მთავარიმსოფლიო2025 - მსოფლიო ისტორიის წიგნში

2025 – მსოფლიო ისტორიის წიგნში

2025 – წელი, როდესაც სამყაროსთვის ნაცნობი წესრიგი შეირყა, პლანეტის 8 მილიარდმა ადამიანმა ცხადად თუ ჯერ ბუნდოვნად  იგრძნო, რომ კაცობრიობა ახალ ეპოქაში აბიჯებს. ინდუსტრიული რევოლუციის ხარისხის გარღვევამ ხელოვნურ ინტელექტში და მეორე მსოფლიო ომის მასშტაბის გეოპოლიტიკურმა ძვრებმა 2025 წელი ბევრისთვის ახალი სამყაროს ათვლის წერტილად აქცია და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია.

მსოფლიოში ძალთა ბალანსი იცვლება, თამაშის ახალი წესების დამკვიდრების პროცესშია, კაცობრიობა კი თითქოს ისტორიის წიგნშია და ამ მოვლენებს რეალურ დროში ადევნებს თვალს.

ყველაფერი კი დაიწყო იმ ეპიზოდით, რომელსაც წლის განმავლობაშიც ბევრჯერ გაიხსენებენ. დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდა, მასთან ერთად კი დაბრუნდა შიში – არაპროგნოზირებადი მომავლის. აშშ-ის ძველი და თან ახალი პრეზიდენტის ლიდერობამ მსოფლიოს ახალი ნორმა აუწყა: პოლიტკორექტულობის დასასრული, მულტიპოლარიზმის დასაწყისი, ინტერესის სფეროების აღდგენა, ძალის უპირატესობა, ღია ამბიციები – ამერიკული პოლიტიკა მისთვის უჩვეულო სიბრტყეებში იწყებს ოპერირებას, ამას კი სათავეში ჩაუდგა სწორედ დონალდ ჯეი ტრამპი, რომლის ნაბიჯებსაც არაერთ კონტინენტზე ჰქონდა დიდი ექო.

საერთაშორისო შეთანხმებიდან გასვლა, ტარიფების ომი მტრებსა თუ მეგობრებთან, ხმამაღალი განცხადებები კანადის შემოერთებაზე, ამბიციები გრენლანდიასა თუ პანამის არხზე – ამერიკელი პრეზიდენტის პირველივე ნაბიჯები საკამათო გამოდგა. აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია წლის მიწურულმაც, როდესაც  ეროვნული უსაფრთხოების გეგმაში აშშ მრავალპოლუსიანი სამყაროს დასაწყისს იუწყებოდა და გლობალური ლიდერობიდან ფოკუსი უპირველეს ყოვლისა ამერიკის ინტერესებზე მომართა. ე.წ. Pax Americana ანუ ამერიკის ლიდერობაზე დაფუძნებული მშვიდობა დასრულდა, საერთოზე მეტად პრიორიტეტში პირადი ინტერესი მოექცა.

2025 წლის მთავარი და ჯერ გადაუწყვეტელი თემა უკრაინაა, რომლის ირგვლივაც მოლაპარაკებების დასრულებას დონალდ ტრამპი 24 საათში გეგმავდა, თუმცა ჩანს, რომ წელიწადზე მეტი დრო დასჭირდა. რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისკენ მიმართული პროცესი თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის წყალობით 2025 წელს ყველაზე ინტენსიური გახდა. წელმა აქტიური დიპლომატიით დაგვამახსოვრა თავი, შეხვედრებით მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე, ზოგჯერ უხერხული მომენტებითა და ახლებური სტრატეგიებითა თუ მიდგომებით. საბოლოოდ არსებობს 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომლის 95% შეთანხმებულია. უკრაინა მიიღებს უსაფრთხოების ნანატრ გარანტიებს აშშ-სა და ნატოსგან, რომელმაც წელს თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-ის ისტორიულ ზღვრამდე, 5%-მდე გაზარდა, თუმცა ღიად დარჩა ტერიტორიული საკითხი. მოსკოვი დონბასს ითხოვს, კიევი კი ტერიტორიულ მთლიანობას. 4-წლიანი ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების გადამწყვეტ ნაწილს 2026 წლის დასაწყისში ელიან.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 2025 წელი ყველაზე მეტი შეიარაღებული კონფლიქტით გამოირჩეოდა: ინდოეთი და პაკისტანი, კამბოჯა და ტაილანდი, კონგო და რუანდა, ეგვიპტე და ეთიოპია. რისკი გაჩნდა ატლანტიკის ოკეანეშიც, ვენესუელასა და ამერიკას შორის ნარკოკარტელების ირგვლივ გაჩენილი ესკალაციით. შტატები ვენესუელაში მთავრობის ცვლილებების აუცილებლობაზე ღიად საუბრობს. თუმცა ამასთან აშშ-ის პრეზიდენტი მშვიდობისმყოფელად პოზიციონირებს და არაერთი ომის დასრულებით იწონებს თავს. ჯერჯერობით მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის გარეშე, ის წელს სწორედ ვენესუელელ ოპოზიციონერ მარინა კორინა მაჩადოს ერგო.

