ლაოსის პრეზიდენტი, ტონგლოუნ სისულითი 31 ივლისს მოსკოვს ეწვია, სადაც ის რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს შეხვდა.
ლაოსის პრეზიდენტის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 75-ე წელს, ლაოსის მთავრობას სურს რუსეთს საჩუქრად ორი სპილო გადასცეს.
მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა და ლაოსმა ბირთვული ენერგიის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. რუსეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, შეთანხმების მიზანია „ლაოსის ეკონომიკის იაფი და ეკოლოგიურად სუფთა ენერგიით უზრუნველყოფაა“.
„მშვიდობიანი ატომების სფეროში მოლაპარაკებების შედეგად დადებული შეთანხმებების მიზანი ლაოსის ეკონომიკის იაფი და ეკოლოგიურად სუფთა ენერგიით უზრუნველყოფაა. ჩვენი ლაოსელი მეგობრები ასევე დაინტერესებული არიან ბირთვული ტექნოლოგიების არაენერგეტიკული გამოყენებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა მედიცინა, სოფლის მეურნეობა, პერსონალის გადამზადება“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ თანამშრომლობას გავაძლიერებთ პოლიტიკისა და უსაფრთხოების მიმართულებით. ასევე, განსაკუთრებით გამორჩეულია ჩვენი ურთიერთობები პრაქტიკული მიმართულებით, რისი დასტურია დელეგაციების მუდმივი გაცვლა ლაოსის სახალხო არმიის სამხედრო მოსამსახურეთა მომზადებისა და გაწვრთნისთვის. დიდი მადლობა მინდა გამოვხატო რუსეთის მიმართ, ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის ერთობლივი წვრთნების ჩატარებისთვის“, – განაცხადა ლაოსის პრეზიდენტმა, ტონგლოუნ სისულიტმა.