თითქმის ოთხწლიანი ომის განმავლობაში რუსეთის მუდმივი თავდასხმის მოგერიებით დაღლილი და დაქანცული უკრაინელი ჯარისკაცები ამბობენ, რომ მათი მთავარი მოტივაცია სამშობლოა.
როცა მომლაპარაკებლები ცდილობენ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას, პარალელურად ჯარისკაცები თვლიან, რომ რუსეთს კვლავ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი უკრაინის ბოლომდე დაპყრობა, ან ახლა, ან რამდენიმე წელიწადში მაინც.
მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, როგორებიცაა უკრაინის ნატოში გაწევრება, ჯარისკაცები და სამხედრო ანალიტიკოსები – თვლიან, რომ რუსების შეჭრა მათ ტერიტორიებზე ახალი ჯარებითა და აღჭურვილობით გარდაუვალია.

„რუსეთთან სამშვიდობო გეგმა არ იმუშავებს, მათ ამჟამად მშვიდობა არ სჭირდებათ, როგორც ჩანს, მათ სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელის მოწერა არ სურთ. რუსეთს მხოლოდ ხოცვა-ჟლეტა სურს. ამ ეტაპზე უკრაინის შეიარაღებული ძალები კედელია ამ ზომბებსა, ასე ვუწოდებ მე რუს ჯარისკაცებს, და უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას შორის. უკრაინის შეიარაღებული ძალები ახლა მთავარი ბარიერია უკრაინელების მშვიდობიან სამოქალაქო ცხოვრებასა და ჩვენს ცუდ მეზობელს შორის“, – ამბობს „კელტი“, „და ვინჩის მგლების“ ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე.
უკრაინელი ჯარისკაცების თქმით, კიევმა უნდა შეინარჩუნოს საკმაოდ დიდი სამხედრო ძალა, რათა დაიცვას თითქმის 1250 კილომეტრის სიგრძის ფრონტის ხაზი.
„ჩვენი მიმართულებით სიტუაცია მეტ-ნაკლებად სტაბილურია. მტერი ცდილობს, რომ ჩვენი პოზიციები შტურმით აიღოს. ისინი ძირითადად ჩვენში სუსტი რგოლების მოძებნას ცდილობენ, თუმცა ჩვენ ამას დროულად ვამჩნევთ და მათ ვანადგურებთ. მტერს ძალიან დიდი უპირატესობა აქვს ადამიანურ რესურსებში, მაგრამ ბოლო თვის განმავლობაში ჩვენ გავანადგურეთ არა 10-ჯერ მეტი მტერი, ვიდრე დანაკარგები გვქონდა, არამედ შესაძლოა 20-ჯერ, ან 30-ჯერ მეტიც კი. ჩვენ არ შეგვიძლია წინსვლა, რადგან არ გვყავს საკმარისი ხალხი, მაგრამ ხაზს, რომელსაც ახლა ვიკავებთ, საკმაოდ თავდაჯერებულად ვიცავთ და მჯერა, რომ ამის გაკეთება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შეგვიძლია“, – ამბობს სერგეი ფილიმონოვი, „და ვინჩის მგლების” ბატალიონის მეთაური.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ბრძოლა არ შეწყდება, თუ უკრაინა არ გაიყვანს ჯარებს დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიისა და ხერსონის რეგიონებიდან – ოთხი პროვინციიდან, რომელთა უკანონო ანექსირება მოსკოვმა 2022 წლის სექტემბერში მოახდინა.
ამ მომენტისთვის რუსული ჯარები ზაპოროჟიისა და ხერსონის მხოლოდ ნახევარსა და დონეცკის ორ მესამედს იკავებენ.
აშშ-რუსეთის სამშვიდობო გეგმის პროექტი ითვალისწინებდა უკრაინის არმიის შეზღუდვას და კიევის ძალების დონეცკის რეგიონის დანარჩენი ნაწილიდან გაყვანას.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შემდგომში ამ გეგმის გადამუშავებული ვერსია შესაძლოა „შესაძლებელი“ იყოს, თუმცა ჯერჯერობით მაინც გაურკვეველია, თუ რა იქნება საბოლოო დოკუმენტში.

