წინანდალში კლასიკური მუსიკის ფესტივალი იწყება. წინანდლის ისტორიულ მამულში პან-კავკასიურ ორკესტრი უკვე შეიკრიბა სრული შემადგენლობით და ახლა ბოლო რეპეტიციებს გადის. ორკესტრი 77 ახალგაზრდა მუსიკოსით არის დაკომპლექტებული, რომლებიც 7 ქვეყანას წარმოადგენენ.
ორკესტრს 31 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მსოფლიოში ცნობილი დირიჟორები გაუძღვებიან – ჯანანდრეა ნოზედა, მანფრედ ჰონეკი, ვახტანგ კახიძე და კრისტოფ კონცი. მსმენელები ასევე მოისმენენ ვირტუოზულ სოლისტებს, რომელთა შორისაა ბორის გილტბურგი, მაო ფუჯინა, ოლგა შეპსი, დევიდ გარეტი და სხვები. 11 დღის განმავლობაში წინანდალში 25 კონცერტი გაიმართება.
აშშ-ის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და „ციურიხის ოპერის“ მუსიკალური დირექტორი ჯანანდრეა ნოზედა, ხან ინგლისურად , ხანაც იტალიურად უძღვება ორკესტრის რეპეტიციას. მუსიკოსები კი საერთაშორისო ახალგაზრდული პანკავკასიური ორკესტრის წევრები არიან.
„უპირველეს ყოვლისა ძალიან ბედნიერი ვარ რომ წინანდლის ფესტივალის საიუბილეო სეზონზე საქართველოში ვარ. პანკავკასიური ორკესტრის ახალგაზრდა მუსიკოსებთან მუშაობისას უკვე დიდი სამსახური გასწიეს მათმა მასწავლებლებმა. ფანტასტიკურ დონეზე მომზადებულები დამხვდნენ ახალგაზრდები. ძალიან აღელვებული ვარ, რადგან 2 კონცერტი უნდა ჩავატარო, 31 აგვისტოს და შემდეგ 3 სექტემბერს. სცენაზე ჩემთან ერთად იქნებიან იეფიმ ბრონფმანი, აუგუსტინ ჰადელიხი და ამიჰაი გროში, ვისთან ერთადაც ავაჟღერებთ ბრამსისა და ჩაიკოვსკის სიმფონიებს. ძალიან მიყვარს ეს ფესტივალი. ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა, ვფიქრობ რომ უდიდესი პოტენციალი დევს აქ, რომელსაც გამოვლენის კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობები აქვს. კულტურა, სამზარეულო, ღვინო, ზრდილობიანი და გულისხმიერი ადამიანები – ვფიქრობ, ყველაფერი ეს ხელს უწყობს იმას, რომ წინანდლის ფესტივალი უნიკალური გახდეს. კარგია აქ ყოფნა და აქაური ჰაერის შეგრძნება. აქ შეიძლება შეიქმნას დიადი მუსიკა, არამხოლოდ პანკავკასიურ ორკესტრთან არამედ ვირტუოზ სოლისტებთან ერთად“, – აღნიშნავს აშშ-ის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ციურიხის ოპერის მუსიკალური დირექტორი ჯანანდრეა ნოზედა.
გამორჩეულ სეზონზე მაყურებლების წინაშე კვლავ წარდგება 13 წლის ქართველი მუსიკოსი ცოტნე ზედგინიძე, ხოლო ფესტივალს ორი კონცერტით დახურავს მსოფლიო ვარსკვლავი, მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი.
კლასიკური მისიკის არაჩვეულებრივი ნიმუშების მოსმენის გარდა, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, ფესტივალის საგანგებო მოვლენებსაც დაესწრონ – მსახიობი ნინო კასრაძე ფესტივალის აუდიტორიას მიუძღვნის პერფორმანსს ჟან კოქტოს პიესიდან „ადამიანის ხმა“, საგანგებო საღამოს გამართავენ სუხიშვილები, დამსწრენი იხილავენ გიორგი გიგაშვილის, ლიზა კერესელიძისა და სხვა შემსრულებლების საღამოებს.
„მოწვეული გვყავს არაჩვეულებრივი არტისტები მთელი მსოფლიოდან – ბორის გილტბურგი, მაო ფუჯიტა, ოლგა შეფსი, დევიდ გარეტი, მიხალ გროსი. კონცერტები არის მრავალფეროვანი როგორც სოლო, ასევე სიმფონიური ორკესტრისა და კამერული ორკესტრების. განსაკუთრებული საღამო გვაქვს ნინო კასრაძესთან ერთად. ეს იქნება ერთი ადამიანის თეატრი. წინანდალი გახდა 5 წლის რაც ძალიან დიდი მიღწევაა. 5 წელიწადში უკვე მოვახერხეთ ის, რომ მსოფლიო წამყვან მუსიკალურ სცენაზე დავიმკვიდრეთ ადგილი. მთელი მსოფლიო ლაპარაკობს წინანდლის ფესტივალის შესახებ და ვფიქრობ რომ წელს კიდევ უფრო საზეიმო ვითარება იქნება“, – განაცხადა წინანდლის ფესტივალის არტისტების მენეჯერმა დავით ციცქიშვილმა.
წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 2018 წელს დაარსდა. ფესტივალის იდეა არა მხოლოდ ის არის, რომ საქართველოში კლასიკური მუსიკის მსოფლიო და უდიდესი ვარსკვლავები ჩამოდიოდნენ, არამედ ისიც, რომ წინანდლის მამული საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრად გადაიქცეს.