პენტაგონი ამტკიცებს, რომ ირანი ჰორმუზის სრუტეში დანაღმვით სამუშაოებს აწარმოებს რის აღმოსაფხვრელადაც აშშ-მა ირანული სამხედრო ხომალდების გარდა იერიში 16 კატერზეც მიიტანა, რომელიც თავდაცვის უწყების ინფორმაციით სრუტის დანაღმვაში მონაწილეობდა. ამას წინ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მუქარა უძღოდა, რომელიც აშშ-ისა და ისრაელის ეკონომიკურ სამიზნეებზე შეტევით იმუქრებოდა.
სრუტეში ირანმა კომერციულ ხომალდებს დღესაც შეუტია. სამიზნეებს შორის მოხვდა ტაილანდის კუთვნილი ტანკერიც. ჰორმუზის სრუტე მსოფლიოს ნავთობისა და გათხევადებული აირის დაახლოებით 20-დან 30 %-მდე მიწოდებას უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ იმუქრებოდა აშშ-ის პრეზიდენტი, რომ თუ თეირანი ამ მარშრუტს დაბლოკავდა, ოცჯერ მეტი სიმძლავრით უპასუხებდა.
უკვე დღეს დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ირანი განადგურებულია, თუმცა იქ საქმე ჯერ არ დაუსრულებია და ქვეყნიდან დროზე ადრე გამოსვლას არ აპირებს. მას ჟურნალისტების იმ შეკითხვებზეც მოუწია პასუხის გაცემა, რომლებიც ირანის შესაძლო რევანშს უკავშირდებოდა აშშ-ის ქალაქებზე. ისმოდა შეკითხვები შტატებში არსებულ ტერორისტულ ქსელებზეც.
„კარგი სიახლეები გვაქვს საომარი ფრონტიდან — ისინი აბსოლუტურად განადგურებულები არიან, ირანი აბსოლუტურად დასუსტებულია. ამის თქმა შემიძლია თქვენთვის. ისინი ბოლო ხაზამდე მივიყვანეთ. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ოპერაციას დაუყოვნებლივ დავასრულებთ, მაგრამ მათ აღარ აქვთ საზღვაო თუ საჰაერო ძალები, არ აქვთ კონტროლის სისტემები. ჩვენ ბოლო მოვუღეთ მათ ხომალდებს. დარჩენილი აქვთ რაკეტები, მაგრამ ბევრი არა. ეს კარგია და ჩვენ კარგ ფორმაში ვართ.
მთავარია გავიმარჯვოთ — სწრაფად უნდა გავიმარჯვოთ. კითხვა ისაა, თუ როდის დავასრულებთ ომს. ჩვენ უბრალოდ არ გვინდა მათ ხელახლა გაზრდის საშუალება მივცეთ.
რაც შეეხება კალიფორნიაზე შესაძლო შეტევას, ამის ირგვლივ გამოძიება მიმდინარეობს. ბევრი რამ ხდება და ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ ვუპასუხოთ მათ, როდესაც ისინი თავს იჩენენ. ჯო ბაიდენის სულელური ღია საზღვრების პოლიტიკის დამსახურებით ეს ქსელები ნამდვილად არსებობენ ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ ვიცით, სად იმყოფება მათი უმრავლესობა. ყველა მათგანს ვადევნებთ თვალს", — აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
ისრაელისა და აშშ-ის ერთობლივი სამხედრო ოპერაცია ირანში გრძელდება. ადგილობრივების ინფორმაციით, ქვეყანამ სამშაბათს ყველაზე მასშტაბური იერიში გადაიტანა ოპერაციის დაწყების შემდეგ. ამას ადასტურებს ამერიკის თავდაცვის უწყებაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში ირანზე იერიშები გააძლიერა. ასევე აღნიშნა, რომ თავად ირანმა ყველაზე ნაკლები რაოდენობის რაკეტები გაუშვა საპირისპირო მიმართულებით.
თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, ირანის იერიშები ისრაელსა და აშშ-ის სამხედრო ბაზებზე გრძელდება. ისრაელზე თავდასხმის შედეგად ქვეყნის სამხრეთით 30-ჯერ გაისმა განგაშის სიგნალი. რაკეტები და დრონები ჩანდა იერუსალიმშიც.
თუმცა ისრაელი ახლა მთავარ გეგმაზე კონცენტრირდება — რომ ირანი მისთვის ნულოვან საფრთხედ იქცეს. ამიტომ დროის შეზღუდვები დაწესებული არ აქვთ.
„როგორც არმიას, ჩვენ გვაქვს სამიზნეების ფართო სპექტრი და კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს მოქმედებებს. ჩვენი მიზანია ამ ტერორის რეჟიმის ძირეული შერყევა. ჩვენ გავაგრძელებთ მათზე იერიშებს. ის უკვე შერყეულია, თუმცა დარტყმები გაგრძელდება. ჩვენ გრძელვადიანი გეგმა გვაქვს, რომელსაც მივყვებით“, — თქვა ისრაელის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, ეფი დეფრინმა.
ომის გაგრძელებას აპირებს თეირანიც — ის კაპიტულაციაზე უარს აცხადებს. ეს ნარატივი იკითხებოდა ქვეყნის პრეზიდენტის მიერ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ ბოლო განცხადებაშიც, სადაც მასუდ ფეზეშქიანი ომის დასრულების პირობებს აყენებს.
„რუსეთი-სა და პაკისტანი-ს ლიდერებთან საუბრისას დავადასტურე ირანის მისწრაფება მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართ რეგიონში. ერთადერთი გზა ამ ომის დასასრულებლად, რომელიც სიონისტურმა რეჟიმმა და აშშ-მა წამოიწყეს, არის ირანის ლეგიტიმური უფლებების აღიარება, ზარალის ანაზღაურება და მტკიცე საერთაშორისო გარანტიების უზრუნველყოფა სამომავლო აგრესიის თავიდან ასარიდებლად“, — დაწერა ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა.
ბოლო ესკალაციით ირანმა მნიშვნელოვნად გაიფუჭა ურთიერთობა რეგიონის ქვეყნებთან — ირანული რაკეტები და დრონები ყოველდღიურად ვარდება მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე. გუშინ დუბაის საერთაშორისო აეროპორტი-ს გარდა, უკვე დღეს მედია ბაჰრეინი-ში გაჩენილ ცეცხლზე საუბრობს.
ირანის იერიშების შესახებ იტყობინებოდა არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ქუვეითი, კატარი და ბაჰრეინი.
