ინიციატივის გამოცხადებიდან ოთხ დღეში ნარკოპოლიტიკის გამკაცრების თაობაზე „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში რეგისტრირებულია.
მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიერ „ანტინარკოტიკულ რეფორმად“ წოდებულ კანონპროექტს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 14 მარტის სხდომაზე არც ერთი მოწინააღმდეგე არ ჰყოლია – არც ხმებისა და არც შინაარსის ნაწილში. „ქართულ ოცნებაში“ ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას ეროვნულ უსაფრთხოების მნიშვნელობის ნაბიჯს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ქართული კანონპროექტი, გლობალური გამოწვევებიდან გამომდინარე, დროულია.
„ნარკოპოლიტიკის საკითხთან დაკავშირებით კანონის გამკაცრება განეკუთვნება იმ ერთ-ერთ ნაბიჯს, რომელიც დაკავშირებულია ეროვნული უსაფრთხოების თემასთან. რეალურად შეიქმნა საშიშროება, რომ ნარკოტიკული საშუალებების შემოტანამ და გავრცელებამ მიიღოს ისეთი ხასიათი, რომელიც პირდაპირ დაარტყამს მომავალი თაობის შესაძლებლობას, იყოს კონკურენტუნარიანი შრომით ბაზარზე, იყოს დაცული გარკვეული გამოწვევებისაგან, თუნდაც, ჩემი აზრით, ნარკოტიკებითა და შესაძლოა, იარაღით დივერსიის შესაძლებლობისაგან.
იარაღითა და ნარკოტიკებით დივერსიის ფაქტები ჩვენ ვნახეთ 90-იან წლებში და ვნახეთ, რას დაამგვანა ამ დივერსიამ საქართველოს მთელი თაობა, რომელთა დიდი ნაწილი შეეწირა ომს, მაგრამ ამ ომის შემდეგ ვეღარ გაიუმჯობესეს მდგომარეობა და მათი ჯანმრთელობა დღემდე შელახულია. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მომავალი თაობა ამ საშიშროებისგან და განსაკუთრებით მკაცრები ვიყოთ მათ მიმართ, ვისაც შემოაქვს და ვინც პირადი გამორჩენის მიზნით ყიდის და ავრცელებს ნარკოტიკს და არამარტო პირადი გამორჩენის მიზნით, შესაძლოა, გარკვეული მიზნითაც, რომელიც უკავშირდება საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის რყევას“, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
„ქართული ოცნების“ ოპონენტების შეფასებით, ე.წ. „შავი ბაზრის“ მთავარი მომმარაგებელი თავად მმართველი პარტიის დავალებით მოქმედი ძალოვანი სტრუქტურაა. მათივე მტკიცებით, „ქართული ოცნება“ საკანონმდებლო პაკეტს პროპაგანდის მიზნითა და პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებს.
„უნდა ვებრძოლოთ და შეუპოვრები ვიყოთ ნარკორეალიზატორებთან, ოღონდ ერთხელ და სამუდამოდ, საღი თვალით და არა პოლიტიკური მიზნებით იმიტომ, რომ ის ეხება ადამიანების სიცოცხლეს და ამ ადამიანების მეორეხარისხოვან მოქალაქეებად და პროპაგანდის ინსტრუმენტებად გამოყენება უბრალოდ არ შეიძლება. ეს საკითხი ეხება ადამიანების სიცოცხლეს, ოჯახების ბედნიერებას, ამ ქვეყნის სიჯანსაღესა და სტაბილურობას. ერთხელ და სამუდამოდ, სწორად უნდა განვსაზღვროთ ის დოზები, რომლებიც ექვემდებარება რეალიზაციის მუხლს, ის დოზები, რომლებიც მომხმარებლებს შეიძლება, თან ჰქონდეთ და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მომხმარებლების დასჯა მოხმარებისთვის.
დედამიწის არცერთ წერტილში, ისტორიის არცერთ მომენტში მომხმარებლის მიმართ სადამსჯელო პოლიტიკა წარმატებული არ ყოფილა და არ მოუტანია ის შედეგი, რაც გვინდა – ადამიანების რესოციალიზაცია და ამ ჯოჯოხეთიდან ამოთრევა. ამიტომ ამ კანონმდებლობის ახლაც პროპაგანდის მიზნებისთვის გამოყენება, მოახდინონ იმ ადამიანების რეპრესიები, რომლებიც განსხვავებული პოლიტიკური აზრით არიან და ამ ფორმით გააშავონ, ამაზრზენია და მიმართულია ადამიანებისა და საქართველოს წინააღმდეგ“, – განაცხადა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა თაზო დათუნაშვილმა.
უფლებადამცველი ორგანიზაციების დიდი ნაწილი წლებია, საქართველოში არსებულ ნარკოპოლიტიკას აკრიტიკებს. უკმაყოფილება ხშირად გამხდარა ქუჩის პროტესტის მიზეზიც, რასაც „ქართული ოცნება“ „ლიბერალური რეფორმის გატარების“ დაპირებით პასუხობდა. გადაიდგა კონკრეტული საკანონმდებლო ნაბიჯებიც – მაგალითად, 2017 წელს, მარიხუანას მოხმარებაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გაუქმდა. თუმცა, დეკრიმინალიზაციიდან თითქმის 8 წლის შემდეგ „ქართული ოცნების“ პოზიცია შეიცვალა და ახლა პარტიის წარმომადგენლები ლიბერალურ ნარკოპოლიტიკას ანტიეროვნულს უწოდებენ.