მთავარიგადაცემებისინემაევროპული კინოდაჯილდოების წლევანდელი ხუთი ნომინანტი უკვე ცნობილია

ევროპული კინოდაჯილდოების წლევანდელი ხუთი ნომინანტი უკვე ცნობილია

ევროპული კინოდაჯილდოების ცერემონიალი 10 დეკემბერს რეიკიავიკში გაიმართება. საუკეთესო ფილმის ჯილდოზე ხუთი ფილმია წარდგენილი, მათ შორის რამდენიმე კანის, ბერლინისა და ვენეციის კინოფესტივალების ნომინანტების სიაშიც იყო.

წარმოგიდგენთ ნომინანტი ფილმების წინასწარ განხილვას. წლევანდელი ოქროს პალმის რტო  უკვე მეორედ შვედმა კინორეჟისორმა რუბენ ესტლუნდმა მიიღო  ფილმისთვის „სევდის სამკუთხედი“.

ეს კომედია მოგვითხრობს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სამყაროზე. ამ წრის  წარმომადგენლები მოხვდებიან ტიტანიკის მსგავს გემზე. კანში ყოფნის დროს ვკითხეთ ფილმის რეჟისორს, რატომ უყვარს ევროპული კინო.

რუბენ ესტლუნდი, კინორეჟისორი:

„ევროპული ფილმების ისტორია იმიტომ მომწონს, რომ ჩვენ, როგორც წესი, ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ საზოგადოების მიერ დასმულ კითხვებს, ჩვენ ვმსჯელობთ, თუ როგორ უნდა შეიქმნას უკეთესი საზოგადოება. კინო ყოველთვის ცხოვრების გაუმჯობესებას ემსახურებოდა. მე ვერც კი წარმომიდგენია უფრო უაზრო საქმიანობა, ვიდრე ისეთი ფილმის გადაღება, რომლითაც არაფრის შეცვლა და გაუმჯობესება არ მსურს. აი, ასეთია ევროპული კინო.“

ბელგიურმა კინოს წარმომადგენლებმა კიდევ ერთი შედევრი გამოგზავნეს ლუკას დონტის მეორე ფილმის სახით, რომელსაც  ჰქვია „ახლოს“. ფილმი მოგვითხრობს ორი მოზარდის მეგობრობაზე, რომლებიც სხვების გავლენით შორდებიან.

ეს გულისამაჩუყებელი ფილმი ევროპული კინოს მრავალფეროვნების კიდევ ერთი ნიმუშია, რომელმაც შესაძლოა ევროპელი კინოდაჯილდოების ჟიურის გულიც კი მოალბოს.

ლუკას დონტი, კინორეჟისორი:

„ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე ოფიციალური ენაა, ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია ისეთი ფილმის გადაღება, რომელიც რამდენიმე ენას აერთიანებს, რათა ცოტათი მაინც დავარღვიო საზღვრები. ფაქტობრივად, მსურდა ისეთი ფილმის შექმნა, რომელშიც განსხვავებული მოსაზრებები თანაარსებობა იქნებოდა შესაძლებელი“.

ფილმი „წმინდა ობობა“, რომელსაც ირანში მივყავართ, ალი აბასიმ გადაიღო. იგი საკუთარი ქვეყნიდან გააძევეს და ახლა დანიის მოქალაქეა.

ალი აბასი პირქუშ ფილმს გვათავზობს, რომელსაც საფუძვლად დაედო სერიული მკვლელის ამბავი. ეს მკვლელი წმინდა ქალაქ მეშჰედში  მეძავებს ხოცავდა. ეს ფილმი დანიის, შვედეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ერთობლივი ნამუშავარია.

ევროპული თანაშრომლობის კიდევ ერთი შესანიშნავი ნიმუშია ესპანეთსა და იტალიაში გადაღებული ფილმი „ალკარასი“.

ეს არის ფილმი კატალონიელი ფერმერების ოჯახზე, რომლის მრავალი თაობაც ერთსა და იმავე მამულს ამუშავებდა,  მაგრამ ახლა გასახლების საფრთხისა და გაურკვეველი მომავლის წინაშე დადგა. ეს ცრემლნარევი იუმორით სავსე ქრონიკა კარლა სიმონს ეკუთვნის, რომელმაც ბერლინის ოქროს დათვი მოიპოვა.

და ბოლოს, უნდა ვახსენოთ ავსტრიელი კინორეჟისორის მარი კრეიცერის ფილმი „კორსაჟი“, რომელშიც ევროპული კინოს ამომავალი კინოვარსკვლავი ლუქსემბურგელი ვიკი კრიფსი მონაწილეობს. ფილმი მოგვითხრობს ელისაბედ ბავარიელის, მეტსახელად სისის, ამბავს. ამ  თავისუფლად მოაზროვნე და მეამბოხე ქალს ძალიან მძიმე ცხოვრება ჰქონდა.

რომელი ფილმი მოიპოვებს ევროპული კინოდაჯილდოების საუკეთესო ფილმის წოდებას, რეიკიავიკში 10 დეკემბერს დაგეგმილ  ოფიციალურ ცერემონიაზე გახდება ცნობილი.

ავტორი: ფრედ პონსარდი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend