მთავარისაქართველოლადო გუდიაშვილის 125 წლის იუბილე

ლადო გუდიაშვილის 125 წლის იუბილე

18 მარტს, დიდი ქართველი მხატვრის ლადო გუდიაშვილის 125 წლის იუბილეა.
იგი მრავალმხრივი ხელოვანი იყო – ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, წიგნის ილუსტრატორი და მონუმენტალისტი. მისი ნამუშევრები მთელ მსოფლიოშია ცნობილი. ცხოვრების ექვსი წელი ლადო გუდიაშვილმა პარიზში გაატარა, და წარმატებაც ჰქონდა, მაგრამ მან მაინც სამშობლოში დაბრუნება ამჯობინა.

 
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ახალი და თანამედროვე ხელოვნების კოლექციების მთავარი კურატორი ნინო ხუნდაძე წერს: „ლადო გუდიაშვილის შემოქმედებითი მოღვაწეობა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო პერიოდს ემთხვევა. სამშობლოს თავისუფლების, ეროვნულის ღრმად შეცნობისა და გაზიარების, ახლებურად გააზრებული ესთეტიკური ღირებულებების და კულტურული განვითარებით შთაგონებული ახალგაზრდები, საქართველოთი და აქ მიმდინარე მოვლენებით დაინტერესებულ უცხოელებთან ერთად, შეუდარებელ გარემოს ქმნიან. არტ კაფეები, დისკუსიები ხელოვნებაზე, ახალ მხატვრულ ფორმებზე, ეგზოტიკური გარემო, სიმბოლიზმი, მოდერნი – ეს ყველაფერი ტფილისური ცხოვრების ამსახველია. ყველა ამ შეკრების, მოვლენის თუ იდეის შემოქმედი და მთავარი მოქმედი პირი იყო ლადო გუდიაშვილი.“

„ლადოს ჰყავდა ძმა, ვახტანგი, რომელსაც ეუბნებოდნენ, რომ მისგან დიდი მხატვარი დადგებოდა. ერთ დღეს, დედამ მისი ნამუშევრები ერთ-ერთ ცნობილ მხატვარს, კარლ ზომერს მიუტანა. ალბომის დათვალიერებისას პატარა ნახატი შენიშნა, პუშკინის სახე და იკითხა ვისი ნახატი იყო. დედამ უპასუხა, რომ ვახტანგის ძმის ხუმრობა იყო. მხატვარმა კი უპასუხა – აი ეს გახდებდა ნამდვილი მხატვარი, ვახტანგს თავი დაანებეთო“, – ჰყვება ლადო გუდიაშვილის შვილთაშვილი, ელისაბედ ლორთქიფანიძე.

ლადო გუდიაშვილი
ლადო გუდიაშვილის ნახატი. გუდიაშვილების ოჯახის არქივიდან

საუკეთესო პერიოდებს უმძიმესი პერიოდიები ცვლიდა. აკრძალვები, ცენზურა და შევიწროება… ყველაფერი იყო, ისევე როგორც დიდი სიყვარული, დაფასება და აღიარება.

„1919 წლიდან, ლადო გუდიაშვილი, სხვა დანარჩენ ახალგაზრდებთან ერთად პარიზში გაემგზავრა. ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იყო, როგორც მის შემოქმედებაში, ისე პიროვნულად. იქ დაყო დაახლოებით 6 წელიწადი, რაც მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პერიოდი იყო“, – ჰყვება ელისაბედ ლორთქიფანიძე.

პარიზის პერიოდის შემდეგ, უკვე წარმატებული მხატვარი მაინც სამშობლოში დაბრუნდა.  დაბრუნდა დროში, როცა ხელოვანისაგან ყველაფერს ელოდნენ, გარდა იმისა, რომ ქაშუეთის ეკლესიის მოხატვას გაბედავდა.

„1946 წელს, კალისტრატე ცინცაძემ, რომელიც მაშინ კათოლიკოს-პატრიარქი იყო, ლადო გუდიაშვილს ქაშუეთის მოხატვა შესთავაზა. პერიოდიდან გამომდინარე, ყოველ წუთს ელოდებოდნენ, რომ დასახვრეტად წაიყვანდნენ. მისი მოგონებების წიგნიდან ხშირად გამიგია, რომ მას და ნინას, მეუღლეს, ჩაცმულებს ეძინათ, ელოდებოდნენ რომ დღეს-ხვალ წაგვიყვანენო. მიუხედავად ამისა, მან ქაშუეთი მოხატა და ძალიან ბედნიერი იყო, მისთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავდა. თუმცა ამას შესაბამისი პასუხიც მოჰყვა; გამოუშვეს აკადემიიდან, მოუხსნეს პენსია. იმ დროს ისედაც გაჭირვება იყო, და ეს ძალიან დიდი დარტყმა იყო“, – ჰყვება ელისაბედ ლორთქიფანიძე.

თბილისში, ლადო გუდიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი გამორჩეული საგამოფენო სივრცეა, სადაც ფართო საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს  გაეცნოს ლადო გუდიაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებას. საგამოფენო დარბაზში მხატვრის ექსპოზიცია პერიოდულად იცვლება და დამთვალიერებელს შეუძლია გაეცნოს გუდიაშვილის სხვადასხვა პერიოდის ნამუშევრებს. აქვე ტარდება საგანმანათლებლო ლექციებიც.

კესარია ჯავახიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend