მთავარიაზიაღაზათეთრმა სახლმა ღაზის დროებით მართვაში ჩართული პირების ვინაობა დაასახელა

თეთრმა სახლმა ღაზის დროებით მართვაში ჩართული პირების ვინაობა დაასახელა

თეთრმა სახლმა იმ პირების ნაწილი დაასახელა, რომლებიც ღაზის სექტორში მიმდინარე პროცესებს ზედამხედველობას გაუწევენ. ერთ-ერთი მათგანი ალი შაათია, ანკლავის პალესტინური ხელისუფლების ყოფილი წევრი, ტექნოკრატიული მთავრობიდან სწორედ მას დაევალა ანკლავის ყოველდღიური საქმეების გაძღოლა. მისი კომიტეტის მუშაობას თავის მხრივ მონიტორინგს გაუწევს ე.წ. „მშვიდობის ბორდი“, რომლის შემადგენლობაც ჯერ არ დასახელებულა.

ამასთან ცნობილია ე.წ. „აღმასრულებელი ბორდის“ შემადგენლობაც, რომელიც ანკლავში მშვიდობის მიღწევის უფრო ფართო ხედვის  განხორციელებაზე იმუშავებს. მის წევრებს შორისაა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, სპეციალური წარმომადგენლები სტივენ უიტკოფი და ჯარეტ კუშნერი, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩევლის მოადგილე რობერტ გაბრიელი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი. ასევე ალტერნატიული ინვესტიციების მართვის გლობალური კომპანიის, „აპოლოს”, ხელმძღვანელი მარკ როუენი და მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი აჯაი ბანგა. ამ ორგანოს საერთაშორისო წარმომადგენლის ფუნქცია  ყოფილ ბულგარელ პოლიტიკოსსა და ამჟამად ახლო აღმოსავლეთის საკითხებში გაეროს წარმომადგენელს, ნიკოლაი მლადენოვს, დაეკისრა.

ბორდში უკვე სამომავლოდ საკუთარი ადგილი ექნება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანის, ასევე დიპლომატებს კატარიდან, ეგვიპტის დაზვერვის შეფს, არაბთა გაერთიანებული საემიროების მინისტრსა და რეგიონულ ექსპერტებს. მასში იქნება ისრაელელი ენტერპრენერი, იაკინ გაბეიც. უცნობია, თუ კონკრეტულად რა იქნება მათი როლი, თეთრი სახლი დეტალებს უახლოეს კვირებში აანონსებს.

გავრცელებული ინფორმაციით, აღმასრულებელი ბორდის წევრობის შემოთავაზება მიიღო რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმაც. მისი სპიკერის, დიმიტრი პესკოვის, ინფორმაციით, კრემლი ამ წინადადებას სწავლობს.

ისრაელსა და „ჰამასს” შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ აშშ-მა სამშვიდობო პროცესზე ორიენტირებული საერთაშორისო საბჭოს ჩამოყალიბებაზე განაცხადა, რომელიც ღაზის დროებითი მმართველობის ზედამხედველობას გულისხმობს, მას  ორმილიონიანი მოსახლეობის მქონე ანკლავის რეკონსტრუქციის ეტაპების წარმართვა დაევალა.

წინაა სამშვიდობო გეგმით გათვალისწინებული არაერთი ეტაპი, მათ შორის ადგილზე საერთაშორისო სამხედრო ძალების ჩაყვანაც. მიმდინარე მეორე ფაზა „ჰამასის“ განიარაღებაზეა ორიენტირებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend