მთავარისაქართველოოპოზიციაში კვლავ ეჭვობენ, რომ საქართველო შეიძლება, გახდეს რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის მექანიზმი

ოპოზიციაში კვლავ ეჭვობენ, რომ საქართველო შეიძლება, გახდეს რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის მექანიზმი

ოპოზიციაში კვლავ ეჭვობენ, რომ საქართველო შეიძლება, გახდეს რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის მექანიზმი. ოპოზიური პარტიები აფრთხილებენ საქართველოს მთავრობას, რომ ამ შემთხვევაში ქვეყანა მძიმე ვითარებაში აღმოჩნდება.

„ძალიან ბევრი ჩვენი დასავლელი პარტნიორი დამიკავშირდა, პირდაპირ გვეუბნებიან, რომ დღეს საქართველოს მთავრობა ორ პოზიციას იჭერს, ფაქტობრივად ორ ცხენზე ზის – რუსეთის მხარესაც არის და დასავლეთის მხარესაც – ამ უმძიმეს ვითარებაში მხარე უნდა აირჩიო. ჩვენი ამოცანაა ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება. ჩვენ არ მოგვითხოვია არავისგან სანქციებისთვის შეერთება, მთავარი საფრთხე აქ სხვა რამეშია – თუ საქართველო გახდა რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის მექანიზმი, ჩვენ ძალიან ცუდად დავამთავრებთ და მძიმე ვითარებაში აღმოჩნდება ქვეყანა. მეორე – “სანქციები არ მუშაობს” – ეს გზავნილი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ უნდა ისმოდეს. ევროპული და დასავლური სანქციები მუშაობს“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ საქართველო ახლა უპრეცედენტო საფრთხის წინაშე დგას, რასაც საქართველოს ეროვნული კონსოლიდაცია უნდა დაუპირისპირდეს.

„უკრაინაში ომის დაწყების დღიდან „ლელო“ საუბრობს და ითხოვს, ეროვნულ კონსოლიდაციას იმისთვის, რომ საქართველოს თავიდან ავარიდოთ უპრეცედენტო საფრთხეები. ამისთვის საჭიროა პოლიტიკურ ძალებს შორის კონსოლიდაცია და ამისთვის საჭიროა სახელმწიფო დაწესებულებებსა და ორგანოებს შორის განსაკუთრებით აქტიური კოორდინირებული მოქმედება“, – აღნიშნა „ლელოს“ წევრმა დავით უსუფაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს კი მიაჩნია, რომ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა უპრეცედენტოა. ირაკლი ღარიბაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმ ჰუმანიტარულ დახმარებაზე, რომელიც საქართველოდან უკრაინაში გაიგზავნა.

„კიდევ ერთხელ მინდა გამოვეხმაურო რუსეთის აგრესიას უკრაინაში. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ უნდა დავგმოთ ყველამ ერთად და, რა თქმა უნდა, საერთაშორისო თანამეგობრობამ, მთელმა მსოფლიომ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი. მე ვუერთდები მსოფლიო ლიდერების მოწოდებას საკუთარი მოქალაქეების მიმართ და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ თითოეული მოქალაქე ჩემთვის და ჩვენთვის ყველასთვის, არის ძალიან ძვირფასი და მათი სიცოცხლე. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია, კიდევ ერთხელ, ისე, როგორც გამოვხატეთ მთელმა ქვეყანამ, მთელმა საქართველომ და მოსახლეობამ, ქართველმა ხალხმა სოლიდარობა და მე აღარ მინდა, გავიმეორო, რომ ასობით ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გავაგზავნეთ. უპრეცედენტო იყო მხარდაჭერა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. საჭიროა, რომ ეს ჰუმანიტარული პროცესი გაგრძელდეს, ჰუმანიტარული დახმარება გაგრძელდეს და, აი, ამ ფორმით გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

უკრაინაში ომი უკვე 26-ე დღეა გრძელდება. CRR-ის კვლევის მიხედვით კი, გამოკითხულთა 61% მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ უკრაინას მხარი მეტად უნდა დაუჭიროს.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend