აშშ-მა სანქციები დაუწესა ირანის იმ ოფიციალურ პირებს, რომლებსაც ანტისამთავრობო პროტესტის ჩახშობაში ედებათ ბრალი. სანქცირებულებს შორის მოხვდა ირანის ეროვნული უსაფრთხოების უზენაესი საბჭოს მდივნი, ალი ლარიჟანი. ვაშინგტონი მას პროტესტის ჩახშობის კოორდინირებაში ადანაშაულებს, ისევე როგორც დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისკენ მიმართული მოწოდებების გაკეთებაში. სანქციები შეეხო ირანის ოთხ რეგიონულ მეთაურს ირანის სამართალდამცავი ორგანოებიდან და რევოლუციური გვარდიიდან, კერძოდ, პროტესტის ჩახშობაში მათი როლის გამო.
აშშ-ის დამატებითი სანქციები შეეხო რამდენიმე ფინანსურ ქსელსაც, რომლებსაც ბრალი ედებათ ირანული ნავთობის გაყიდვებისგან მიღებული შემოსავლის მითვისებაში. იმ ფონზე, როდესაც რიგით ირანელებს ეკონომიკური სირთულეების გადალახვა უწევთ, განსაკუთრებით ახლა, ეროვნული ვალუტის კოლაფსის შემდეგ. Euronews-ის ინფორმაციით, ეს ქსელები მილიარდობით დოლარს ითვისებენ.
სანქციების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება, რომლის მიხედვითაც, ირანმა სიკვდილით დასჯა შეწყვიტა.
„პრეზიდენტსა და მის გუნდს ჰქონდა კომუნიკაცია ირანის რეჟიმთან, მათ იციან, რომ თუ მკვლელობები გაგრძელდება, ამას მძიმე სავალალო შედეგები მოჰყვება. როგორც პრეზიდენტმა გაიგო, სიკვდილით დასჯის გეგმა, რომელიც 800 ადამიანისთვის იყო განსაზღვრული, შეჩერდა. მაგიდაზე რჩება ყველა შესაძლო პასუხი, ასე რომ პრეზიდენტი აგრძელებს მოვლენების მონიტორინგს“, – აღნიშნა თეთრი სახლის სპიკერმა, ქეროლაინ ლევიტმა.
მოგვიანებით ირანის ხელისუფლებამ ოფიციალურად უარყო 26 წლის ერფან სოლტანისთვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენის აღსრულება. აქტივისტი გასულ კვირას დააკავეს და მას ოჯახის წევრების ვიზიტის უფლება მისცეს, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ ეს შესაძლოა მათი ბოლო შეხვედრა ყოფილიყო. უკვე დღეს ირანის ხელისუფლება აღნიშნავს, რომ სოლტანის ბრალდებები სიკვდილით დასჯას არ ექვემდებარება. მას ბრალი ირანის ისლამური სისტემის წინააღმდეგ პროპაგანდის გავრცელებაში ედება.
ნორვეგიაში დაფუძნებული უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ირანის უსაფრთხოების ძალებმა პროტესტის ჩახშობისას 3 500-მდე დემონსტრანტი მოკლეს.

