საერთაშორისო პარტნიორები კიდევ ერთხელ აფრთხილებენ საქართველოს შესაძლო სანქციებს თაობაზე. ნეტგაზეთის ინფორმაციით, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დეივიდ ო’სალივანი საქართველოში ჩამოდის.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, სანქციების რისკის ქვეშ დადგნენ.
ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი მიიჩნევს, რომ ქართველ ხალხს სურს ისეთი მომავალი, რომელიც შეესაბამება დემოკრატიას, შესაბამისად ევროპას და არ სურს ისეთ ქვეყანასთან ურთიერთობა, რომელიც უკანონოდ შეიჭრა და მათი ქვეყნის 20%-ს აკონტროლებს.
ოპოზიციაში იზიარებენ საერთაშორისო პარტნიორების შეშფოთებას და ფიქრობენ, რომ რუსეთთან კიდევ უფრო დაახლოება მაგალითია იმისა, თუ რამხელა ზიანს აყენებს საქართველოს მმართველი პარტია ვიდრე ის ხელისუფლებაშია. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებები და განწყობა ხელს უწყობს საქართველოს იზოლაციას დასავლეთისგან და დაუცველად დატოვებას რუსული საფრთხის წინაშე.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად როცა დააწესა, მაშინ მათ შორის დასავლელი პარტნიორები ითხოვდნენ, ეს გადაწყვეტილება შეცვლილიყო. მათვე თქმით, ეს იმიტომ ხდებოდა, რომ დღის წესრიგში იდგა სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის, ჰუმანიტარული.
ფრენების აღდგენას არასამთავრობო ორგანიზაციებიც აკრიტიკებენ. მაგალითად, განცხადება გაავრცელა დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა. სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოლოდინის პარალელურად, რუსული გავლენების გაძლიერება მნიშვნელოვან ბარიერს წარმოადგენს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე და ნებისმიერი სახის პოლიტიკური სპეკულაცია, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების ნორმალიზების დადებითი ეფექტის შესახებ, წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას.
და სანამ რუსული ავიაკომპანიები საქართველოში ფრენების განახლებას გეგმავენ, ევროკავშირი მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეთერთმეტე პაკეტის დაწესებაზე. როგორც ევროპელი დიპლომატები ამბობენ, ამ პაკეტის ფარგლებში განიხილება დამატებითი შეზღუდვები იმ მესამე ქვეყნებისთვის, რომლებიც სანქციების გვერდის ავლას ცდილობენ.
ანა ალელიშვილი