მთავარისაქართველოპანდემიის პერიოდში სკოლების დახურვამ სწავლის ხარისხი მკვეთრად შეამცირა - ექსპერტები აფასებენ

პანდემიის პერიოდში სკოლების დახურვამ სწავლის ხარისხი მკვეთრად შეამცირა – ექსპერტები აფასებენ

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, სკოლების დახურვის გამო, შესაძლებელია 12-წლიანი სწავლება ხარისხით 7.4-წლიან სწავლებას გაუტოლდეს, – ამის შესახებ საერთაშორისო ექსპერტები საუბრობენ.

მათივე შეფასებით, შესაძლოა, სკოლების დახურვამ ასევე გამოიწვიოს საქართველოს შედეგის 8 ქულით შემცირება PISA-ს საერთაშორისო შეფასებებში.

დღეს სწორედ ამ თემაზე გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით – „პანდემიის შემდგომი ნაბიჯები დაწყებით საფეხურზე“. პანდემიის დროს რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა და როგორ მოხდა ყოველივე ამის დაძლევა, საკუთარ გამოცდილებაზე მასწავლებლებმა და დირექტორებმაც ისაუბრეს.

„დიდი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით მასწავლებელიც, მოსწავლეც, მშობელიც. ამის გამოცდილება მსოფლიოში არ არსებობდა და მასწავლებლებს ჩვენ თვითონ მოგვიხდა გარკვეული ტიპის ხერხების, გზების ძიება, რათა საგაკვეთილო პროცესი არ ჩაშლილიყო და გაგრძელებულიყო იმ მიმართულებით, როგორი გეზიც გვქონდა აღებული. შესაბამისად, იმ პერიოდისთვის, თან მოგეხსენებათ, არ არსებობდა მოწყობილობები, ის მოწყობილობები არ იყო მზად იმისთვის, რომ მარტივად აგვეღო ალღო ამ ყველაფრისთვის“, – თქვა მასწავლებელმა, გიტა თვალაბეიშვილმა.

„ტექნიკური თვალსაზრისით პრობლემები თავიდან ნამდვილად შეიქმნა, ამ პროცესებმა კიდევ უფრო თვალნათლივ დაგვანახა, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს დაგეგმვას, მენეჯმენტს და, ზოგადად, სკოლის მართვას და ეს მენეჯერული მიდგომები როგორი იქნება და როგორ შეუწყობს სკოლის მენეჯმენტი ხელს საზოგადოების თითოეულ წევრს იმისათვის, რომ ნაყოფიერი იყოს მათი მუშაობა, სწავლა, ქმედება და ა.შ.“, – აღნიშნა სკოლის დირექტორმა, მაგდა ბარამაძემ.

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები კვლავ ფიქრობენ, რომ სკოლები უნდა ყოფილიყო ბოლო, რომელიც დაიხურებოდა და პირველი, რომელიც გაიხსნებოდა. თუმცა, ასე არ მოხდა. ახლა კი განათლების ექსპერტები იმ გამოსავალზე საუბრობენ, რომლთაც სასწავლო დანაკარგები შეიძლება, დაიძლიოს.

„რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოსავალი არსებობს იმისათვის, რომ სასწავლო დანაკარგები დაიძლიოს და ყველა ეს შესაძლებლობა ქვეყნებმა თავისი შესაძლებლობების, ადამიანური, ფინანსური რესურსების მიხედვით უნდა განიხილონ და დასახონ ის, რაც ყველაზე უკეთ იმუშავებს თავიანთ ქვეყანაში. მე დავასახელებ ამ გზებს, რაც საერთაშორისო გზით არის ნაკარნახევი. პირველი ეს არის კურიკულუმის ცვლილება, ეროვნული სასწავლო გეგმის. ეს გულისხმობს იმას, რომ ამ შემთხვევაში საჭიროა კონსოლიდირება და იმ პრიორიტეტების დასახვა კურიკულუმში, რომლის გარეშეც შემდგომში ვერ გააგრძელებენ მოსწავლეები სწავლას. მეორე ნაწილი ეს არის სასწავლო ხანგრძლივობის გაზრდა. მესამე კი ეს არის მასწავლებლების პროფესიული განვითარება“, – განაცხადა USAID საბაზისო განაკვეთის პროგრამის წარმომადგენელმა, მანანა რატიანმა.

COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევები მცირდება, შედეგად კი სკოლას უფრო მეტი მოსწავლე დაუბრუნდა. განათლების სფეროს წარმომადგენლები კი ახლა მსჯელობენ, როგორ დაიძლიოს ის სასწავლო დანაკარგები, რაც პანდემიამ გამოიწვია.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend