„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გვიან ღამით მსვლელობა თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე გამართეს.
აქცია-მსვლელობის დროს დემონსტრანტებმა გმირთა მოედანი გადაკეტეს, რის შემდეგაც ისინი სხვადასხვა მიმართულებით დაიძრნენ. ნაწილმა ვაკეში ჭავჭავაძის გამზირისა და მოსეშვილის ქუჩაზე გადაინაცვლა. ნაწილმა კი მტკვრის ორივე სანაპირო გადაკეტა. პარალელურად, აქციის მონაწილეების ნაწილი პარლამენტის წინ დარჩა, სადაც რუსთაველის გამზირი იყო გადაკეტილი.
პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე თბილისში ვიზიტით მყოფი ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები მივიდნენ და აქციის მონაწილეებს სცენიდან სიტყვით მიმართეს. “შეაჩერეთ ეს კანონი” – ასე მიმართა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა საქართველოს ხელისუფლებას.
საკანონმდებლო ორგანოს წინ აქციამ, რომელიც დილიდან მიმდინარეობდა, მასშტაბური სახე მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი“ მესამე მოსმენით მიიღო.
აქციას მსვლელობით შეუერთდნენ სტუდენტებიც.
კანონპროექტის მიღებას პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ოვაციები და სტვენა მოჰყვა. აქციის რამდენიმე მონაწილემ სპეციალურად მოწყობილი რკინის ჯებირის დაზიანება სცადა. ამ დროს სამართალდამცველების დიდმა რაოდენობამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდა დაიწყეს, რასაც მოჰყვა შეტაკებები სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის.
აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 16 დემონსტრანტი. არიან დაშავებულებიც.
საქართველოში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები თვეზე მეტია მიმდინარეობს. მასშტაბური გამოსვლების მიუხედავად ქართულმა ოცნებამ კანონი მესამე მოსმენით მაინც მიიღო.