ევროპელი სამხედროები უკვე გრენლანდიაში ჩადიან – ეს რამდენიმე საათის შემდეგ ხდება ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების, დანიისა და გრენლანდიის ოფიციალურ პირებს შორის გამართული შეხვედრიდან, რომელიც შეთანხმებით ვერ დასრულდა.
საფრანგეთმა, შვედეთმა, გერმანიამ და ნორვეგიამ ოთხშაბათს, 14 იანვარს, განაცხადეს, რომ გრენლანდიის დედაქალაქ ნუუკში სადაზვერვო მისიის ფარგლებში სამხედრო პერსონალს გაგზავნიან.
„დღეიდან ნატოს ჯარისკაცების გრენლანდიაში ყოფნა უფრო შესამჩნევი იქნება. მოსალოდნელია სამხედრო ფრენებისა და გემების რაოდენობის ზრდაც“, – განაცხადა გრენლანდიის ვიცე-პრემიერმა ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.
À la demande du Danemark, j’ai décidé que la France participera aux exercices conjoints organisés par le Danemark au Groenland, l’Opération Endurance Arctique.
De premiers éléments militaires français sont d’ores et déjà en chemin. D’autres suivront.
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) January 14, 2026
„პირველი ფრანგი სამხედროები უკვე გზაში არიან. დანარჩენები მოგვიანებით შეუერთდებიან“, – წერს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პლატფორმა X-ზე.
ამასთან, გერმანიის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ბუნდესვერის 13-კაციანი სადაზვერვო ჯგუფი დანიის მიწვევით ნუუკში კვირის ბოლომდე განთავსდება.

