მთავარიკულტურა„შეწყალება”- ფილმის მსოფლიო პრემიერა 23 იანვარს გაიმართება

„შეწყალება”- ფილმის მსოფლიო პრემიერა 23 იანვარს გაიმართება

კინოპრემიერები, პრესტიჟული ჯილდოები, გულწრფელი ემოციები და კრიტიკა, ასევე თავად ფილმები, რომლებიც ისტორიაში ჩაიწერა, გასულ წელს უხვად იყო. თუმცა წინ მეტი სიახლე გველის. მიმდინარე წელს არაერთი ფილმის პრემიერაა დაგეგმილი.

სულ მალე მსოფლიოს კინოთეატრებში მძაფრსიუჟეტიანი, სამეცნიერო ფანტასტიკის, „შეწყალების“ პრემიერა გაიმართება. ფილმში წარმოჩენილია სამყარო, რომელშიც ყველა ციფრული მეთვალყურეობის ქვეშაა და  სამართლის სისტემა, რომელიც მთლიანად დამოკიდებულია ხელოვნურ ინტელექტსა და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ფილმი „შეწყალება“ მოგვითხრობს დეტექტივ მამაკაცზე, რომელსაც ცოლის მკვლელობაში ადანაშაულებენ. ის სასამართლოს წინაშე წარდგება და აქვს 90 წუთი იმისთვის, რომ თავისი უდანაშაულობა დაუმტკიცოს ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ მოსამართლეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას სიკვდილით დასჯა ემუქრება. ფილმის რეჟისორი ტიმურ ბეკმამბეტოვია.

„ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელშიც წარმოდგენა არ გვაქვს, თუ რა მოხდება ხვალ, ეს ყველაფერი კი ტექნოლოგიების გამო ხდება. ტექნოლოგია და ხელოვნური ინტელექტი ჩვენი შვილები არიან. ჩვენ შევქმენით ისინი და ახლა ვასწავლით. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ მოვიქცევით დღეს, რადგან ხელოვნური ინტელექტი გვაკვირდება და ჩვენგან სწავლობს. ფილმის მაყურებელი იქნება არა მხოლოდ ხალხი, არამედ თავად ხელოვნური ინტელექტიც.  იმედი მაქვს, რომ 5 ან 10 წლის შემდეგ ხელოვნური ინტელექტი იტყვის, ჩვენ მას ვიცნობდით”, – ამბობს რეჟისორი ტიმურ ბეკმამბეტოვი.

ფილმში მონაწილეობენ კრის პრეტი, რებეკა ფერგიუსონი, კრის სალივანი და სხვები. სწორედ კრის პრეტი ასრულებს დეტექტივის, კრის რავენის როლს, რებეკა ფერგიუსონი კი განასახიერებს მოსამართლეს, იმავე ხელოვნურ ინტელექტს.

„ფილმი საინტერესო თავგადასავალზეა. ის საკმაოდ შთამბეჭდავია. დღეს ხელოვნური ინტელექტი ყველგანაა. ის გვაიძულებს, რომ ვიფიქროთ და ვისაუბროთ. გულწრფელად რომ ვთქვა, ყველაზე სასიამოვნო ამ ფილმში ისაა, რომ 90 წუთი ტელეფონის გარეშე ხარ და, ფილმის გარდა, არაფერზე ფიქრობ. „შეწყალება“ მართლაც საინტერესო, ინტერაქციული და  სანახავადაც შესანიშნავია“, – ამბობს მსახიობი კრის პრეტი.

„ვფიქრობ, ხელოვნების ნებისმიერი ნიმუში აუდიტორიას უსვამს კითხვას, ამავე დროს სთავაზობს, იფიქროს პასუხზეც.  ამ ფილმში მთავარი  კითხვაა, თუ  როგორ გესმით სამართლიანობა და რას გააკეთებდით მის აღსასრულებლად.  ფილმი, გარკვეულწილად, პასუხობს ამ კითხვას, თუმცა თავად მაყურებელმაც უნდა იფიქროს ამაზე“,  – ამბობს მსახიობი კრის სალივანი.

ფილმის ნახვა მსოფლიოს კინოთეატრებში  23 იანვრიდანაა შესაძლებელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend