ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ათიათასობით მოქალაქე გამოვიდა 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის გასაპროტესტებლად. დემონსტრაცია, რომელშიც ძირითადად ახალგაზრდები მონაწილეობდნენ, თავდაპირველად მშვიდობიანად მიმდინაროებდა, თუმცა მოგვიანებით ძალადობაში გადაიზარდა. ფიზიკური დაპირისპირება იყო დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის.
აქციაზე ისმოდა სხვადასხვა საპროტესტო ლოზუნგბები და შეძახილები. დემონსტრანტები მთავრობის გადადგომას ან ბიუჯეტის პროექტის გადახედვას მოითხოვდნენ.
მოგვიანებით, ვითარება დაიძაბა. მომიტინგეების ნაწილმა კოალიციური მთავრობის შტაბ-ბინებისკენ გადაინაცვლა. მათ შენობის მიმართულებით სხვადასხვა საგანი ისროლეს, მათ შორის სკამები. კადრებში ჩანს შეტაკება ნიღბიან მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის, ასევე ცეცხლმოკიდებული ნაგვის ურნები და პოლიციის დაზიანებული ავტომობილები.

ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების – გადასახადების მკვეთრი ზრდის, ასევე წინა დღეებში მსგავსი აქციებისა და პარტნიორების მხრიდან მიღებული გაფრთხილების გამო, 28 ნოემბერს მთავრობამ განაცხადა, რომ 2026 წლის ბიუჯეტის პროექტს უკან გაიტანდა.
მოულოდნელი გადაწყვეტილება მმართველი ცენტრისტული მემარჯვენე პარტიის, GERB-ის ლიდერმა, ბოიკო ბორისოვმა, გამოაცხადა. სახელმწიფო ფინანსებთან დაკავშირებით კონსენსუსის მისაღწევად იგი მთავრობას მოუწოდებს, განაახლოს დიალოგი დამსაქმებლებთან და პროფკავშირებთან.

ბულგარელები ამბობენ, რომ ახალ ბიუჯეტს ეკონომიკური გავლენა ექნება ფიზიკურ პირებსა და ბიზნესებზე. შეშფოთება კიდევ უფრო იზრდება, რადგან ქვეყანა მომავალი წლის დასაწყისში ევროზონაში გაწევრებისთვის ემზადება.