2025 წელი გამოირჩეოდა იმით, რომ ვნახეთ ხანგრძლივი ომების დასასრულიც. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის ირგვლივ სამხედრო კონფლიქტი  სამშვიდობო ხელმოწერით დასრულდა, ეს ყველაფერი კი არა მოსკოვში, არამედ თეთრ სახლში გაფორმდა. კრემლმა სამხრეთ კავკასიის ძველ საყრდენებში გავლენა მნიშვნელოვნად დაკარგა. მთავარი გარღვევა კი იყო ომის დასრულება ახლო აღმოსავლეთში – შეთანხმება შედგა ისრაელსა და „ჰამასს” შორის, უფრო სწორად რაც „ჰამასისგან” 2-წლიანი ომის შემდეგ დარჩა. 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული  ტერაქტისას აყვანილი ტყვეები სამშობლოში დაბრუნდნენ, სახლებს დაუბრუნდნენ პალესტინელი პატიმრებიც – გაცვლა შედგა და ეს მიღწევაც აშშ-ის პრეზიდენტმა მიითვალა, ისრაელში ისტორიული ვიზიტისას.

ღაზის სექტორის ირგვლივ სამშვიდობო გეგმის იმპლემენტაციის გეგმას ახლო აღმოსავლეთის წონიანი სახელმწიფოები შეუერთდნენ, ამჟამად მიმდინარეობს გეგმის მეორე ფაზა, რაც ტერორისტული დაჯგუფების სრულ დემილიტარიზებას გულისხმობს. პროცესმა საბოლოოდ ღაზა კეთილდღეობით სავსე, განვითარებულ ანკლავად უნდა აქციოს. თუმცა ეს სექტორი 2025 წლის განმავლობაში დამანგრეველი ომის შედეგად შიმშილისა და განადგურების ზღვარზე იდგა. ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე ისრაელის ხისტი ნაბიჯები კრიტიკის საფუძველი არაერთხელ გახდა.

ამ კონფლიქტში ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაზა იყო აშშ-ის მიერ ირანის ბირთვული პროგრამის განადგურება. ოპერაცია ისრაელთან კოორდინაციით ჩატარდა, რამაც
თელ-ავივის აზრით ახლო აღმოსავლეთში კლიმატი და მისი სამომავლო პერსპექტივა სრულიად შეცვალა.

პროცესმა  ძვრა მისცა პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას, რომელსაც წელს ისეთი ქვეყნები შეუერთდნენ, როგორებიცაა საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, კანადა – ჯამში გაეროს 193 სახელმწიფოდან 157 – ეს ყველაფერი კი ისრაელისა და აშშ-ის წინააღმდეგობის ფონზე.

ამ რეგიონში კიდევ ერთი გარღვევა იყო რევოლუციის გზით სირიის სათავეში მოსული ახალი ხელისუფლების აღიარება აშშ-ს მხრიდან, ბაშარ ალ ასადის ჩამოგდებიდან ქვეყანამ ერთი წელი იზეიმა, შიდა კრიზისის ფონზე აჰმედ ალ-შარაას ვაშინგტონურმა გასვლამ ახალი სიგნალები აჩვენა. თავად ყოფილი პრეზიდენტი, ბაშარ ალ ასადი კვლავ მოკავშირე მოსკოვში რჩება და გავრცელებული ინფორმაციით, მის პირველად პროფესიას, ოფთალმოლოგიას მიუბრუნდა.

2025 წელს არჩევნები ჩატარდა არა მხოლოდ სირიაში, არამედ პოლონეთში, ჩეხეთში, მოლდოვაში, რუმინეთში, იაპონიაში. ევროპაში ბოლო ტენდენციებმა აჩვენეს ულტრამემარჯვენე პარტიების გაძლიერება, ევროპაში დაწინაურდნენ ევროკავშირის პოლიტიკის მიმართ კრიტიკით გამორჩეული პოპულისტური პარტიები. 2025 წელი გამოირჩეოდა პოლიტიკური პოლარიზაციის ზრდითა და შიდა პოლიტიკური კრიზისებით დემოკრატიულ სახელმწიფოებში – მათ შორის იყო საფრანგეთი, ბულგარეთი, სომხეთი, სამხრეთ კორეა.

მრავლად იყო 2025 წელს საპროტესტო აქციები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, განწყობა მეტწილად პროპალესტინური იყო, ისრაელის პოლიტიკის წინააღმდეგი, რის გამოც დემონსტრაციათა ნაწილი ანტისემიტურად მიიჩნიეს და რიგ ქვეყნებში შეზღუდვებიც დაუწესდათ.  ე.წ. Gen-Z თაობის პროტესტს კი მთავრობების ცვლილებები მოჰყვა მადაგასკარსა და ნეპალში. ამ უკანასკნელში ხალხის მიერ მთავრობის ძალადობრივ ჩამოგდებას მსოფლიო მედია ხანგრძლივი ხნით აკვირდებოდა.

2025 წელს გარღვევა მოხდა ხელოვნური ინტელექტის სფეროში – ბაზარზე გამოჩნდა ახალი პლატფორმები, როგორებიცაა Deepseek თუ Gemini-ს მოდერნიზებული ვერსია. აქტიურად დაიწყო ხელოვნური ინტელექტის ყოველდღიურობაში გამოყენება, რომელიც ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდა, რამაც სამყარო უდიდეს საფრთხეებზე აალაპარაკა. მსოფლიო შეთანხმდა, რომ ხელოვნური ინტელექტის სიბრტყეში ახალ რბოლაში აბიჯებს და ამ რბოლის მოსაგებად მთავრობები მილიარდობით თანხების გამოყოფას იწყებენ, მათ შორისაა ევროკავშირშიც, დაანონსებული 200-მილიარდიანი ინვესტიციით. წელსვე, ევროპულმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს 800 მილიარდის სამხედრო ტრანსფორმაციის ინვესტიცია, რომელიც კონტინენტის გადაიარაღებას მოემსახურება. ევროპა რუსეთთან ომის საფრთხეს ნათლად ხედავს და შეკავებასა და მზადყოფნაზე მუშაობს. მათ ეჭვებს ამყარებს ევროპის ქალაქებში გამოჩენილი რუსული დრონებიც, რომლებმაც ევროპელებს წლის განმავლობაში არაერთხელ  გაუჩინა თავის ტკივილი. უკრაინის ფინანსური დახმარებისა თუ რუსეთის სანქცირების ფონზე ჯერ ბლოკში კვლავ ღიად რჩება საკითხი გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენების თაობაზე – ბელგიის წინააღმდეგობას სხვა ევროპული დედაქალაქებიც იზიარებენ. მსჯელობა 2026  წელსაც გაგრძელდება.

რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების შესამცირებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ევროპულ ბლოკში. რუსული ენერგიის იმპორტზე საბოლოო უარი 2026-2027 წლისთვისაა დაგეგმილი, მანამდე ევროპა პარტნიორების ძებნას იწყებს სხვა კონტინენტებზეც. ახალი კავშირები აქტუალური იყო არამხოლოდ ევროპისთვის. დასავლეთის წნეხის ფონზე სულ უფრო მეტად დაახლოვდნენ რუსეთი, ჩინეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა. განაცხადი იყო ინდოელი ლიდერის პოზიციებიც მათ გვერდით.

2025 წელს კათოლიკურმა სამყარომ აირჩია ახალი პაპი, ლეონ XIV. პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების შემდეგ კარდინალებმა ახალი პაპის არჩევის ხანგრძლივი პროცესი დაიწყეს და საბოლოოდ მრევლმა ვატიკანის საკვამურიდან თეთრი კვამლიც იხილა. კვამლთან ერთად კი ახალი პაპიც, რომელიც კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში პირველი ამერიკელი წინამძღვარია.

წელს მსოფლიომ დაკარგა ისეთი ფიგურები, როგორებიცაა მსახიობები რობერტ რედფორდი, ბრიჯიტ ბარდო, დაიან კიტონი, რეჟისორი დეივიდ ლინჩი, მწერალი მარიო ვარგას ლიოსა, მომღერალი ოზი ოსბორნი, დიზაინერი ჯორჯო არმანი, პრიმატოლოგი ჯეინ გუდოლი.

2025 წელი ცხელი გამოდგა არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ კლიმატურადაც. გლობალური დათბობის შესახებ წუხილი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მომხდარმა წყალდიდობებმა, ხანძრებმა და ბუნებრივმა კატაკლიზმებმა კიდევ უფრო მეტად გააძლიერა. 2025 სამ ყველაზე ცხელ წელს შორის დასახელდა. მეცნიერები ელიან, რომ ტემპერატურის ზრდის ტენდენცია უცვლელად გაგრძელდება, გამოსავლად კვლავ მწვანე ენერგიაზე გადასვლის დაჩქარება სახელდება. გეოპოლიტიკური სირთულეების ფონზე ჩანს, რომ მსოფლიოს ახლო ხანში კლიმატურ ცვლილებებთან მოუწევს ადაპტაცია.

უახლესი

სხვა ამბები

ქართული სპორტი 2025

spot_imgspot_img
Send this to a friend