ესპანეთის სამხრეთით, ადამუსში, ქალაქ კორდობასთან ახლოს, მადრიდის მიმართულებით მიმავალი ჩქაროსნული მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა და საპირისპირო მხრიდან მოძრავ მატარებელს შეეჯახა. დადასტურებული ინფორმაციით, 39 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაშავდა.
კვირას ღამით შემთხვევის ადგილზე მივიდნენ ესპანეთის საგანგებო სამხედრო დანაყოფები. ესპანეთის სამოქალაქო გვარდიისა და სამოქალაქო თავდაცვის წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრის ოსკარ პუენტეს განცხადებით, მაშველებმა მგზავრები ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ოსკარ პუენტე არ გამორიცხავს, რომ დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდოს. ანდალუსიის რეგიონული პრეზიდენტის ხიამმა მორენოს ინფორმაციით, საავადმყოფოში 75 მგზავრია გადაყვანილი, 15 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
„სხვადასხვა საავადმყოფოში 75 ადამიანია გადაყვანილი, ძირითადად კორდობაში, „რეინა სოფიას“ საავადმყოფოში, მათგან 15 კრიტიკულ მდგომარეობაშია. ამჟამად ქირურგიული პროცედურები ტარდება და მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჯანდაცვის მუშაკს. ჩვენ სამედიცინო პერსონალის მასობრივი მობილიზაცია მოვითხოვეთ, რომ ისინი დახმარებისთვის სრულ მზად იყვნენ“, – განაცხადა ხუან მორენომ.
ქალაქ ადამუსის ცენტრში „წითელი ჯვრის“ ესპანურმა წარმომადგენლობამ სპეციალური ცენტრი გახსნა. აქ დაზარალებულებს შეუძლიათ, პირველადი დახმარება და ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია მიიღონ. ესპანეთის „წითელი ჯვრის“ საგანგებო სიტუაციების მართვის ხელმძღვანელის ინიგო ვილას თქმით, მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.
„ხალხი შოკურ მდგომარეობაში იყო, რაც ასეთ შემთხვევებში ლოგიკური და ნორმალურია. ისინი აქ ეძებენ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, რომლებიც შესაძლოა, იმ ვაგონებში ყოფილიყვნენ. თავიდან გაურკვეველი და ქაოსური ვითარება იყო, რადგან შემთხვევა რეგიონში მოხდა და არა ისეთ ადგილას, სადაც რკინიგზის სადგურია. იქ მისვლა პატარა გზებით ან სასოფლო-სამეურნეო ბილიკებით გვიწევდა“, – განაცხადა ინიგო ვილამ.
დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა სოციალური ქსელით მიუსამძიმრა.
„ადამუსში მომხდარი სარკინიგზო ტრაგიკული ავარიის გამო დღევანდელი ღამე ჩვენი ქვეყნისთვის ღრმა მწუხარების ღამედ იქცა. მინდა, ღრმა მწუხარება გამოვხატო დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლების მიმართ. ასეთ უზარმაზარ ტანჯვას, ვერანაირი სიტყვები ვერ შეარბილებს, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ ამ რთულ დროს მთელი ერი თქვენ გვერდით დგას. ყველა სასწრაფო დახმარების სამსახური დაუღალავად და მჭიდრო კოორდინაციით მუშაობს”, – წერს ესპანეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ X-ზე.
Hoy es una noche de profundo dolor para nuestro país por el trágico accidente ferroviario en Adamuz.
Quiero expresar mis más sinceras condolencias a las familias y seres queridos de las víctimas.
Ninguna palabra puede aliviar un sufrimiento tan grande, pero quiero que sepan que…
— Pedro Sánchez (@sanchezcastejon) January 18, 2026
მომხდარს გამოეხმაურნენ ესპანეთის მეფე ფილიპე VI და დედოფალი ლეტიცია.
„ღრმა მწუხარებით ვადევნებთ თვალ-ყურს ადამუსში ორ ჩქაროსნულ მატარებელს შორის მომხდარ მძიმე ავარიას. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ”, – ნათქვამია ესპანეთის სამეფო სასახლის განცხადებაში.
Hoy es una noche de profundo dolor para nuestro país por el trágico accidente ferroviario en Adamuz.
Quiero expresar mis más sinceras condolencias a las familias y seres queridos de las víctimas.
Ninguna palabra puede aliviar un sufrimiento tan grande, pero quiero que sepan que…
— Pedro Sánchez (@sanchezcastejon) January 18, 2026
სარკინიგზო კატასტროფა კვირას შუადღეს მოხდა. მადრიდისკენ მიმავალი ჩქაროსნული მატარებელი, რომელზეც დაახლოებით 300 მგზავრი იმყოფებოდა, ლიანდაგიდან დაახლოებით საღამოს 8 საათისთვის გადავიდა და შეეჯახა მადრიდიდან უელვისკენ მიმავალ მატარებელს, რომლითაც დაახლოებით 200 ადამიანი მგზავრობდა.

