მთავარიევროპაშვეიცარიადავოსში ხელი მოეწერა დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ დოკუმენტს

დავოსში ხელი მოეწერა დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ დოკუმენტს

დონალდ ტრამპის მიერ „ყველა დროის ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციად“ შეფასებული და მისივე თავმჯდომარეობით შექმნილი „მშვიდობის საბჭო“ ოფიციალურად ამოქმედდა.

დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შედგა:

„ძალიან ამაღელვებელი დღეა, რომლისთვისაც დიდხანს ვემზადებოდით. ბევრმა ქვეყანამ ახლახან მიიღო მოწვევა. ყველას სურს ამაში მონაწილეობის მიღება და ჩვენ ვიმუშავებთ ბევრთან, მათ შორის გაეროსთანაც…

ამ საბჭოს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, გახდეს მსოფლიოში შექმნილ ორგანოთა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო მისი თავმჯდომარე. ძალიან გამიხარდა, როცა ამის გაკეთება მთხოვეს…“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ღაზის სექტორსა თუ მის ფარგლებს გარეთ მშვიდობის მისაღწევად, აშშ-ის პრეზიდენტის გეგმები ამბიციურია. მისი თქმით, მსოფლიოს პირველად აქვს საშუალება, ერთხელ და სამუდამოდ დაასრულოს ათობით წლის განმავლობაში მიმდინარე სისხლისღვრა, თაობათა და ერებს შორის სიძულვილი – დარბაზში მყოფ თითოეულ ხელმომწერ ლიდერს კი „ვარსკვლავები“ უწოდა:

„ღაზაში მიმდინარე ომი ნამდვილ დასასრულს უახლოვდება. კონფლიქტის მცირე კერებიღა დაგვრჩა, რასაც ჩავახშობთ. ადრე ეს კერები ბევრად დიდი და მასშტაბური იყო, ახლა კი, როდესაც მნიშვნელოვნად შემცირდა, მათი ჩახშობა ბევრად მარტივია.

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, სამშვიდობო პროცესში, 59 ქვეყანა მონაწილეობს. ბევრი მათგანი საერთოდ არ არის ახლო აღმოსავლეთში, თუმცა მაინც ახლოს იმყოფებიან. ვფიქრობ, „ჰამასი“ არ შეასრულებს დაპირებებს, რადგან ისინი იარაღით ხელში დაიბადნენ, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით, მაგრამ მათ უნდა დაყარონ იარაღი. თუკი ამას არ იზამენ, ეს მათი დასასრული იქნება…“

მანვე ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რაც, როგორც ამბობს, თეთრ სახლში დაბრუნებიდან 1 წლის განმავლობაში მიაღწია:

„ჩვენ დავაპატიმრეთ დამნაშავე დიქტატორი ნიკოლას მადურო და ვენესუელელი ხალხი ამით ძალიან ბედნიერია. ჩვენ შთამბეჭდავი ურთიერთობა გვაქვს ვენესუელის ახალ ლიდერებთან. ქვეყანას გზას ვუხსნით უმსხვილესი ნავთობკომპანიებისთვის და ეს პროცესი კარგად მიმდინარეობს.

უბრალოდ წარმოიდგინეთ, ჩვენ უკვე მოვიპოვეთ 50 მილიონი ბარელი ნავთობი და მისი დიდი ნაწილი ვენესუელას დაუბრუნდება. დროის მოკლე მონაკვეთში ისინი ბევრად მეტ შემოსავალს მიიღებენ, ვიდრე რამდენიმე წლის განმავლობაში მიიღეს“.

დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოში“ მიწვეულ სახელმწიფოთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა.

მიწვეულთა შორის არის ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც ამ საბჭოში ევროკავშირის წარმომადგენელი უნდა იყოს, თუმცა, გრენლანდიის საკითხის ირგვლივ ამერიკასა და ევროპის სახელმწიფოებს შორის გართულებული პოლიტიკური ურთიერთობების ფონზე, ჯერჯერობით უცნობია ევრობლოკის მიწვეული ქვეყნების უმრავლესობის კონკრეტული პოზიცია საბჭოს წევრობასთან დაკავშირებით.

ევროპის პოლიტიკურ-ეკონომიკური გაერთიანებიდან „მშვიდობის საბჭოს“ დოკუმენტზე ერთადერთი ხელმომწერი ჯერ მხოლოდ უნგრეთი აღმოჩნდა.

დონალდ ტრამპის თავმჯდომარეობით შექმნილ „მშვიდობის საბჭოში“ გასაწევრებლად მოსკოვი მზად არის, თუმცა, მათ შორის ამერიკასთან მას კონკრეტული დათქმა აქვს. ვლადიმერ პუტინმა 21 იანვარს განაცხადა, რომ საბჭოს მუდმივი წევრობისთვის აუცილებელ 1 მილიარდ დოლარს გადაიხდის დასავლეთში გაყინული რუსული აქტივებიდან.

„ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით და ახლაც ვუჭერთ მხარს მსოფლიო სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის საჭირო ყველა სახის ძალისხმევას. ასევე აღვნიშნავთ ამერიკის მოქმედი ადმინისტრაციის ძალისხმევას უკრაინის კრიზისის აღმოსაფხვრელად.

რუსეთისა და პალესტინელი ხალხის ურთიერთობების გათვალისწინებით, ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია 1 მილიარდი ამერიკული დოლარის გაღება სამშვიდობო პროცესისთვის, შეერთებული შტატების ყოფილი ადმინისტრაციის დროს გაყინული რუსული აქტივებიდან.

ცნობისთვის, ამერიკაში გაყინული ჩვენი აქტივებიდან დარჩენილი სახსრები შეიძლება გამოყენებული იყოს სამხედრო მოქმედებებისას დაზიანებული ტერიტორიების აღსადგენად, რუსეთსა და უკრაინას შორის პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

თითოეული წევრი სახელმწიფოსგან საერთო ფონდში შეგროვებული თანხა, „მშვიდობის საბჭოს“ დოკუმენტის თანახმად, უნდა მოხმარდეს საბრძოლო მოქმედებების დროს დაზიანებული ტერიტორიების აღდგენას, თუმცა, ვლადიმერ პუტინს რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე არ დაუკონკრეტებია, ამ თანხას ქვეყანა გაიღებს კრემლის მიერ ამჟამად ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობისთვის თუ იმ ტერიტორიების აღსადგენად, რასაც კიევი აკონტროლებს.

მიუხედავად 1 მილიარდი დოლარის ოდენობის საფასურის გაღების მზაობისა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრების შესახებ შესაბამისი დოკუმენტების შესწავლა თუ პროცედურების გავლა საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა.

ვლადიმერ პუტინის თქმით, საკითხთან დაკავშირებით ასევე, საჭიროა, შესაბამისი კონსულტაციების გავლა მოსკოვის სტრატეგიულ მოკავშირეებთან, რომელთა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ისედაც შემცირებული რაოდენობაც, მიმდინარე გეოპოლიტიკური ძვრების ფონზე, მნიშვნელოვნად იკლებს.

კრემლის არც თუ ისე ბევრ მოკავშირეთა შორის დონალდ ტრამპმა „მშვიდობის საბჭოში“ წევრობის მოწვევა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკასაც გაუგზავნა. მინსკში ამბობენ, რომ მზად არიან, ღაზაშიც და მსოფლიოს ნებისმიერ სხვა წერტილში სამშვიდობო პროცესს ხელი შეუწყონ.

მოსკოვის შესაძლო მონაწილეობის გამო, ლონდონი „მშვიდობის საბჭოს“ დოკუმენტის ხელმოწერაზე კატეგორიულ უარს ამბობს. ამის მიუხედავად, გაერთიანებულ სამეფოში ამბობენ, რომ საბჭოს იდეასა და ტრამპის 20-პუნქტიანი გეგმის სულისკვეთებას იზიარებენ.

აშშ-ის პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივის კრიტიკოსები კი შიშობენ, რომ ის ცდილობს, შექმნას გაეროს ალტერნატივა, რომელიც ბოლო პერიოდში თავად არაერთხელ გააკრიტიკა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend