მთავარიევროპაუკრაინანადირობა რუსულ დრონებზე

ნადირობა რუსულ დრონებზე

რუსულ დრონებზე მონადირე უკრაინული ელიტური დანაყოფი მორიგი მისიისთვის ემზადება. ეს კი ეროვნული წარმოების სისტემაა. უპილოტო სისტემა ოპერატორების დახმარებით ცაში აიჭრება, შემდეგ კი  „შაჰედებს“ ანადგურებს. „სტინგი“, რომელიც ფორმით მფრინავ თერმოსს წააგავს, უკრაინის ერთ-ერთი ახალი, ადგილობრივი წარმოების გადამჭერია.

ქვედანაყოფის მეთაურის თქმით, მათ შეუძლიათ ეფექტურად დაუპირისპირდნენ რუსეთის განვითარებულ „კამიკაძე-დრონებს“, რომლებიც ახლა უფრო სწრაფად და მაღალ სიმაღლეზე დაფრინავენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, გასულ დღეს 86 რუსული შემტევი დრონიდან უკრაინის მცველებმა 58 სამიზნის განადგურება შეძლეს.

„ჩვენმა ქვედანაყოფმა უკვე ათასზე მეტი სამიზნე ჩამოაგდო. სულ რაღაც ორი კვირის წინ მეათასე „შაჰიდი“ გავანადგურეთ. ბიჭები ძალიან აფასებენ ამ საქმეს, რადგან ყოველ ჩამოგდებულ „შაჰიდში“ არის ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელმაც ვერ მიაღწია ჩვენს სახლებამდე, სადაც ჩვენი ოჯახები ცხოვრობენ, ვერ მიაღწია ჩვენს ელექტროსადგურებამდე და ასე შემდეგ. დიახ, ჩვენ ღამით მინდორში ვდგავართ — წვიმასა თუ მზეში, სიცივესა თუ სიცხეში. მტერს არ სძინავს და არც ჩვენ დავიძინებთ. ეს ჩვენი მიწაა და არავის მივცემთ აქ ფრენისა და ჩვენი ქალაქებისა თუ ხალხის განადგურების უფლებას. რუსები როდესაც რაიმე ახალს იგონებენ, ჩვენ ვპოულობთ მასთან ბრძოლის გზებს და ვიწყებთ მათ განადგურებას, მაგრამ ისინი ისევ ახალს იგონებენ. ეს არის სპეციალისტების ომი და ყოველდღე რაღაც იცვლება; ვინც ცვლილებებს ფეხს ვერ აუბამს, კვდება“, – ამბობს უკრაინის გადამჭერი დრონების ქვედანაყოფის მეთაური, მეტსახელად „ლოი“.

უკრაინის ქალაქებსა და ენერგოინფრასტრუქტურაზე ყოველდღიურმა თავდასხმებმა კიევი აიძულა, თავიდან შეექმნა საჰაერო თავდაცვის წესები და გამოეგონა იაფი „დრონების მკვლელები“, რომელთა ღირებულება სულ რაღაც 1000 დოლარიდან იწყება. ახალი პლატფორმები 2025 წელს სულ რამდენიმე თვეში გადავიდა პროტოტიპიდან მასობრივ წარმოებამდე  .  ეს  თანამედროვე ომის წარმოების უახლესი ტრანსფორმაციაა.

„2022 წელს ბევრი რამ შეიცვალა, უკრაინა გააქტიურდა. ჩვენი გუნდის ნაწილი ჯარში გაიწვიეს. დღეს მათი უმეტესობა ვეტერანია. იმ მეგობრებთან კომუნიკაციისას, რომლებიც ფრონტზე მსახურობენ, აშკარა გახდა, რომ ჩვენი მომავალი, რომელიც უკვე კარსაა მომდგარი, დრონების ომს გულისხმობს. ჩვენ პრიორიტეტად უნდა გვექცია ჩვენი სამხედროების სიცოცხლის დაცვა და მინიმუმამდე დაგვეყვანა  ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები. მივხვდით, რომ შემდეგ ეტაპზე, ისევე როგორც სამეცნიერო ფანტასტიკურ ფილმებშია, დრონები იბრძოლებდნენ“, – თქვა კომპანია General Cherry-ს სტრატეგიული საბჭოს წევრმა ანდრიი ლავრენოვიჩმა.

უკრაინის ეფექტური თავდაცვა დამოკიდებულია იარაღის მასშტაბურ წარმოებაზე, სწრაფ ადაპტაციასა და დაბალბიუჯეტიანი სისტემების ინტეგრირებაზე, ნაცვლად ძვირადღირებული და რთულად აღსადგენი იარაღის იმედად ყოფნისა. ისეთ მოდელებს, როგორებიცაა „სტინგი“ და ახლახან გამოჩენილი „ბულეტი“, შეუძლიათ, მკვეთრად გაზარდონ სიჩქარე რუსულ დრონთან შეჯახებამდე. ეკონომიკური ფაქტორი გადამწყვეტია. რუსული დრონები, რომლებსაც უკრაინელები ანადგურებენ, 10,000-იდან 300,000 დოლარამდე ღირს.

„თავიდან „შაჰედები“ საკმაოდ ნელა დაფრინავდნენ, მათ იოლად ვანადგურებდით, ცეცხლსასროლი იარაღითაც კი შეიძლებოდა მათი ჩამოგდება. მაშინ ყველაფერი სხვანაირად ჩანდა. ახლა „შაჰედები“ ორმეტრიანი გიგანტური პლატფორმებია, რომლებზეც უკვე რაკეტებია დამაგრებული; ისინი რეაქტიულები არიან და 600 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებენ. ანუ, ისინიც თანდათან აუმჯობესებენ ამ პროდუქტს. ჩვენი მხრივ, ჩვენ ვქმნით უფრო იაფ და მაღალხარისხიან პროდუქტს, რომელიც გვეხმარება არსებული „შაჰედების“ განეიტრალებაში. რაც გვაკლია, ეს არის ტემპის აჩქარება, რათა ერთი ნაბიჯით წავიწიოთ წინ „შაჰედის“ ყოველ მომდევნო მოდიფიკაციაზე“. – დასძენს კომპანია General Cherry-ს სტრატეგიული საბჭოს წევრი.

უკრაინასა და ნატოში ვარაუდობენ, რომ დრონების წარმოების სწრაფი ზრდა კონფლიქტის ორივე მხარეს 2026 წელსაც გაგრძელდება. ეს კიდევ უფრო აქტუალურს ხდის ევროპულ გეგმებს მრავალშრიანი საჰაერო თავდაცვის სისტემის შესაქმნელად, რომელიც ცნობილია როგორც „დრონების კედელი“.

ევროპის აღმოსავლეთ საზღვრების გასწვრივ მდებარე ქსელი, რომლის გაშლასაც ორი წელი დასჭირდება, შექმნილია დრონების აღმოსაჩენად, მათზე თვალთვალისა და გზის გადასაჭრელად, სადაც უკრაინული ტიპის გადამჭერებს საფრთხეების განადგურებაში მნიშვნელოვანი როლი შეიძლება დაეკისროთ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend