მთავარისაქართველორუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში თამარ მეარაყიშვილის საქმეს ეხმაურებიან

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში თამარ მეარაყიშვილის საქმეს ეხმაურებიან

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. „პრეზიდენტი“ გამოეხმაურა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის საქმეს, რომელსაც ცხინვალის ე.წ. „სასამართლომ“ 24 დეკემბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ალან გაგლოევის მტკიცებით, არსებობს კონკრეტული დოკუმენტაცია, რომელიც თითქოს ადასტურებს თამარ მეარაყიშვილის „ჯაშუშობას საქართველოს სასარგებლოდ“.

ადგილობრივ მედიასთან საუბრისას, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო „პრეზიდენტმა“, ირიბად დაადასტურა, რომ სამოქალაქო აქტივისტის პატიმრობა უკავშირდება „ფეისბუკზე“ გამოქვეყნებულ მის ვიდეომიმართვას, სადაც თამარ მეარაყიშვილი ცხინვალის ცენტრში აქციის გამართვას და ალან გაგლოევთან შეხვედრას მოითხოვდა.

25 დეკემბერს ცხინვალის რეგიონის ე.წ. „ხელმძღვანელმა“ განაცხადა, რომ „თუკი ვინმეს სურს ბავშვებისთვის ახალი წლის გაფუჭება“ ამის გაკეთება „თბილისის ცენტრში გამართული პროტესტით“ შეუძლია, თამარ მეარაყიშვილს კი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა ბრალი დასდო ოკუპირებული რეგიონის ე.წ. „ხელისუფლების“ მიმართ „შეურაცხმყოფელი ტერმინების გამოყენებაში“.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 24 დეკემბერს განაცხადა, რომ ინფორმირებულია თამარ მეარაყიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით. უწყების თანახმად, საკითხთან დაკავშირებით „ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობს“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend