კატეგორიები

“მთავარი კითხვა”: რამდენად აგვარებს დასაქმების პრობლემას საკუთარი ბიზნესის დაფუძნება?

“მთავარი კითხვა”: რამდენად აგვარებს დასაქმების პრობლემას საკუთარი ბიზნესის დაფუძნება?
Copyright Euronews

ანჯელა ბარნესი, ევრონიუსი: “ვენთან სტუმრად არის სიუ დუკი Sue Duke, LinkedIn პლატფორმის ევროკავშირის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ფილიალების მმართველი დირექტორი. შეგიძლიათ, აგვიხსნათ, მაინც რა მდგომარეობაა  ევროპის დასაქმების ბაზარზე დღეს?”

სიუ დუკი, LinkedIn-ის EU & LATAM-ის მმართველი დირექტორი: “ამჟამად დასაქმების ბაზარი დუნეა, მაგრამ სტაგნაციას არ განიცდის. მუშახელის დაქირავების მაჩვენებელი დაახლოებით 20-35%-ია. დასაქმების ბაზარზე ძალიან მაღალია კონკურენცია. როდესაც სამსახურს ეძებ, ერთ ვაკანსიაზე საშუალოდ ორჯერ მეტი განაცხადი შედის, ვიდრე ორი წლის წინ. მეორე მხრივ, ვამჩნევთ, რომ ხალხი ეჭიდება ერთ სამსახურს, რადგან არცთუ ისე ბევრი ვაკანსია იდება. ვხედავთ, რომ დასაქმებულებიც და დამსაქმებლებიც ელოდებიან, რა მოხდება. სამსახურის შეცვლა, ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლა, ჩვენი პლატფორმის მონაცემების მიხედვით, 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ მაჩვენებელზეა. ასეთი ფართოდ გავრცელებული სიფრთხილე აიძულებს დასაქმებულებს, რომ მყარად ისხდნენ ერთ ადგილზე და დააკვირდნენ, რა მოხდება. და როცა რამე ვაკანსია ჩნდება, ძალიან, ძალიან მაღალია კონკურენცია. თუმცა რამდენიმე ნათელი წერტილიც არსებობს, ისეთ სექტორებში, როგორებიცაა, მაგალითად, ჯანდაცვა და სამთავრობო სტრუქტურები, საქმე კარგად მიდის. გარკვეულ სფეროებში კი უბრალოდ ვაკანსიების ბუმია. ერთ-ერთი ასეთი სფეროა, მაგალითად, ხელოვნური ინტელექტი, ხელოვნურ ინტელექტზე დამოკიდებული ვაკანსიები, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტის ინჟინერი, მონაცემთა ანალიტიკოსი, წინა ხაზის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრები. ამ პროფესიებსა და კვალიფიკაციებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა შრომის ბაზარზე“.

ანჯელა ბარნესი, ევრონიუსი: „თქვენი აზრით, რა არის შრომის ბაზრის ვარდნის მიზეზი?“

სიუ დუკი, LinkedIn-ის EU & LATAM-ის მმართველი დირექტორი:

„ჩვენი დაკვირვებით, ის ტენდეცია, რომელიც ასე ფართოდ გავრცელდა ახლა, არის პანდემიის შემდეგ დაქირავების რეკოდულად მაღალი დონის თანდათან დასტაბილურება. კომპანიები ცდილობენ, სწორი ზომა შეარჩიონ. მეორე ფაქტორი ის არის, რომ საპროცენტო განაკვეთების ზრდის გამო დამქირავებლები უფრო ფრთხილობენ. გარდა ამისა, ძალიან გაიზარდა ეკონომიკაში ბუნდოვანების ფაქტორი, როგორც ვხედავთ. და, რა თქმა უნდა, ამის გამო როგორც დიდი, ისე მცირე კომპანიები თავს იკავებენ, სანამ ნაბიჯს გადადგამენ და ახალი კადრების აყვანას გადაწყვეტენ, ელოდებიან, როგორ განვითარდება მოვლენები“.

ანჯელა ბარნესი, ევრონიუსი: “**ტრადიციულ პროფესიებზე გამოცხადებულ ვაკანსიებზე ამჟამად არსებულ მაღალ კონკურენციას თუ გავითვალისწინებთ, როგორ შეიცვალა, თქვენი დაკვირვებით,  LinkedIn-ის მომხმარებელთა ქცევა?“

სიუ დუკი, LinkedIn-ის EU & LATAM-ის მმართველი დირექტორი: „მხოლოდ გასულ წელს ჩვენი პლატფორმის წევრებს შორის 60%-ით მოიმატა იმ ადამიანების რიცხვმა, რომლებმაც საკუთარ პროფილზე დაამატეს სტატუსი „დამფუძნებელი“.  ჩვენი დაკვირვებით, გამოჩნდა ხალხი, განსაკუთრებით ახალ თაობაში, რომელმაც საკუთარი ბიზნესის დაარსება გადაწყვიტეს. ისინი ფიქრობენ, რომ, რაკი ჩემი მოსაწონი ადგილი არ გამოჩნდა ამა თუ იმ კომპანიაში, რატომ არ უნდა დავიწყო საკუთარი ბიზნესიო? რა  მიშლის ხელს, შევქმნა საკუთარი საქმიანობისა და მომსახურების პორტფოლიო, რომელიც მოითხოვს იმ კვალიფიკაციას, რომელიც მაქვს და რომელიც პასუხობს ჩემს ღირებულებებს? ამიტომაც ვხედავთ ჭეშმარიტი სამეწარმეო სულის ასეთ გავრცელებას ჩვენს პლატფორმაზე“.

ანჯელა ბარნესი, ევრონიუსი: „ეს ახალ თაობას ახასიათებს?“

სიუ დუკი, LinkedIn-ის EU & LATAM-ის მმართველი დირექტორი: „ჩვენი დაკვირვებით, ძველი თაობა, როგორც წესი, ძველ სამსახურს ეჭიდება, ხოლო ახალ თაობას ურჩევნია, დატოვოს სამსახური და საკუთარი საქმე დაიწყოს. როგორც ეს ხალხი გვეუბნება, 10-იდან 4-ს ურჩევნია, საკუთარი ბიზნესი დაიწყოს, მართოს და მისი დამფუძნებელი იყოს, რომ რაღაც გააკეთოს. ასე რომ, ამას მხოლოდ ეკონომიკური გარემო არ უწყობს ხელს,  ამ თაობაში ძალიან მძაფრია სამეწარმეო სულისკვეთება, რომელიც ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს მუშაობის მიზანს, რა ფასეულობებს ეყრდნობა სამსახური, ასევე სამსახურთან დაკავშირებულ ტრადიციულ მოთხოვნებს, თუ რას უნდა ელოდო მისგან. სწორედ ამიტომ ტოვებს ასეთი ხალხი სამსახურს და თავის ხელში იღებს საკუთარი კარიერის განვითარებას, აფუძნებს ახალ ბიზნესს, მიდის და რაღაცას ქმნის“.

ანჯელა ბარნესი, ევრონიუსი: „როგორ გგონიათ, არის თუ არა მოთხოვნა იმ ახლად კურსდამთავრებულების კვალიფიკაციებზე, რომლებიც ახლა შედიან შრომის ბაზარზე?“

სიუ დუკი, LinkedIn-ის EU & LATAM-ის მმართველი დირექტორი: „სამსახურთან, კვალიფიკაციასთან და დასაქმებასთან დაკავშირებული ცვლილებების ტემპს ყველა ჩვენგანზე აქვს გავლენა.  LinkedIn-ის პლატფორმაზე განთავსებული ვაკანსიების საშუალო მაჩვენებლის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მიგვაჩნია, რომ 2030 წლისთვის ამ სამუშაოებისთვის საჭირო უნარების 70% შეიცვლება. ეს არ ეხება მხოლოდ დამწყებ კადრებს, არამედ ყველას.  შეიძლება ითქვას, რომ ახლად კურსდამთავრებულებს, რომელთაც უნივერსიტეტი  დაასრულეს, განათლების მიღება ჯერაც არ დაუსრულებიათ. მათთან ერთად ეს გვეხება ჩვენ -  ყველას. ერთი რამ, რაც ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, როგორც დასაქმებულებმა, ისე კომპანიებმა და მთავრობამ, ის არის, თუ როგორ ვაპირებთ ამ უწყვეტი და ფართომასშტაბიანი კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროცესის სწრაფად დანერგვასა და გაფართოებას. რადგან ეჭვგარეშეა, რომ მუშაობის კონცეფციას ძალიან ღრმა და ყოვლისმომცველი ტრანსფორმაციის გავლა მოუწევს. და ყველა ჩვენგანის ვალია, გავერთიანდეთ და უზრუნველვყოთ, რომ ყველა ადამიანმა შეძლოს, დაეუფლოს იმ ცოდნას, რომელიც მას სჭირდება.   ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტი ნამდვილად იქნება ხელოვნური ინტელექტი. ჩვენს პლატფორმაზე  Microsoft-თან დავიწყეთ თანამშრომლობა. ბოლო 5 წლის განმავლობაში ცოდნის უფასოდ მიღების გზებს ვთავაზობდით მომხმარებელს, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს ასწავლიდა მსრუველებს.  80-მა მილიონმა ადამიანმა ისარგებლა ამ შეთავაზებით“.

ანჯელა ბარნესი, ევრონიუსი: „და ბოლოს, როგორი იქნება, თქვენი პროგნოზით, დასაქმების ტენდენციები მომავალში?“

სიუ დუკი, LinkedIn-ის EU & LATAM-ის მმართველი დირექტორი: „რაზეც ვსაუბრობდით, ეს ნამდვილად  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, რომელიც გარდაქმნის სამუშაო ადგილს რამდენიმე წელიწადში, ხელოვნურ ინეტელექტს ვგულისხმობ. უკვე ვხედავთ, როგორ იკიდებს ხელოვნური ინტელექტი ფეხს შრომის ბაზარზე, მაგრამ, ჩვენი პროგნოზით, ის კიდევ უფრო ფართოდ და სწრაფად გავრცელდება. შესაბამისად, იმას, თუ როგორია ინოვაციის, პროდუქტიულობის, კონკურენციისა და ზრდისგან მიღებული სარგებელი, ის ორგანიზაციები, დასაქმებულები და მთავრობები განსაზღვრავენ,  რომელთაც ფეხი აუწყეს ამ ტექნოლოგიას.  ყველაზე მეტად სწორედ ისინი გვჭირდება ახლა. ისინი იქნებიან ის მუშახელი, ორგანიზაცია და ეკონომიკა, რომლებიც წარმატებს მიაღწევენ. ამიტომ ჩვენი ვალია ახლა, შევქმანთ ყველა პირობა იმისთვის, რომ ჩვენს დასაქმების ბაზარზე და ჩვენს ორგანიზაციებში ყველა აუცილებელი კვალიფიკაციის მქონე კადრი იყოს, რათა უპირატესობა მოვიპოვოთ მათი საშუალებით. სწორედ ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი, რომ მუშახელი, ბიზნესი და პოლიტიკის განმსაზღვრელი პირები გაერთიანდნენ, რათა აუცილებლად მოაგვარონ ყველა ტიპის გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელთა წინაშეც დღეს ვდგავართ“.

ანჯელა ბარნესი, ევრონიუსი: „მოკლედ მინდა გკითხოთ მცირე ბიზნესებზე. რა გავლენა აქვს ხელოვნურ ინტელექტს ამ სექტორზე?“

სიუ დუკი, LinkedIn-ის EU & LATAM-ის მმართველი დირექტორი:

„მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორი იღებს ამ ტექნოლოგიას და ექსპერიმენეტების ჩატარებას იწყებს. ჩვენი დაკვირვებით, ამ სექტორიდან საკმაოდ ბევრმა კომპანიამ უკვე დანერგა ხელოვნური ინტელექტი რაღაც ფორმით თავის ბიზნესში. ამ ეტაპზე ძირითადად ექსპერიმენტებს ვხედავთ. რამდენად შეუწყობს ეს ექსპერიმენტები ამ პროცესის გაფართოებას ხელს? დაეხმარება თუ არა მარკეტინგის ან კვლევისა და განვითარების სეგმენტებში? აი, ამის დანახვა გვჭირდება მცირე და საშუალო ბზინესის სექტორში, რომელიც, როგორც სავსებით სწორად ბრძანეთ, ეკონომიკის ხერხემალია. სწორედ ამ სექტორს მიეკუთვნება ევროპული კომპანიების 99%. ისინი ასაქმებენ ევროპელი მუშახელის ორ-მესამედს. ეს ტრანსფორმაცია აუცლებელია მცირე ბიზნესისთვის მთელ ევროპაში. ამიტომ უნდა დავინახოთ ამ ტექნოლოგიის ფართო ინტეგრაცია. მცირე და საშუალო ბიზნესს შეუძლია, ყველაზე მეტად ისარგებლოს ამით. ხშირად ამ სექტორის წარმომადგენელი ორგანიზაცია არ არის ბევრი, ამიტომ არ ასაქმებენ ძალიან ბევრ ხალხს. არ აქვთ მარკეტინგის ორგანიზაცია, ან ნიჭიერი პროფესიონალებისა და ზოგადად მუშახელის დამქირავებელი ორგანიზაცია. ხშირად ერთი ან ორი კაცი აკეთებს ყველაფერს, უამრავი საქმე აქვთ და სწორედ მათ სჭირდებათ ეს ტრანსფორმაცია, რათა ევროპამ წარმატებას მიაღწიოს“.

ავტორები: ჰანა ბრაუნი, კამილე სიმონე და ანჯელა ბარნესი

Related news
“მთავარი კითხვა”: რამდენად აგვარებს დასაქმების პრობლემას საკუთარი ბიზნესის დაფუძნება? ტურიზმის მსოფლიო ფორუმის ინსტიტუტის პრეზიდენტი: „ათიდან ერთი კაცი ტურიზმშია დასაქმებული“ – როგორი იქნება ტურიზმის მომავალი?