სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უწყების ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ექვს სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დღის განმავლობაში ხუთი პირი დააკავეს, ჯამში კი პასუხისგებაში მიეცა 14 მოქალაქე.
სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს თანახმად, დაკავებულთა შორის არის მარნეულის მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორი, რომელმაც ატესტატის გაცემისთვის საჭირო გამოცდების ვითომდა ჩაბარების სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით 300 ამერიკული დოლარი გამოართვა.
ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი, რომელმაც, გამოძიების ვერსიით, საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის დამზადების სანაცვლოდ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიური სამსახურის უფროსისთვის გადასაცემად, ერთ-ერთ მოქალაქეს მოსთხოვა 3 000 ლარი.
დაკავებულთა საქმეების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა უწყების ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსმა ემზარ გაგნიძემ:
„თბილისსა და საგარეჯოში ყალბი დოკუმენტის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამი მოქალაქე დავაკავეთ. გამოძიებით დადგენილია, რომ შპს „ჰორიზონტი 23“-ის დირექტორმა, დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით, შპს „არქიტრავს“ ფიქციურად მიაღებინა მონაწილეობა ტენდერში და მერიასთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ სამუშაო მთლიანად შეასრულა შპს „ჰორიზონტი 23“-მა. ამავე დროს, შპს „ინსპექტას“ ზედამხედველმა პირებმა სამუშაოებზე გასცეს ყალბი ინსპექტირების ანგარიში, რის შედეგადაც, მოხდა 89 727 ლარის თაღლითურად დაუფლება…
ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცნენ შპს ,,ლოგის” დირექტორი შპს „ს.კ. 2000-ის” დირექტორი და ააიპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ ტექნიკური ზედამხედველი. თბილისის, გლდანის რაიონის გამგეობასა და შპს ,,ლოგის” შორის, 2023 წლის 3 აპრილს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება „მუხიანი 2-ის” დასახლებაში, სამეგრელოს ქუჩის კანალიზაციის გარე ქსელის მოწყობასთან დაკავშირებულ სამუშაოებზე, ღირებულებით 572 907 ლარი. აღნიშნული სამუშაოების კონტროლი დაევალა „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ წყალსადენი კანალიზაციისა და სანიაღვრე ქსელების ტექნიკურ ზედამხედველ პირს. შპს ,,ლოგის” დირექტორმა შპს „ს.კ. 2000-ის” დირექტორთან ერთად დაამზადა ყალბი დოკუმენტები, თითქოსდა, 3 738 კუბური მეტრი მოჭრილი გრუნტი, 178 რეისად გაიტანეს 12 კილომეტრის მანძილზე მდებარე ლიცენზირებულ ნაგავსაყრელზე, რაც სინამდვილეში შპს „ლოგის“ მიერ არ განხორციელებულა და მოჭრილი გრუნტი გადაყარეს სამუშაოების განხორციელების ადგილას მდებარე ხევში…
ქრთამის აღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს აპარატის ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირსა და თამარ მეფის ქუჩის მიმდებარედ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 2 მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემის სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა 3 000 ლარი, საიდანაც ეტაპობრივად გამოართვა 2 000 ლარი…
ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა ოზურგეთის მერის ყოფილი წარმომადგენელი ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულში და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის მოქმედი უფროსი სპეციალისტი, რომლებმაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში (კაპროვანი), ზღვისპირა ზოლში მდებარე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, 517 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთით ნებართვის გარეშე სარგებლობისა და შემდგომში მფარველობის სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს 4 000 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვეს 2 000 ლარი…“
სუსის თანახმად, გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, უწყებამ ჩაატარა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოიპოვა ამ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო და ვიდეომტკიცებულებები.

