2026 წელს ბერლინის ტრადიციული საერთაშორისო ტურისტული გამოფენის - მსოფლიო ტურიზმის ყველაზე დიდი კომერციული ღონისძიების - მე-60 წლისთავი აღნიშნეს.
წლევანდელი გამოფენა დიდი გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე გაიმართა. ღონისძიებას ქვეყნების უმეტესობა მაინც დაესწრო, მაგრამ საგამოფენო სივრცეში საუბარი ძირითადად მაინც უსაფრთხოებისა და წინააღმდეგობის გაწევის უნარის ირგვლივ ტრიალებდა.
მართალია, გამოფენა ბერლინში ტარდება, მაგრამ მისი მასპინძელი ქვეყანა წელს ანგოლა იყო.
“გვინდა, ჩვენი ქვეყანა წარმოვაჩინოთ, რადგან კარგად ვიცით, რომ არავინ ჩადის ისეთ ადგილას, რომელზეც არაფერი იცის,“ - ამბობს მარსიო დე ჟეზუს ლოპეს დანიელი, ანგოლის რესპუბლიკის ტურიზმის მინისტრი. „ამიტომ გვსურს, ჩვენი თავი მსოფლიოს გავაცნოთ. ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის მასპინძლობა კარგად აჩვენებს, თუ რამდენად დიდი ამბიცია აქვს ანგოლას. ქვეყნების უმეტესობა რომელიღაც ერთი პროდუქტით არის ცნობილი. ანგოლაში კი აფრიკისთვის დამახასიათებელი ხუთივე ცხოველი (ლომი, ლეოპარდი, მარტორქა, სპილო და აფრიკული კამეჩი) და კიდევ გორილა ბინადრობს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია, გაჩვენოთ ცხოველები მათ ბუნებრივ გარემოში და გაგასეირნოთ ტროპიკულ ტყეებში. ჩვენთან არის მსოფლიოში ყველაზე ძველი უდაბნო - ნამიბიის უდაბნო - და აფრიკაში მეორე ყველაზე დიდი ჩანჩქერი - კალანდულა.“
ბერლინის ტურისტული გამოფენის მთავარი თემა სათავგადასავლო ტურიზმი იყო. მოგზაურებისთვის ეს არის დიდი ქალაქებიდან გასვლისა და ბუნების საოცრებით ტკბობის საშუალება.
„ინდონეზია თავისი 17 ათასი კუნძულით თავგადასავლების დედაქალაქია,“ - განმარტავს ნი მადე აიუ მარტინი, ინდონეზიის ტურიზმისა და კრეატიული ეკონომიკის მინისტრის მოადგილე. „ჩვენთან 150 ვულკანია, რომელთაგან ზოგიერთი მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ვულკანად ითვლება. ამას მე კი არ ვამბობ, ტურისტები ამბობენ, მათი სიტყვებია. მაგალითად, მთელ მსოფლიოში ცნობილი მთა რინჯანი ყველაზე ლამაზ ვულკანია მსოფლიოში. თუ ამ მთაზე ახვალ, პირდაპირ სამოთხეში მოხვდები, როგორც ამბობენ“.
„აზერბაიჯანი შესანიშნავი ადგილია, სადაც თუ ჩახვალ, მშვენიერ ბუნებას ნახავ, მაგალითად, შაჰდაღის ქედს ან მზის ჩასვლას დაესწრები აქატის მთებში, რომლებიც მზის ჩასვლის დროს საოცარი ნარინჯისფერი ხდება“, - ამბობს ფლორიან ზენგსტშმიდი, აზერბაიჯანის ტურიზმის სააგენტოს ხელმძღვანელი.
მრავალი ტურისტული მიმართულების გამოცდილება აჩვენებს, რომ ტურისტები ცნობილი ტურებისა და ადგილების ნაცვლად უფრო ავთენტურ და შთამბეჭდავ ადგილებს ეტანებიან.
„ბევრი კარგად იცნობს სხვა ქვეყნების მთებს,“ - განმარტავს აზერბაიჯანის ტურიზმის სააგენტოს ხელმძღვანელი. „კავკასიის მთიანეთში ლაშქრობა კი მრავალი ტურისტისთვის სრულიად ახალი გამოცდილება იქნება, აქ ისინი საკუთარ ინტუიციას გაჰყვებიან და ახალ ქედებს ნახავენ. ჩემი აზრით, ლაშქრობა ის განსაკუთრებული ტრენდია, რომელიც გაკავშირებს ბუნებასთან, ხალხთან, მთის სოფლებთან, ეროვნულ წეს-ჩვეულებებთან, სოფლის ტრადიციებთან, იქნება ეს სპილენძის დამუშავებისა თუ აბრეშუმის ქსოვილის მიღების ოსტატობა და ტრადიცია, ან მთის ბალახეულის შეგროვება დიდი კავკასიონის ქედზე. ამიტომ მგონია, რომ ლაშქრობა ის შესანიშნავი მიმართულებაა, რომელიც ასეთი შინაარსიანი პუნქტებით აკავშირებს მოგზაურს სასურველ დანიშნულების ადგილთან“.
“გპირდებით, რომ მონტენეგროს სამზარეულო ნამდვილად მოგეწონებათ“ - ამბობს სიმონიდა კორდიჩი, მონტენეგროს ტურიზმის მინისტრი. „ეს პროდუქტი ადგილზეა მოწეული და იმ მიწის, ბალახისა და ჰაერის გემო აქვს. და ამ საჭმელს აუცილებლად უნდა დააყოლო ჩვენი შესანიშნავი ღვინო. პირადად მე ვრანაცი მიყვარს. ვრანაცი ენდემური ყურძნის ჯიშია. ის ძირითადად მოდის მონტენეგროსა და მაკედონიაში. ის ცოტათი იტალიურ პრიმიტივოს ჰგავს, ეს მდიდრული წითელი ღვინოა. ეს ღვინო საკმაოდ მაგარია, თუმცა ძალიან უხდება იმ გემრიელ საჭმელს, რომელიც შეგიძლიათ ჩვენს ქვეყანაში მიირთვათ“.
თუმცა ტურიზმის განვითარება ტურისტის მისაზიდად მხოლოდ ახალ-ახალი გასართობის დამატება არ გახლავთ. პირველ რიგში, ტურისტს სასურველ ადგილამდე მისვლა უნდა გაუადვილო.
„პრობლემა, როგორც წესი, ამა თუ იმ ადგილთან მისვლაა და იქაური ინფრასტრუქტურაა“, - განმარტავს ინდონეზიის ტურიზმისა და კრეატიული ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.
“მოხარული ვარ, გითხრათ, რომ 2026 წელს ყველა საოცარ ადგილას მისვლა გაცილებით მარტივი იქნება, ვიდრე გასულ წელს. წელს 130-ზე მეტი ავიამიმართულება გვექნება, ასე რომ, დაკავშირების საკითხი მკვეთრად გაუმჯობესდა“, - ამბობს მონტენეგროს ტურიზმის მინისტრი.
“თუ გინდა, ადგილობრივ კულტურას ეზიარო, ამას მალაიზიაში ყველგან შეძლებ,“ - განმარტავს მოჰდ ამირულ რიზალ აბდულ რაჰიმი, მალაიზიის ტურიზმის განვითარების სააგენტოს გენერალური დირექტორი. „უბრალოდ ტურისტები უნდა დააკავშირო სასურველ მიმართულებასთან. მათ შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ მალაიზიელების ცხოვრებაში. სწორედ ეს გვინდა, წელს ხალხს შევთავაზოთ“.
ტურიზმის ინდუსტრია იმედოვნებს, რომ გაუმჯობესებული კომუნიკაციის მეშვეობით ტურისტების მრავალფეროვან ნაკადს მიიღებს და ტურიზმი ისევ წარმატებით განვითარდება.
ავტორი: ჰანა ბრაუნი
