სარკინიგზო კატასტროფის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. კვირას, 18 იანვარს, ქალაქ ადამუსთან ახლოს ჩქაროსნული მატარებელი რელსებიდან გადავიდა და საპირისპირო მხრიდან მოძრავ მატარებელს დაეჯახა, რის შედეგადაც 39 ადამიანი გარდაიცვალა, 150-ზე მეტი კი დაშავდა.
ანა სწორედ ამ მატარებელში იყო. ის მალაგიდან მადრიდისკენ დასა და ძაღლთან ერთად მგზავრობდა.
„ზოგი კარგად იყო. თუმცა, ბევრი ძალიან, ძალიან მძიმედ იყო. ისინი ჩემ წინ იწვნენ. ვიცოდი, რომ ძალიან ცუდად იყვნენ, მაგრამ მე არაფრის გაკეთება არ შემეძლო. ჩემი და მატარებლიდან მეხანძრეებმა გამოიყვანეს და შემდგომ ორივე სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაგვიყვანეს. ამჟამად ის დაკვირვების ქვეშაა და ველოდებით. ვცდილობ ჩემი ძაღლის პოვნას. ყველას ვთხოვ, დაგვეხმაროს ჩვენი შინაური ცხოველების მოძებნაში, ისიც ჩვენი ოჯახის წევრია“, – ამბობს ანა.
დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა მიუსამძიმრა. 19 იანვარს, სიტყვით გამოსვლისას, მან განაცხადა, რომ მისი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა გამოიძიოს, თუ რამ გამოიწვია კატასტროფა. ამ დროისთვის მატარებლის რელსებიდან გადასვლის ზუსტი მიზეზი უცნობია. საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
„ამ ტრაგედიისას სახელმწიფომ ზუსტად ისე იმოქმედა, როგორც საჭირო იყო – ერთიანი, კოორდინირებული და ერთგული. მინდა, აღვნიშნო და დავაფასო ყველა საჯარო მოხელის დაუღალავი შრომა. საქმეში ჩართული იყვნენ ჯანდაცვის სამსახურები, სასწრაფო დახმარების წარმომადგენლები, სახელმწიფო ძალები, მუნიციპალიტეტები, სახელმწიფო ორგანოები. ყველანი ღამით მუშაობდნენ. მინდა, დავაფასო მათი თავდადება, მათი პროფესიონალიზმი და ჰუმანურობა. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ყველა ვაცნობიერებთ იმ სამუშაოს, რომელიც მათ შეასრულეს და რომელსაც ახლაც ამ ტკივილისა და ტრაგედიის დროსაც აგრძელებენ“, – განაცხადა პედრო სანჩესმა.

ანდალუსიის რეგიონული პრეზიდენტის ხუან მანუელ მორენოს ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს შესაძლოა ვაგონების დაშლა დასჭირდეთ, რათა ცხედრები ამოიყვანონ. მისი თქმით, 48 ადამიანი ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება, მათგან თორმეტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია. ხუან მანუელ მორენოს განცხადებით, სავარაუდოდ დაღუპულთა რაოდენობა გაიზრდება.
„სირთულე ისაა, რომ მძიმე ტექნიკას ვაგონების აწევისას პრობლემა ექმნება. ექიმებსა და შესაბამის პერსონალს უჭირთ გარდაცვლილების ამოცნობა. სავარაუდოდ, ვაგონების დაშლა გახდება საჭირო, რომ მაშველებმა ცხედრები ამოიყვანონ. სამწუხაროდ, ამ ვაგონებში შეიძლება კიდევ იყვნენ გარდაცვლილები. ბევრი გარდაცვლილის ამოცნობა ძალიან რთულია. შესაბამისად, მათი იდენტიფიცირებაც ჭირს. ამიტომ მათ დნმ-ის ტესტირება უნდა ჩაუტარდეთ. ეს ყველაფერი სწორი ტემპითა, მაქსიმალური ძალისხმევითა და თანამშრომლობით კეთდება“, – აღნიშნა ხუან მანუელ მორენომ.
სარკინიგზო კატასტროფა კვირას შუადღეს მოხდა. მადრიდისკენ მიმავალი ჩქაროსნული მატარებელი, რომელზეც დაახლოებით 300 მგზავრი იმყოფებოდა, ლიანდაგიდან დაახლოებით საღამოს 8 საათისთვის გადავიდა და შეეჯახა მადრიდიდან უელვისკენ მიმავალ მატარებელს, რომლითაც დაახლოებით 200 ადამიანი მგზავრობდა.

