მთავარისპორტიგუდაურში სნოუბორდ-კროსის მსოფლიო თასის ეტაპი დასრულდა

გუდაურში სნოუბორდ-კროსის მსოფლიო თასის ეტაპი დასრულდა

გუდაურმა კიდევ ერთ პრესტიჟულ საერთაშორისო შეჯიბრებას უმასპინძლა. სკი-კროსის მსოფლიო თასის შემდეგ საქართველოს გამორჩეულ სამთო-სათხილამურო კურორტს სნოუბორდ-კროსის მსოფლიო ვარსკვლავები ეწვივნენ.

გუდაურას საშეჯიბრო ტრასაზე 21 ქვეყნის 88 სპორტსმენმა იასპარეზა და მაყურებელს დაუვიწყარი სანახაობა აჩუქა.

8 მარტს ფინალური ეტაპი იაკობ დუშეკისა და ჟულია პერეირა დე სოუსას გამარჯვებით დასრულდა. ავსტრიელმა იაკობ დუშეკმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული პირველად ბაკურიანში, ფრისტაილის ფრისკისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა, გუდაურში კი მსოფლიო თასის ეტაპის გამარჯვებული გახდა. ფრანგმა ჟულია პერეირა დე სოუსამ კი მსოფლიო თასზე საუკეთესო სამეულში ადგილი ბოლო 3 წლის განმავლობაში პირველად მოიპოვა.

„ეს გამარჯვება ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, პოდიუმზე ბოლო 3 წლის განმავლობაში პირველად ავედი. ბევრი ტრავმა მქონდა, ცოტა ხნის წინ კი მამა დავკარგე. მინდა ეს გამარჯვება მას მივუძღვნა, ამიტომაც ვიყავი ასეთი ემოციური გამარჯვების შემდეგ. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ. ვიცოდი, რომ ფინალურ დაშვებაში ჩემი მეგობრის წინააღმდეგ ვიასპარეზებდი. ლეა კასტასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, აქაც ერთ ოთახში ვრჩებით. მას შესანიშნავი სეზონი აქვს, თუმცა მიხარია, რომ დღეს მასზე უფრო სწრაფი მე ვიყავი. გუდაური ძალიან მომწონს, ეს მზიანი ადგილია და ძალიან ჰგავს ჩემს სამშობლოს, სამხრეთ საფრანგეთს. ეს ჩვენთვის სეზონის ბოლო დღეებია, ძალიან ვისიამოვნე აქ ყოფნით“, – თქვა ჟულია პერეირა დე სოუსამ.

„ძალიან მიხარია, რომ დღეს გავიმარჯვე. ბოლო რამდენიმე კვირა ჩემთვის წარუმატებელი იყო, აქ კი პირველი ადგილი დავიკავე. საქართველოში ყოფნა ძალიან მომწონს, აქ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან შეჯიბრებაში მივაღწიე წარმატებას, თუ საშუალება მომეცემა აქ საასპარეზოდ სიამოვნებით დავბრუნდები”, – ამბობს იაკობ დუშეკი.

9 მარტს მსოფლიო თასის ეტაპზე ქალთა შორის გამარჯვებული შარლოტ ბენკსი გახდა, რომელიც შეჯიბრების ერთ-ერთი ლიდერია და საერთო ჩათვლაშიც ლიდერობს, კაცთა თანრიგში კი გაიმარჯვა ჟულიენ ტომასმა, რომელმაც საპრიზო ადგილი კარიერაში პირველად დაიკავა.

სნოუბორდ-კროსის მსოფლიო თასის ეტაპი ბოლო საერთაშორისო შეჯიბრებაა, რომელსაც საქართველომ ზამთრის მიმდინარე სეზონზე უმასპინძლა. ფრისტაილის, ფრისკისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ საქართველოს საერთაშორისო შეჯიბრებებსა და მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენებს ყოველწლიურად მასპინძლობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend