საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამართა ბრიფინგი, სადაც მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა. პრეზიდენტმა სამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება.
„მინდა, პირველ რიგში ყურადღება მივაპყრო ჩვენს დიასპორას, რომელიც ძალიან გააქტიურდა რეგისტრაციის კუთხით. მიუხედავად ცესკოს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საკონსულოების მცდელობისა, რომ ასე არ მომხდარიყო, დიასპორის ბევრი წარმომადგენელი დარეგისტრირდა და ახლა არის საკონსულოების, საგარეოსა და ცესკოს პასუხისმგებლობა, ისე მოაწყონ ეს უბნები, რომ არჩევნების დღეს არ შეიქმნას პრობლემა. პასუხისმგებლობა იქნება უშუალოდ მათი”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მან ასევე ისაუბრა არჩევნებში მოქალაქეების ხმების დაცვაზე და თქვა, რომ ყველა მოქალაქე პასუხისმგებელია, დაიცვას პირველ რიგში საკუთარი და შემდეგ სხვა მოქალაქეების ხმა.
„და რაც მთავარია, მობილიზაცია, მისვლა არჩევნებზე. არაერთხელ მითქვამს და მინდა გავიმეორო, რომ მთავარი მტერი გაყალბებისა არის მობილიზაცია. ჩვენი ყველას პასუხისმგებლობაა, მივიდეთ არჩევნებზე და არც ერთი ხმა არ დარჩეს გამოუყენებელი”.
მისივე თქმით, არჩევნების დღეს პრეზიდენტის რეზიდენციაში მოეწყობა საკოორდინაციო პლატფორმა, „რათა ჩვენ გავუწიოთ მონიტორინგი ყველაფერ იმას, რაც იმ დღეს მოხდება და შემდეგ ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.