უკვე სამი დღეა, რაც კუბის 10-მილიონიან მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. პარასკევს, 18 ოქტომბერს კუბის მთავარი ელექტროსადგურის ფუნქციური გაუმართაობის გამო ელექტროენერგიის მიწოდება მილიონობით ადამიანს შეუწყდა.
განცხადება კუბის ენერგეტიკის სამინისტრომ გაავრცელა. შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე ხელისუფლებამ დააანონსა, რომ ელექტროსადგური შეკეთებას საჭიროებდა და ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეწყდებოდა. თუმცა ელექტროენერგია უკვე მესამე დღეა არ აღდგა.
კუბის პრემიერ-მინისტრმა, მანუელ მარერომ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ პრობლემის აღმოფხვრისთვის ყველაფერს აკეთებენ. უწყვეტი სამუშაოების შემდეგ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ მოახერხეს გარკვეულ უბნებზე ელექტროენერგიის აღდგენა, თუმცა ეს არ იყო საკმარისი.
მთავრობა იძულებული გახდა, მოთხოვნის შესამცირებლად გადაუდებელი ზომები მიეღო, კერძოდ, შეწყდა სასწავლო პროცესი სკოლაში, დაიხურა რამდენიმე საჯარო სამსახური და შეწყდა არასაჭირო სერვისების მიწოდება.
„ზოგი ფიქრობს, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება გაუარესდება და სიტუაცია არ გამოსწორდება. გეუბნებით სრულად ობიექტურად და გამჭვირვალედ, ჩვენ არ ვართ უფსკრულის ფსკერზე. მოგვიწია ეკონომიკისა და რამდენიმე ინსტიტუტის პარალიზება, რათა მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მინიმალური მიწოდება შეგვძლებოდა“, – აცხადებს კუბის პრემიერ-მინისტრი, მანუელ მარერო.
აგრეთვე, პრემიერ-მინისტრი გეგმავს, შეცვალოს ელექტროენერგიის ტარიფი მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებისთვის, რადგან მისი თქმით, სწორედ კომპანიების მიერ ელექტროენერგიის მოხმარების ზრდამ განაპირობა მთავარი ელექტროსადგურის გადატვირთვა და მწყობრიდან გამოყვანა. ბრიფინგს ესწრებოდა ენერგეტიკის მინისტრი, ალფრედო ლოპესიც, რომელმაც აღნიშნა, რომ თერმოელექტროსადგური მოძველდა და რემონტს საჭიროებს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კუბა ენერგოდეფიციტს განიცდის, თუმცა ბოლო ორ წელიწადში მდგომარეობა ბევრად გაუარესებულია. ამჟამად დეფიციტი 40%-ია. ოფიციალური ინფორმაცია, თუ როდის აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება, არ არსებობს.