თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებისას დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის სასამართლო პროცესი გაიმართა.
სხდომაზე საქმეში წარმოდგენილი ორი მოწმე დაიკითხა – მათ შორის მოწმე პოლიციელი ირაკლი ნარიმანიძე, რომელმაც განაცხადა, რომ 2024 წლის 7 დეკემბერს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ გიორგი ახობაძე ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელია და რომ იგი „სისტემატურად ეწევა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას.“
გიორგი ახობაძე სამართალდამცველებმა 2024 წლის 7 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან შინ მიმავალი დააკავეს. პროკურატურა მას სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი ამბობს, რომ ნარკოტიკი „ჩაუდეს“. ერთ-ერთ პროცესზე მან განაცხადა, რომ დაკავებისას რამდენიმე ადამიანმა გაკოჭა – იგრძნო, რომ ჯიბეზე ეხებოდნენ, თუმცა მის ფიზიკურ შესაძლებლობებს აღემატებოდა, მათთვის წინააღმდეგობა გაეწია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 8-20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.