად, ზიკიმის სასაზღვრო გამშვები პუნქტი ხელახლა გახსნა, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ჩრდილოეთ ღაზის ჰუმანიტარული ტვირთით მომარაგების მხრივ.

ამასთან, მხარეებს შორის გრძელდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულება და დაღუპულთა ცხედრების გაცვლის პროცესი. ბოლო მონაცემებით ჰამასმა, ისრაელს კიდევ ერთი ცხედრის ნეშტი გადასცა. როგორც ვარაუდობენ ღაზაში ჯერ კიდევ რჩება სამი მძევლის ცხედარი.

ორთვიანი შეფერხების შემდეგ, 13 ნოემბერს, ზიკიმის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში სატვირთო მანქანები შევიდნენ.

COGAT-მა, ისრაელის სამხედრო ძალების ქვედანაყოფმა, რომელიც ჰუმანიტარული დახმარების შეტანას ზედამხედველობს,  12 ნოემბერს განაცხადა, რომ ხელახლა გახსნის გამშვებ პუნქტს, რათა ჰუმანიტარული დახმარებით სავსე სატვირთო მანქანები ღაზაში შევიდნენ. ეს გადასასვლელი პუნქტი ჩრდილოეთისთვის  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუმცა, Associated Press-ის რეპორტიორის თქმით, სატვირთო მანქანების უმეტესობას დახმარების ნაცვლად კომერციული საქონელი გადააქვს.

ამავდროულად, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა 12 ნოემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გაერო მნიშვნელოვნად ზრდის ტერიტორიაზე ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას. მიუხედავად იმისა, რომ გასულ თვეს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, ღაზის სექტორში შევიდა გარკვეული მარაგი, ის არ იყო საკმარისი პალესტინელთა საჭიროების დასაკმაყოფილებლად.

13 ნოემბერს ისრაელმა განაცხადა, რომ ღაზაში მებრძოლებმა გადასცეს ერთი ადამიანის ცხედარი. გარდაცვლილი, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მძევალია.

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის განცხადებით, ცხედარი „წითელი ჯვრის“ დახმარებით დაიბრუნეს.

დეირ ალ-ბალას რაიონში, შენიშნეს „წითელი ჯვრის“ მანქანები, რომლებითაც, სავარაუდოდ, ისრაელელი მძევლის ნეშტი გადაჰქონდათ.

მას შემდეგ, რაც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 10 ოქტომბერს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა, ისრაელს 24 მძევლის ცხედარი გადასცეს. თუ ისრაელი დაადასტურებს, რომ ის ერთ-ერთი მძევლის ნეშტია, ღაზაში მხოლოდ სამი მძევლის ცხედარიღა დარჩება.

სანაცვლოდ, ისრაელმა პალესტინურ მხარეს უკვე დაუბრუნა 315 პალესტინელის ნეშტი.

ჯანდაცვის ოფიციალური პირების განცხადებით, რადგან  დნმ-ის ანალიზის ჩატარების შესაძლებლობა არ აქვთ, იდენტიფიცირებული მხოლოდ 91-ია.

ისრაელი არ აკონკრეტებს, კიდევ რამდენი დაღუპული პალესტინელია მათთან, თუმცა ყოველ ჯერზე, როდესაც ღაზიდან ისრაელელი მძევლის ნეშტს გადასცემენ, სანაცვლოდ ისრაელი 15 ცხედარს უბრუნებს მათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend