„ჩვენ მათი ხმა ვართ“, – ამბობს დემონსტრანტი, რომელიც ირანელი ხალხის მხარდასაჭერად ლონდონში გამართულ მსვლელობაში მონაწილეობს. მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ირანელი ხალხის მხარდამჭერი გამოსვლები გრძელდება.
12 იანვარს ლონდონში, ირანის საელჩოსთან ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა. მათ შორის ისინიც იყვნენ, ვისაც რეჟიმის სისასტიკემ ირანი დიდი ხნის წინ დაატოვებინა.
„ამ რეჟიმის გამო იძულებულები გავხდით, ჩვენი ქვეყანა დაგვეტოვებინა, აქ ლტოლვილებად ჩამოვსულიყავით და მძიმე ცხოვრებით გვეცხოვრა.
ისინი ადამიანებს განუწყვეტლივ ხოცავენ. შეუძლიათ კამერებსაც ესროლონ და ინტერნეტიც გათიშონ, რათა ინფორმაცია მთელ მსოფლიოში არ გავრცელდეს, მაგრამ ჩვენ ამ ქვეყანაში მათი ხმა ვართ“, – ამბობს აქციის მონაწილე.
„სამწუხაროდ, ამ ფაშისტურმა რეჟიმმა ჩემი მეგობარი მოკლა, ორი ძმა კი ციხეში გამომიმწყვდია. ირანელ ხალხს ისინი არ მოსწონს. მათ რეჟიმი ეზიზღებათ“, – ამბობს კიდევ ერთი დემონსტრანტი.
ირანში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების მხარდასაჭერად დემონსტრაცია გაიმართა ერევანშიც.
„ამ ომს დასასრული აქვს და ეს დასასრული ირანელი ხალხის გამარჯვება იქნება“, – ასეთი გზავნილები ისმოდა ირანის საელჩოსთან გამართულ დემონსტრაციაზე.
„თუ თქვენ მართლა მშვიდობაზე ზრუნავთ, აუცილებლად ირანელი ხალხის მხარეს უნდა იდგეთ, რადგან ჩვენ ტერორიზმს ვეწინააღმდეგებით. ეს რეჟიმი მხარს უჭერს რუსეთის უკრაინაში შეჭრას, მხარს უჭერს „ჰეზბოლასა” და „ჰამასს”, მხარს უჭერს ჰუსიტებს. ჩვენ ომი არ გვინდა. ამას საერთოდ არ ვემხრობით. გვინდა მშვიდობა ახლო აღმოსავლეთსა და მთელ მსოფლიოში. ახლა იქ ინტერნეტი გათიშულია, ხალხი კი იბრძვის. მათ არა მხოლოდ ინტერნეტი, არამედ შუქიც კი გათიშეს ქალაქებში, რათა ხალხის ხოცვა ისე შეძლონ, რომ ეს ვერავინ გადაიღოს“.
„ჩვენ ჩვენი მეფის, რეზა ფეჰლევის, დაბრუნება გვინდა. ეს გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის – თუ მხარს კაცობრიობას უჭერთ, ირანს უნდა მიემხროთ. და თუ ღაზაში მყოფი ბავშვების ბედი გაწუხებთ, ირანში მყოფი ბავშვების ბედიც ასევე უნდა გაწუხებდეთ“.
„დარწმუნებული ვარ, ეს უკანასკნელად ხდება. ამ ომს დასასრული აქვს და ეს დასასრული ირანელი ხალხის გამარჯვება იქნება. ირანელი ხალხი გაიმარჯვებს და თავისუფლებასა და ღირსებას მოიპოვებს. ეს ყველაფერი ამად ღირს. აქ სწორედ იმიტომ ვართ, რომ ირანელმა ხალხმა გაიმარჯვოს და ჩაგვრისგან თავი დაიხსნას“.
ამბობენ დემონსტრანტები.
ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული „უფლებადამცველი აქტივისტების სააგენტოს“ (Human Rights Activists News Agency) ინფორმაციით, პროტესტის ორი კვირის განმავლობაში სულ მცირე 599 ადამიანი დაიღუპა. დაკავებულთა რაოდენობა კი 10 600-ს აღემატება.
მათი თქმით, დაღუპულთაგან 510 მომიტინგე იყო, ხოლო 89 – უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელი. დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც.
ინტერნეტის გათიშვისა და სატელეფონო კავშირების გაწყვეტის ფონზე შორიდან პროტესტის მასშტაბების შეფასება სულ უფრო და უფრო რთული ხდება. ირანის მთავრობა კი მსხვერპლის რაოდენობის შესახებ მონაცემებს არ ავრცელებს.


