მთავარისაქართველოსაპროტესტო აქციებისას დაკავებული 8 პირის საქმეზე მორიგი სხდომა 18 ივლისს გაიმართება

საპროტესტო აქციებისას დაკავებული 8 პირის საქმეზე მორიგი სხდომა 18 ივლისს გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული რვა პირის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა დასრულდა. დღევანდელ, 16 ივლისის, სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი ვალერიან მესხი, რომელმაც ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა 2-ჯერ ჩაატარა.

ის სხდომაზე დაახლოებით 4 საათის განმავლობაში პასუხობდა ბრალდებისა და დაცვის მხარის კითხვებს. მან განაცხადა, რომ ვიდეომასალები გამოიკვლია და ამოიცნო ბრალდებულები ზვიად ცეცხლაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი და გიორგი გორგაძე. მისი თქმით, თითოეულ ვიდეოში გამოსახულებებს არ აღენიშნებოდა მონტაჟის კვალი და ის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის ჩასატარებლად ვარგისი იყო. ექსპერტს კითხვები დაუსვეს, როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის წარმომადგენლებმა.

„დღევანდელ პროცესზე დაიკითხა ბრალდების მხარის მოწმე. ეს გახლავთ ექსპერტი, რომელმაც ჩაატარა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზები. რიგ შემთხვევაში ორჯერ, თავიდან როცა მას მიაწოდეს facebook-იდან გადმოწერილი ვიდეოები, ხოლო შემდეგ უკვე, როცა მიაწოდეს ამოღებული, შედარებით ხანგრძლივი ქრონომეტრაჟის ვიდეომასალა, თუმცა იმავე შინაარსისა და ხასიათის.

მოწმის ჩვენების დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის გარემოება, რომ მან ვერ დაასახელა მეთოდოლოგია, რომლითაც შეძლო იდენტიფიკაცია და იდენტურობის დადგენა ვიდეოკადრებზე, უფრო მეტიც დაცვის მხარემ მაგალითად მოიყვანა ციტატა და მეთოდოლოგია იმ სახელმძღვანელოსი, რომელსაც ეყრდნობოდა ექსპერტი, მისივე ექსპერტიზის დასკვნის თანახმად.

ამაზე ექსპერტმა თქვა, რომ ეს მეთოდოლოგია, რომელიც მასვე აქვს მითითებული და რომლის მიხედვითაც, მან ჩაატარა ექსპერტიზა, არის მოძველებული და ამ ნაწილში მას არ ეთანხმება. საუბარია ალექსანდრე მიხაელოვიჩ ზიმინზე, რუს იურისტზე, რომლის სახელმძღვანელოებიც იყო მთავარი წყარო ექსპერტიზის ჩატარების დროს”, – განაცხადა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.

სხდომის დაწყებისას ბრალდებული გიორგი გორგაძე შეუძლოდ გახდა. სასამართლოს ექიმმა მას პირველადი დახმარება გაუწია, შემდეგ კი სასწრაფოს ეკიპაჟი გამოიძახეს, რომელიც ადგილზე მოვიდა, თუმცა გიორგი გორგაძე სამედიცინო დაწესებულებაში არ გადაუყვანიათ. ცოტა ხნის შემდეგ სხდომა კვლავ განახლდა. თუმცა პირველი მოწმის დაკითხვისას გიორგი გორგაძემ თქვა, რომ სუსტადაა და ითხოვა, რომ დღევანდელ სხდომას აღარ დასწრებოდა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

სამ ბრალდებულს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხუთს კი მასში მონაწილეობას ედავება. შემდეგი სხდომა 8 პირის საქმეზე 18 ივლისს გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend